Home Blog Page 2026

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი სიმულიანტობს” -გიორგი სააკაშვილი

ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ – ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს , – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ძმამ გიორგი სააკაშვილმა.

მისი  თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ დღეს სასამართლოში იხილა, როდესაც ის სხდომას 7 ნოემბრის საქმეზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო.

“დღეს, რაც ვიხილე, ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს. ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობ, რა მდგომარეობაშია, მაგრამ ვიზუალურად მართლა ძალიან მძიმე სანახავია. მართლაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის ასეთი მიდგომა, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანს. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ – ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს, ყველაფერი თურმე შეთითხნილია. როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება კიდევ ერთხელ შეხედეთ. დარწმუნებული ვარ, სრულიად საზოგადოებამ იხილა დღევანდელო კადრები. მართლა უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ, რომ მიშა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობას ავაცილოთ, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

“ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება” – ლევან დავითაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციებს.
ლევან დავითაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს ოპოზიციის ნაწილი კვალი დაინახა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად დაახლოებულია ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლებასთან.
„სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს. ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია იმიტომ, რომ თქვენ იცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე – ხედავს თუ არა მინისტრი პრობლემას იმაში, რომ Georgian Airways-ს შესაძლოა საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს და ამის შედეგად მას მხოლოდ რუსეთის მიმართულებით შეეძლოს ფრენები, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.
„მოგახსენებთ, რომ ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა საქართველოსთვის, Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის.
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 – წევრმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.

პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა

პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.

დუნია მიატოვიჩმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

საუბარო შეეხო ადამინის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს. აღინიშნა, რომ მიუღებელია ძალადობის და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმა.

“პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი უბრალოდ იშლება” – ზელენსკი

ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო – რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ნახევარი მხარს უჭერდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელსა და გასამხედროებული დაჯგუფების ამბოხებას.

შეგახსენებთ, 24 ივნისს „ვაგნერის“ გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა შეიარაღებული ამბოხება წამოიწყო, რუსეთის ორ ქალაქში, დონის როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი მოიპოვა და მოსკოვისკენ დაიძრა. ამბოხების მცდელობა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმებით დასრულდა, პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მიმავალი დაქირავებული მებრძოლების რაზმები უკან დააბრუნა, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ევგენი პროგოჟინი ბელარუსში გადავიდა.

“მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა” – სააკაშვილი

მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი.

„მინდა ვუთხრა ჩემ მეგობარ უკრაინელებს, მე ვარ უკრაინის საპატიო მოქალაქე, რა თქმა უნდა, ქართველი და ვამაყობ იმ ქართველებით, რომლებიც იცავენ უკრაინას და ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელით, პრეზიდენტ ზელენსკით. დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, ღია მიმართვა რომ იყოს, მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ ეშინიათ იმისა, რომ სააკაშვილს ღიად შეხვდნენ დებატებში, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე ვარ მართალი, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ – თქვენი გზაა სწორი, ეს ჩიხია უბედურება, თუ ჩვენ გვჭირდება სხვა ახალი რაღაც, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს. ნუ ართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თვითონ გააკეთონ არჩევანი, ღია დებატებში შევიდე, ღია თამაშში შევიდე… ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს! ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. ვისაც ეშინია პოზიციის გამოხატვის, მე გეუბნებით, ნუ გეშინიათ ხალხნო, ვერაფერს დაგაკლებენ, თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი მომხრე მყავს პირადად მე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„აპტოსის” ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი – „კოლხიდა 2023″ ჩატარდა

სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანიის – “აპტოსის” ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი – „კოლხიდა 2023″ ჩატარდა.

ღონისძიებამ წელს 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ზე მეტი დელეგატი და 120 საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის წამყვანმა, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ექიმებმა, კომპანიებმა და დარგის წარმომადგენლებმა, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და მიღწევები გაუზიარეს.

