Home Blog Page 2017

“საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი”

„პირველად საქართველოს ისტორიაში და პირველად რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი და ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთი წარმატებული და განვითარებული სათხილამურო კურორტების გევრდით, რომლებიც არის საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში თუ კანადაში,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს გააცნეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილება, რომ  გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

„ეს წარმატება განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: პირველი არის ძალიან წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო მეორე  – ეს არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ გასული წლების განმავლობაში იზრუნა” – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაკურიანში გასული ორი წლის განმავლობაში მოეწყო ისტორიული სათხილამურო ინფრასტრუქტურა – აშენდა ორი ხელოვნური რეზერვუარი, 3 ახალი საბაგირო, 11 სათხილამურო ტრასა და 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ეს ინფრასტრუქტურა დარჩა ბაკურიანს, როგორც სათხილამურო კურორტს და სწორედ ამ ინფრასტრუქტურამ შეუწყო ხელი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ამ ინფრასტრუქტურის არსებობამ განაპირობა, რომ სათხილამურო ფედერაციამ გადაწყვიტა, ბაკურიანში კიდევ 2 მორიგი მსოფლიო თასი ჩაატაროს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და მის პოპულარიზაციას.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო თასს.  ჩვენი გუნდის გამოცდილება, პროფესიონალიზმი გვაძლევს იმის წინასწარ თქმის საფუძველს,  რომ საქართველო იქნება მორიგი წარმატებით გამორჩეული ქვეყანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძლებთ რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო მიმართულების, მათ შორის ჩვენი კურორტების – გუდაურისა და ბაკურიანის ცნობადობა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად პრესკონფერენციაში  მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები – კლაუს ვალდნერი და  უვე ბეიერი მონაწილეობდნენ.

“ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია”-ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე

ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტი რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, არსებული რთული ვითარების ფონზე, ამგვარად არ მოიქცეოდა.

„ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი.
ამ ქალს ბიოლოგიური სამშობლო რომ უყვარდეს, აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად, გრძნობდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ამ ურთულეს დროს ასე მოიქცეოდა?
კიდევ კარგად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამდენი მტრის და აგენტის ხელში.“ – წერს ნინო ფოჩხუა.

“რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი?”- ლადო ბოჟაძე

რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება, კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას.

ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ, რუსეთის ინტერესად აცხადებს, რისი მიზანიც ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებაა.

„რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? როგორ შეიძლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR— გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები) რეკომენდაცია და საერთაშორისო ვალდებულება რუსეთის ინტერესად გამოაცხადო? როგორ და მარტივად, რასაც დაავალებს კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმას იმეორებს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მართვადი მედია, სამოქალაქო სექტორი და ა.შ. ასეთი სახის დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებას მხოლოდ 1 მიზანი აქვს – მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხის ინტერესები, საფრთხე შეუქმნან სტაბილურობას და განვითარებას. საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ასე მთელ მსოფლიოში, ამ ვალდებულების უკეთ შესრულებას ემსახურება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა და აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება 2024 თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობა, ისევე დამარცხდება როგორც 2012 წლიდან ყველა დონის არჩევნებზე!“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

დედაქალაქის მერიამ „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ დააფუძნა

თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფონდის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაა.

„თბილისის ცენტრსა თუ რაიონებში სხვადასხვა ადგილს განვსაზღვრავთ. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები – მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ., სადაც განთავსდება ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ეს ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს. შეიძლება, შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან კიდევ, ერთი წლის განმავლობაში განთავსდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ არტისტების ნამუშევრების გამოფენისთვის პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი შეიქმნება.

„ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ, აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ, შევქმნათ პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი. მინდა, ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ვთხოვო, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, შეხვდით ამ დარგის წარმომადგენლებს, აუხსენით, აღნიშნული პროექტის იდეა რაში მდგომარეობს“, –  აღნიშნა კახა კალაძემ.

