“ევროპის გაფართოება არის ერთადერთი გზა პუტინის რუსეთის იმპერიული სტრატეგიის საპირისპიროდ”

77
spot_img

ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების იდენტობა ევროპულია, ამიტომ ინტეგრაციის პროცესი ბუნებრივია. მადლობელი ვართ ყველა ევროპელი ლიდერისა და პოლიტიკური ძალისა ევროპარლამენტში, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში მომავალ სრულუფლებიან წევრობას, განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის მოქმედებებზე.

„მივესალმებით უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ საქართველო დღეს ამ დაწინაურებულ ჯგუფში არ არის რიგი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.

ამავდროულად ეს არის ერთადერთი გზა რუსეთის ორბიტისგან თავის დაღწევის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეს ებრძვის უკრაინას, ეხმარება ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ, ამავდროულად ის აგრძელებს ჰიბრიდულ ომს თავის სამეზობლოში, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ანექსიას.

ამის სულ ახალი მაგალითი არის ცხინვალის რეგიონში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საკუთარი სახლისა და ეკლესიის მახლობლად. ამიტომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის მოქმედებებზე და მთლიანობაში ევროპის გაფართოება არის ერთადერთი გზა პუტინის იმპერიული სტრატეგიის საპირისპიროდ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ პირობები და რეკომენდაციები, რომელიც კანდიდატის სტატუსს ახლავს თან, შესასრულებელია და ხელისუფლების ვალდებულებაა რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ეს მოთხოვნები.

„ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია. იქნება ეს სასამართლოს რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თუ მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება.

სხვა შემთხვევაში სტატუსი შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს მხოლოდ შესაძლებლობად, რისი მაგალითებიც საკმაოდ ბევრია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება ადეკვატური კომუნიკაცია და მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულების კუთხით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.