“მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილია მილიარდ 519 მილიონი ლარი” – ლაშა ხუციშვილი

98
spot_img

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებებზე.

აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული დამხარება თითოეულ ბავშვზე 2020 წელს შეადგენდა 50 ლარს, ხოლო წელს პირველი ივლისიდან მისი ოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი და 200 ლარს შეადგენს. გარდა ბავშვთა დახმარებისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებებისთვის გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. გასულ წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესაბამისად, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემელი იზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების გასაცემელი 20 ლარის ოდენობით; ჯამში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემლებზე 2024 წელს მიიმართება 365 მლნ ლარზე მეტი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარებების ფარგლებში, 2024 წელს, ასევე, იზრდება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოცულობაც.

„საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ძირითადი კატეგორია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრები, ასევე, 9 აპრილს დაზარალებულები არიან. აღნიშნული საკითხი დაყენებულ იქნა ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვისას და გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სუბსიდიის ზრდა. მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო სუბსიდია თანხობრივად დაყოფილია 3 კატეგორიად და მომდევნო წელს დაგეგმილია სამივე კატეგორიის გაზრდა, კერძოდ: 7- ლარიანი სუბსიდია იზრდება 40 ლარამდე; 22 ლარიანი სუბსიდია განისაზღვრება 60 ლარით; 44 ლარიანი სუბსიდია იზრდება 80 ლარამდე.

გარდა ზემო აღნიშნულისა, სოციალური დახმარებების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში პირველადი შეფასებით, ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესყიდული იქნება მათთვის საჭირო საცხოვრებელი ფართები, სადაც ამ ოჯახებს და მათ მცირეწლოვან ბავშვებს, შეეძლებათ ღირსეულ პირობებში ცხოვრება. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 25 მილიონი ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, ხუციშვილმა ჯანდაცვის პროგრამებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება, სადაც 2024 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლეა გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, გაფართოვდება ქრონიკული დაავადებების პროგრამა და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებით; დაიწყება ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, რაც ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა; ასევე, მედიკამენტების მწარმოებლებთან მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში, ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება; გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სრულყოფილ კურსზე ხელმისაწვდომობას; პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა.

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 90 მილიონ ლარზე მეტი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.