“ელენე ხოშტარია წარმატებით იდებს ჯიბეში რუსულ რუბლებს” – დავით მათიკაშვილი

“ფულს რომ სუნი არ ასდის, ამის კარგი მაგალითია ელენე ხოშტარიას შემთხვევა, რომელიც თავგამოდებით ყალბად ცდილობს, ტყუილები შეასაღოს საზოგადოებას და რაღაც რუსულ კვალს ეძებს იქ, სადაც არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სინამდვილეში, ის რუსულ რუბლებს წარმატებით იდებს ჯიბეში, რომელიც მოსკოვიდან ერიცხება. საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად გულწრფელია ელენე ხოშტარია და სინამდვილეში რა მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, მხოლოდ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ენდონ.

მათი ცნობით, უახლოეს მომავალში გამოცდების განრიგი, საგამოცდო ბარათების შესახებ ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გამოქვეყნდება.

„მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ენდეთ. სოციალურ მედიაში 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ნაციონალური მოძრაობისთვის” ლობისტური კომპანიის დაქირავება დამახასიათებელია” – დავით მათიკაშვილი

ტელევიზია ლობისტურ კომპანიას ქირაობს, რომელმაც იმის პროპაგანდა უნდა მოახდინოს, რა უნდა აუხსნას და დაუმტკიცოს საზოგადოებას მაშინ, როცა მათი დამფუძნებელი კეზერაშვილი მხილებულია ევროპელი პენსიონერების ფულის ძარცვაში. ამის საწინააღმდეგო შედეგს როგორ დაამტკიცებს ლობისტური კომპანია, ეს ნამდვილად გასაკვირია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 420 ათას დოლარად დაქირავებულ ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-სთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ლობისტური კომპანიის დაქირავება დამახასიათებელია.

„ცოტა ხნის წინ ვნახეთ, „ნაცმოძრაობა“ როგორ ეწეოდა სააკაშვილის ვითომ ავადმყოფობის პროპაგანდას და ლობისტური კომპანიები სწორედ ამისთვის იყო დაქირავებული. დღეს ტელევიზია, რომელიც აქეთ უნდა იყოს უფლებადაცვით საქმიანობაში და სწორ ინფორმირებას ახდენდეს, ლობისტურ კომპანიას ქირაობს, რომელმაც იმის პროპაგანდა უნდა მოახდინოს, რა უნდა აუხსნას და დაუმტკიცოს საზოგადოებას მაშინ, როცა მათი დამფუძნებელი კეზერაშვილი მხილებულია ევროპელი პენსიონერების ფულის ძარცვაში. ამის საწინააღმდეგო შედეგს როგორ დაამტკიცებს ლობისტური კომპანია, ეს ნამდვილად გასაკვირია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

“ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება უკრაინის სამხრეთს, საფრთხე ექმნება სასურსათო უზრუნველყოფასაც”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“დღეს დილას კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეული დატბორვა მიაღწევს მაქსიმალურ სიმაღლეს, 3-5 დღის განმავლობაში იქნება ტერიტორიები დატბორილი და 10 დღეში კახოვკის წყალსაცავიც გაქრება და მთელი მისი 1 წყლის რეზერვი ჩაიღვრება შავ ზღვაში. კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება!

ცივილიზებული სამყაროს ლიდერებმა რა თქმა უნდა დაგმეს და ტერორისტულ აქტად შეაფასეს რუსეთის ეს ბარბაროსული ქმედება! აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ არ მიატოვებს უკრაინას და აღმოუჩენს მას დახმარებას; ენბისი-ს ცნობით, აშშ-ს გააჩნია სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით მტკიცებულებები, რომ ეს ჩაიდინა რუსეთმა. მოსალოდნელია ამ მტკიცებულებების მალე გამოქვეყნება! დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც ასევე განაცხადა, რომ მი-6 იძიებს ტერორისტულ აქტს და თუკი დამტკიცდა, რომ ეს რუსეთის ჩადენილია, მისი მხრიდან ეს იქნება უკიდურესად მძიმე დანაშაული.