კონგრესის მთავარი თემები ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა იყო.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების გარდა, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგის პარალელურად, „კოლხიდამ” წელს მსოფლიოში ცნობილ Thinkin Class-ისა და ESCAD-ის ვორქშოფსაც უმასპინძლა და მონაწილეებს უნიკალური გამოცდილება გაუზიარა.

კონგრესი „კოლხიდა 2023″ მსოფლიოში ცნობილი ფრანგი პლასტიკური ქირურგის Dr. Fournier-ის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპტოსის ძაფებისა და „კოლხიდას” საერთაშორისო კონგრესის განვითარებაში.

თიბისი კომპანია „აპტოსის” ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.

 

R

„პაპუაშვილო, შემომხედე კარგად… ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია“ – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, დისტანციურად ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთვება.

„მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ, თქვენ ევროპარლამენტის წინაშე, ჩემი ოჯახის და ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქეც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია ჩაყენებული..

ესაა, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის, პაპუაშვილო, შემომხედე კარგად ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ინფლაციის შემცირება დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან” – ლევან დავითაშვილი

„საქართველოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მისმა დონემ 0.6% შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს”, – ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ინფლაცია 3%-ზე ჰქონდა დაგეგმილი, წინა თვესთან შედარებით კი ფასების დონე 0.7%-ით შემცირდა.

„საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და ზოგადად, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, რომლებიც უკავშირდებოდა ერთის მხრივ მის მიერ წარმოებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მეორე – კონკურენციის მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა და შესაბამისად, ეს ფასებზე აისახა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ენერგომატარებლებზე , მათ შორის საწვავზე, სურსათის გარკვეულ ჯგუფებსა და მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულიყო”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ცხოვრების დონესთან და აქტუალურია ჩვენი მოქალაქეებისთვის – ოჯახის ხარჯების სტრუქტურაში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, რომელზეც ფასები შემცირდა: მათ შორისაა ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე ფასების შემცირდა დასვენების მიმართულებაზე.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ფასების მცირეოდენი ზრდა ფიქსირდება ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჯამში საბოლოოდ ინფლაციის დონემ თვის ჭრილში 0.6% შეადგინა.

„ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია – ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5%-ია, თუმცა, უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ გამოწვევაა, ზოგიერთ ქვეყანაში კი ორნიშნა ინფლაციაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა. მაგალითად, მაისის თვეში ის თურქეთში 40%-მდე იყო, რუსეთში საკმაოდ შემცირდა – 2.5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში 11.5%-ია, მოლდოვაში – 16%-ზე მეტი, ესტონეთში – 11.3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ.”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, დისტანციურად ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთვება.

როგორც სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა.

“როგორც ვიცი, ტექნიკურად გამართულია ეს საკითხი”, განაცხადა ბექა ბასილაიამ.

“რაც შეიძლება მეტი იარაღი გვჭირდება” – ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) სათაურით „უკრაინის მთავარ გენერალს ვალერი ზალუჟნის ჭირდება ჭურვები, თვითმფრინავები და… მოთმინება“ გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან (ავტორი – იზაბელ ხურშუდიანი, რედაქციის კიევის ბიუროს ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც გენერალი ვალერი ზალუჟნი – უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი ამბობს, კონტრშეტევის სწრაფი წინსვლისათვის მას ყველა სახის იარაღი ჭირდება და რაც შეიძლება მეტი. იგი ამის შესახებ ყველას ეუბნება, ვისაც მოსმენა შეუძლია – თავისი ამერიკელი კოლეგის, გენერალ მარკ მილის ჩათვლით.

„ვაშინგტონ პოსტისადმი“ მიცემულ იშვიათ ვრცელ ინტერვიუში ვალერი ზალუჟნიმ იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინის დასავლელი მფარველები არასდროს არ დაიწყებდნენ კონტრშეტევას ჰაერში უპირატესობის გარეშე, უკრაინას კი დღემდე არ მიუღია თანამედროვე ავიაგამანადგურებლები. ისინი რომ ჰქონოდა, კიევი სწრაფად დაიბრუნებდა რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. ამერიკული წარმოების „ფანტომებს“ (F-16), რომელთა მიწოდება უკრაინას ამას წინათ აღუთქვეს, უკეთეს შემთხვევაში კიევი შემოდგომაზე თუ მიიღებს.

ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის ჯარმა სულ ცოტა იმდენი საარტილერიო ჭურვი უნდა გაისროლოს, რამდენსაც მისი მოწინააღმდეგე ისვრის, მაგრამ ზოგჯერ, შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთის არმიის არტილერიის გასროლები უკრაინისას 10-ჯერ და მეტად აღემატება.

„სწორედ ამიტომ ვბრაზდები, როცა დასავლელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსებისაგან მესმის, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაწყებული კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყოო“, – ამბობს სარდალი. სხვათა შორის, ასევე აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა გენერალს იგი მხედველობაში არ ჰყავს. და მაინც, როცა ასეთი მძიმე სიტუაციაა სამხედრო რესურსების მხრივ, უკრაინის ჯარი ყოველდღიურად მაინც წინ მიიწევს, თუნდაც 500 მეტრით.

„ომი შოუ არ არის“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ თავის კაბინეტში, უკრაინის გენერალურ შტაბში, – „რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონებს დებენ, ან რაღაც ამის მსგავსს აკეთებენ. ჩვენ ვიბრძვით და მიწის ყოველ მეტრს სისხლის ფასად ვიკავებთ“.

„[შეიარაღებით და რესურსებით] სრული მოცულობით უზრუნველყოფის გარეშე გეგმები საერთოდ შეუსრულებელი დარჩება… მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და ვასრულებთ. დიახ, ისე სწრაფად არა, როგორც შოუს მაყურებლებს, მონაწილეებს და დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“.

ბოლო 16 თვის განმავლობაში 49 წლის გენერალი ვალერი ზალუჟნი უდიდესი სირთულის მქონე ამოცანის წინაშე დგას – იგი ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ბევრად ჩამოუვარდება რიცხობრივად უფრო მეტ და უფრო უკეთესი იარაღის მქონე რუსეთის არმიას, რომელიც ამჟამად მისი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული, გასული წლის სექტემბერში განხორციელებული წარმატებული შეტევის მიუხედავად. შარშანდელი კონტრშეტევის წარმატება კი განაპირობა იმან, რომ ჯარი ნატოს სტანდარტებით გაიწვრთნა და თანამედროვე მანევრირებად ძალად გადაიქცა, უარყოფილი იქნა სარდლობის საბჭოთა სტილი და ზედმეტად ცენტრალიზებული სტრუქტურები, რომლებიც 2022 წელს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.

ვალერი ზალუჟნის ყოველდღიურად აწუხებს რთული კითხვები: როდის მისცემენ უკრაინის ჯარს დასავლელი მოკავშირეები იმდენ იარაღს, რამდენიც მას ჭირდება? როდის ექნება უკრაინის არმიას F-16 ავიაგამანადგურებლები? და რამდენად გაუმკლავდება სიძნელეებს მათ გარეშე?

უკრაინელი გენერლის თქმით, მან თავისი წუხილი ამერიკელ კოლეგას, გენერალ მარკ მილის გაუზიარა. იგი აღტაცებულია ამერიკელი მეგობრით და შეუძლია მას საათობით ესაუბროს. „მარკ მილი მთლიანად იზიარებს ჩემს საზრუნავს. ვფიქრობ, მას შეუძლია დამეხმაროს“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი, – „ოთხშაბათს ვუთხარი, თუ რამდენი საარტილერიო ჭურვი გვჭირდება თვის განმავლობაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან მუდმივად კავშირზე ვიყოთ. როცა საჭირო იქნება, მე შემიძლია დავურეკო და ვუთხრა – თუ ამ ერთ კვირაში 100 ათას ჭურვს არ მივიღებ, 1000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპება. წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილზე“.
„მაგრამ მარკ მილი არ წყვეტს, მივიღებთ თუ არა თვითმფრინავებს… უბრალოდ, სანამ დადგენილება იქნება მიღებული, მანამ უამრავი ადამიანი იღუპება. იმიტომ, რომ იქ, „ზემოთ“, საკითხის გადაწყვეტას აყოვნებენ“.

