ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

86
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ.

მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.