უკრაინას გააჩნია მტკიცებულებები და გენ.პროკურორი უკვე დაუკავშირდა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მტკიცებულებების გადასაცემად და სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. ეს მართლაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულია!

ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება უკრაინის სამხრეთს, მაგრამ საფრთხე ექმნება სასურსათო უზრუნველყოფასაც! უზარმაზარი სახნავ-სათესი ფართობები შეიძლება გაუდაბნოვდეს მომავალი წლისთვის და ხორბლის მოსავალი საგრძნობლად შემცირდეს!

ყირიმის წყლის პრობლემა ისევ მწვავედ დადგა! ყირიმიდან გარბის ხალხი. უზარმაზარი რიგები იყო გუშინ ხიდის მიმართულებით!

ამასობაში, ჩვენებმა: საგრძნობლად გაიუმჯობესეს პოზიციები ბახმუტის ფლანგებზე. უახლოვდებიან კლეშჩეევკას სამხრეთით და იბრძვიან ბერჰივკასთვის ჩრდილოეთით;

არის წინსვლაც ზაპოროჟიეში. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ გარკვევით:

ეს არ არის უშუალოდ ის ფართომასშტაბიანი შეტევა, რომელსაც ელოდება მთელი მსოფლიო! ეს არის საწყის ფაზა, რომლის დროსაც ხდება მტრის სუსტი ადგილების გამოვლენა! 900 კილომეტრიან ფრონტზე ერთიან სატანკო შეტევას ჩვენ ვერ ვნახავთ! მოკლედ, ჯერ მიდის დაზვერვა ბრძოლებით! როგორც ანა მალერმა სწორად განაცხადა, კონტრიერიშის დაწყება ფეისბუქით და ინსტაგრამზე არ გამოცხადდება!

ჩვენებმა გუშინ ერთი ვერტმფრენი კა-52 და ერთი თვითმფრინავი სუ-25 ჩამოუგდეს ტერორისტებს! აგრეთვე, 14 საარტილერიო დანადგარი გაუნადგურეს! ჩვენები ამას როცა ამბობენ, ყველაფერს დოკუმენტირებულად ადასტურებენ ვიდეო და ფოტო მასალებით!

აი, ურდოს სიკვდილის სამინისტრო რომ გამოდის და აცხადებს, რომ გერმანული ლეოპარდები გაანადგურეს, მერე აღმოჩნდება, რომ კომბაინი და ტრაქტორი აუფეთქებიათ ამ მართლა ფარჩაკებს!

პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან კმაყოფილია მოლდოვაში ვიზიტით. მისი განცხადებით, მან ლიდერების მოზრდილი ჯგუფისგან ერთდროულად მიიღო პირობა, რომ უკრაინა მიიღებს ფ-16 ებს. “ტანკებზე როგორც გვიწევდა ყველა ქვეყანასთან ცალ-ცალკე 1-2 ტანკზე ხვეწნა, ასე არ იყო. ბევრი ლიდერი ერთდროულად შეიკრიბა და შევთანხმდით, რომ გადმოგვეცემა ფ-16 ების სოლიდური რაოდენობა. აშშ-სთან ერთობლივი შეთანხმების მერე ეს გამოცხადდება ან რამშტაინზე ან სხვა პლატფორმაზე და მერე დავიწყებთ სწრაფად ინფრასტრუქტურის მოწყობას”. ჩემი ინფორმაციით, ეს იქნება მთავარი ამბავი ლიეტუვაში ნატოს სამიტზე.

გარდა ამისა, ავსტრალიელები აძლევენ უკრაინას 41!!!! ცალ ფ/ა-18-ებს, რომლებიც გამზადებული იყო ჩამოსაწერად მაგრამ გადაწყდა მათი გარემონტება მოდერნიზება და უკრაინისთვის გადაცემა! ჩეხები აძლევენ უკრაინას მთელ თავის მი-24 ვერტმფრენების ფლოტს, ხოლო ტ-64 ტანკებს ერთობლივად გაარემონტებენ უკრაინაში!