მაგრამ იმ დროს, რა დროსაც უკრაინა ჯო ბაიდენის მიერ დაპირებულ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებს, ფრონტზე სხვა პრობლემა გაჩნდება: ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევი გააფრთხილა, რომ „უკრაინის არმიის მიერ საბრძოლო მასალების ხარჯვის ტემპი ბევრად აღემატება მისი წარმოების მიმდინარე ტემპებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭურვების რაოდენობა, რომლებიც ძალიან სჭირდებათ უკრაინელ არტილერისტებს, შეიძლება უფრო შემცირდეს, ომის გაგრძელების კვალობაზე.

დაგეგმილი კონტრშეტევის წინ უკრაინამ პირველად მიიღო დასავლური საბრძოლო ტანკები, მათ შორის გერმანული წარმოების „ლეოპარდები“ და ამერიკული ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანები. ეს ტექნიკა შეიძლება გამოყენებული იქნას იმ სახმელეთო დერეფნის გასარღვევად, რომელიც მოსკოვის არმიამ ყირიმისა და დონბასს შორის შექმნა. თუ ეს მოხდება, რუსეთი არმია ძლიერ დარტყმას მიიღებს და მისი შესაძლებლობები ძალების აღდგენის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდება.
გერმანული ტანკებისა და ამერიკული ჯავშანმანქანების ფრონტული დებიუტი ივნისის თვის პირველ რიცხვებში მოხდა, როცა კონტრშეტევა დაიწყო. „სამწუხაროდ, მათი ნაწილი უკვე განადგურებულია“, – აღიარებს ვალერი ზალუჟნი, – „ჩვენ ტანკები იმიტომ კი არ მოგვცეს, რომ ისინი აღლუმებზე გამოგვეყენებინა და მათ ფონზე ცნობილ პოლიტიკოსებს და სხვა ცნობად პირებს ფოტოსურათები გადაეღოთ. ტანკები ჩვენ ომში საბრძოლველად მივიღეთ. „ლეოპარდი“ კი ბრძოლის ველზე ლეოპარდი კი არ არის, არამედ სამიზნე, [ამიტომაც მათი დანაკარგები იქნება].

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას ჯერ არ დაუწყია კონტრშეტევის ძირითადი ეტაპი. ფრონტის ხაზზე ჯერ კიდევ არ არიან გაგზავნილნი სპეციალურად მომზადებული ძალები, ხოლო ისინი, რომლებიც იბრძვიან, ძირითადად რუსეთის თავდაცვის სუსტ ადგილებს ეძებენ. იმავდროულად ნელ-ნელა წინ მიდიან და ოკუპირებულ მიწა-წყალს იბრუნებენ. მტრისაგან უკვე გათავისუფლებულია 50 კვადრატული მილის (130 კვ.კმ.) ფართობის მქონე ტერიტორია.

ვალერი ზალუჟი აღნიშნავს, რომ ნატოს სამხედრო დოქტრინა, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთის დოქტრინის ანალოგიურია, სახმელეთო კონტრშეტევის წინ ითხოვს იმას, რომ ჰაერში უპირატესობა არსებობდეს. „უკრაინამ რომელი დოქტრინით უნდა ისარგებლოს? ჩვენ გვეუბნებიან – „ხომ მოგეცით ტანკები, ქვემეხები, საბრძოლო მანქანები, შეგიძლიათ გამოიყენოთ“. მაგრამ თვითმფრინავების გარეშე?“.

