“საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი”

127
spot_img

„პირველად საქართველოს ისტორიაში და პირველად რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი და ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთი წარმატებული და განვითარებული სათხილამურო კურორტების გევრდით, რომლებიც არის საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში თუ კანადაში,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს გააცნეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილება, რომ  გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

„ეს წარმატება განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: პირველი არის ძალიან წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო მეორე  – ეს არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ გასული წლების განმავლობაში იზრუნა” – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაკურიანში გასული ორი წლის განმავლობაში მოეწყო ისტორიული სათხილამურო ინფრასტრუქტურა – აშენდა ორი ხელოვნური რეზერვუარი, 3 ახალი საბაგირო, 11 სათხილამურო ტრასა და 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ეს ინფრასტრუქტურა დარჩა ბაკურიანს, როგორც სათხილამურო კურორტს და სწორედ ამ ინფრასტრუქტურამ შეუწყო ხელი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ამ ინფრასტრუქტურის არსებობამ განაპირობა, რომ სათხილამურო ფედერაციამ გადაწყვიტა, ბაკურიანში კიდევ 2 მორიგი მსოფლიო თასი ჩაატაროს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და მის პოპულარიზაციას.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო თასს.  ჩვენი გუნდის გამოცდილება, პროფესიონალიზმი გვაძლევს იმის წინასწარ თქმის საფუძველს,  რომ საქართველო იქნება მორიგი წარმატებით გამორჩეული ქვეყანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძლებთ რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო მიმართულების, მათ შორის ჩვენი კურორტების – გუდაურისა და ბაკურიანის ცნობადობა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად პრესკონფერენციაში  მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები – კლაუს ვალდნერი და  უვე ბეიერი მონაწილეობდნენ.