გერმანიის რაინმეტალმა დამატებით 20 მარდერის ტიპის ჯავშანმანქანის შეკვეთა მიიღო!

ბულგარეთის ახალმა პროდასავლურმა მთავრობამ ღიად გამოაცხადა, რომ მიაწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას (ჭურვების მარაგია შესავსები).

სერბეთის პრეზიდენტმა!! ალექსანდრე ვუჩიჩმაც კი განაცხადა, რომ აქ #ირაყლი არავინაა! ვიცი, რომ სერბული სამხედრო მასალები და შეიარაღება შეიძლება აღმოჩნდეს სერბული კომპანიების მეშვეობით უკრაინაში! ყველას კარგად გვესმის ყველაფერიო!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო არ გარუსდება 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 70 -ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა – ომის 469-ე დღე

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა, სუმის ოლქში 19 -ჯერ გახსნეს ცეცხლი. რეგიონში 70-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა.

მეორედ დაიბომბა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის ამიაკის მილსადენი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, სოფელ მასიუტივკას მახლობლად მდებარე სატუმბი სადგურის მიდამოში, სულ 6 ფრენა დაფიქსირდა.

ფრონტის ხაზის ეპიცენტრი ისევ დონეცკის ოლქია, სადაც უკრაინული ძალები გააქტიურდნენ და წინ მიიწევენ.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი.

”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს მარცხენა სანაპიროს დატბორვის უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ, მათივე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და ძალების დაზიანების მიუხედავად, ვიდრე უკრაინელებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო დაინტერესებული კაშხლის აფეთქებით და მიუთითა, რომ 80 დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. რუსეთს კი შეეძლო წყალდიდობა დნიპროს გასაფართოებლად გამოეყენებინა და გაერთულებინა უკრაინის კონტრშეტევის მცდელობები ისედაც რთული წყლის ბარიერის გადასწვრივ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსების მიერ შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია და არ გაზრდის ოკუპანტების ამ ტერიტორიაზე დარჩენის შანსებს.

”რუსი ტერორისტების მიერ კახოვკაიას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს. ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს დარჩნენ ჩვენს მიწაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხელისუფლება “ყველა დონეზე” ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად და სასმელი წყლით მათ უზრუნველსაყოფად, ვინც წყალს კახოვკას წყალსაცავიდან იღებდა.

“პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ბანკის საქმიანობას” – “ქართული ოცნება”

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

„რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან.

თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს.

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო.

ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.

ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.

ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival                                                                                                     

8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი – რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.

ცერემონიალის გახსნის პირველ, პანელურ დისკუსიაზე არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი, სატირიკოსი არმანდო იანუჩი, Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა და მონაცემთა ანალიტიკოსი კრისტოფერ ვაილი იმსჯელებენ თემაზე – რა ცვლის დღევანდელ სამყაროს და საით მიდის მსოფლიო“. პანელს მოდერაციას გაუწევს Coda Story-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.

ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან გიორგი გიგაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი და ასევე მუსიკოსი ნადია ბერდი გაუძღვება. გახსნის ღონისძიება გიორგი გიგაშვილის მუსიკალური შესრულებით დასრულდება.

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი 10 ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი – სატირიკოსი, არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის – The Death of Stalin), მარია რესა – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი – ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის – Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა –  Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნიCBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო საბია – Vogue’s 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენიPokémon-ის ხმა, და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაცია: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain.

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

R

“თურქმენეთთან ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში” – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო – ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.  

„განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში – საუბარია იმაზე, რომ მინერალური სასუქებისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთიდან ხორციელდება, გაიზარდოს. ასევე დაისახა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები ორი ქვეყნიდან იმუშავებენ, რათა ეს შეთანხმებები კონკრეტულ შედეგებში აისახოს,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.

კომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობაზე ციფრული დერეფნის განვითარების, აგრეთვე ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.  

სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე თურქმენეთის დელეგაცია მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.