ვალერი ზალუჟნის სამეთაურო პუნქტზე ეკრანი აქვს, რომელიც ყველაფერს აჩვენებს, რაც ჰაერში იმყოფება ამ მომენტში – ნატოს ავიაცია უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან, საკუთარი ავიაცია უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსეთის ავიაცია აღმოსავლეთ ფრონტზე. „აი, შეხედეთ. ნატოს იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს დასავლეთ საზღვრებთან მორიგეობით დაფრინავს, ორჯერ აღემატება რუსული ავიაციის რაოდენობას, რომლებიც ჩვენს პოზიციებს ბომბავენ. რატომ არ შეიძლება, რომ ნატომ იმ ავიაციის მესამედი მაინც რომ მოგვცეს?“, – ასეთი კითხვა დასვა ვალერი ზალუჟნიმ საუბრის დროს.

რადგანაც რუსეთს ავიაციის უფრო თანამედროვე პარკი აქვს „სუ-35“ თვითმფრინავების სახით, რომლებსაც გაუმჯობესებულ რადიოლოკაციური მოწყობილობები და რაკეტული სროლის დიდი სიშორე აქვთ, მათ უკრაინის ძველი თვითმფრინავები ვერ შეედრებიან. ამის გამო კიევის სახმელეთო ქვედანაყოფები რუსული ავიაციის სამიზნეები ხდებიან.

„არავინ არ ითხოვს იმას, რომ ჩვენ ხვალვე უნდა მივიღოთ 120 თვითმფრინავი“, – ამბობს გენერალი, – ჩვენ ამდენი არ გვინდა, მთელ მსოფლიოს ხომ არ დავემუქრები…საკმარისი იქნებოდა უფრო მცირე რაოდენობა, მაგრამ ისინი აუცილებლად გვჭირდება. იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს – მოწინააღმდეგე ახალი თაობის თვითმფრინავებს იყენებს. ეს იმას ჰგავს, ჩვენ ახლა მშვილდ-ისრებით შეიარაღებულებმა რომ ვიბრძოლოთ…“.

თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ უკრაინის კონტრშეტევამ პოზიტიური იმპულსი მიიღო „ვაგნერის“ ამბოხების დროს, ვალერი ზალუჟნი ამაში დარწმუნებული არ არის. მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულებმა ბახმუტის დაკავების შემდეგ ბრძოლის ველი დატოვეს: „ჩვენ არაფერი გვიგრძნია, რომ ამით სადმე რუსული თავდაცვა შესუსტდა“.

იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერელთა“ ნაწილი ბელარუსში მოგროვდება (უკრაინელი ოფიცრები აღიარებენ, რომ ისინი ეფექტური და იმავდროულად სასტიკი ბრძოლის ტაქტიკას ფლობენ), ვალერი ზალუჟნის, ალბათ, მოუწევს ფიქრი ახალ საფრთხეზე, რომელიც უკრაინას შეიძლება ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან დაემუქროს.

„ჩვენ შეშფოთების ბევრი მიზეზი გვაქვს, „ვაგნერი“ ერთ-ერთია მათ შორის… ახლა რომ მათზე ლაპარაკი დავიწყო, თავბრუ დამემართება. ჩვენი ამოცანაა ყველაზე უარესი და ყველაზე შესაძლებელი სცენარებისთვის მოვემზადოთ, იმავდროულად კი მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი [ნეგატიური] შედეგები”.

ერთ-ერთი უარესი სცენარი, რომლის განხილვა ვალერი ზალუჟნის მოუწევს, ის საფრთხეა, თუ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარდა ამისა, გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის შესაძლო მოწყობის შესახებ, რადიაციის გაჟონვის საფრთხით – იქ, სადაც ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

დააბრკოლებს თუ არა უკრაინის კონტრშეტევას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული საფრთხე? „ეს მე ვერანაირად ვერ შემაჩერებს“, – ამბობს გენერალი, – ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. რატომღაც ეს სიგნალები გარედან მოდის – „გეშინოდეთ ბირთვული დარტყმისა“. რა ვქნათ, იქნებ ხელები ავწიოთ და ჩავბარდეთ?“.

წყარო