Home Blog Page 2013

აშშ-ში, მასობრივი სროლის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სროლის შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა – დაჭრილია 60-მდე ადამიანი.

ტრაგედია მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მათივე თქმით, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა.

დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა – არ გამოირიცხება მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია – მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ქალაქის მერი მოსახლეობას სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 ოქტომბერს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 იქნება გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი იქნება. +22 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

,,ვიღაცას მაინც თვალები აეხილება, რაც ხდება” – ვოლსკი

ვიღაცას მაინც თვალები აეხილება, რა ხდება. მით უმეტეს, რომ სამნიძე წარმოადგენს ოპოზიციის გააფთრებული გუნდის ნაწილს, – ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხათუნა სამნიძეს განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის განცხადება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არ შეცვლის.

„ვერანაირად დაიჯერებს საზოგადოება, რომ შეიცვლება ის მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია. თვითონ კანდიდატის სტატუსის არმიცემისთვის ომიც ხომ ძირითადად იმიტომ არის, რომ ეს არის საჭირო რესურსი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. არჩევნები არსებობს და არჩევნებით უნდა დაძლიო მტერი, მოწინააღმდეგე. მაგრამ სწორედ მტრობაა ის, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენი ე.წ. ოპონენტების გეგმაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,შეცდომა იქნება, თუ ისრაელი ღაზაში მასიურ სახმელეთო ინტერვენციას განახორციელებს”- მაკრონი

შეცდომა იქნება, თუ ისრაელი მასიურ სახმელეთო ინტერვენციას განახორციელებს ღაზაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია ომის კანონებთან.

„საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ აღიარებს ამას მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემის ფარგლებში. მაშასადამე, სახმელეთო შეჭრა, თუ ის მიმართულია ტერორისტულ ჯგუფებზე, რომლებიც მთლიანად იდენტიფიცირებულია, მათი არჩევანია, მაგრამ ისინი თუ გულისხმობენ მასიურ სახმელეთო შეჭრას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ, ვფიქრობ, ეს იქნება შეცდომა და ეს იქნება ისრაელის შეცდომა. ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემასთან, ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალთან და ომის კანონებთან“, – აცხადებს მაკრონი.

,,უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს წლების განმავლობაში”- გიორგი საბედაშვილი

როდესაც უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობიდან გათავისუფლების ინსტრუმენტად ცალკეული პირების, ჯგუფების მიერ წარმოდგება ხოლმე იდეა იმის შესახებ, რომ სწორია საპროტესტო აქციების გამართვა, სახელმწიფო ვალდებულია ოჯახსაც და საზოგადოებასაც გააცნოს, რომ ეს პროცესი საპროტესტო აქციებით და სხვა ტიპის ხმამაღალი რიტორიკით არ გვარდება,”- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

როგორც საბედაშვილმა აღნიშნა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს წლების განმავლობაში აპრობირებული მეთოდებით, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას.

“ბოლო დღეების განმავლობაში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას შესახებ უამრავი რამ ითქვა, გავრცელდა უამრავი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ოჯახის ლეგიტიმური წუხილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პირველ რიგში, რაც უნდა ითქვას არის ის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივ რეჟიმში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო რეჟიმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი და ჩვენ ამ ცხელი ხაზის დახმარებით, კვირაში რამდენჯერმე ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი და მათ ოჯახთან აქვთ კომუნიკაცია. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული სხვა შესაძლებლობების გამოყენებით ხდება ინფორმაციის მიღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასე ვთქვათ, პირველწყაროებიდან, რაც არის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ირაკლი ბებუა. იმიტომ, რომ არ დავაზიანო უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლების პროცესი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რომელსაც არ დაუკლია მცდელობა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. იმისათვის, რომ ეს არ დავაზიანო, მე დეტალებში არ შევალ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახს აქვს ინფორმაცია, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიიდან, პირველწყაროდან. ოჯახს ასევე აქვს საშუალება, თავად უპასუხოს ცალკეულ კითხვებს.

მე, რა თქმა უნდა, დამატებით იმას აღვნიშნავდი, რომ ეს პროცესი არ არის მარტივი. უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წუხილი აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგებია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ როდესაც უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობიდან გათავისუფლების ინსტრუმენტად ცალკეული პირების, ჯგუფების მიერ წარმოდგება ხოლმე იდეა იმის შესახებ, რომ სწორია საპროტესტო აქციების გამართვა, სახელმწიფო ვალდებულია ოჯახსაც და საზოგადოებასაც გააცნოს, რომ ეს პროცესი საპროტესტო აქციებით და სხვა ტიპის ხმამაღალი რიტორიკით არ გვარდება.

ხანდახან გასაოცარია ცალკეული პირების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ როდესაც ხდება ისეთი განცხადებების გაკეთება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების შესახებ, ისეთი რჩევების მიცემა საზოგადოებისთვის, რომელიც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, მათ შორის, ტყვეთა გაცვლის შესახებ იყო საუბარი. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუბარი არის ის, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად დაწყებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, გაგრძელებული სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლით კონფლიქტების საკითხებში: ეუთო, გაერო, ყველა მათგანთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ყოველკვირეული კომუნიკაცია გვაქვს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, საოცარი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის ითქვა, რომ აუცილებელია ვიღაცების დაკავება ჩვენი მხრიდან, შემდეგ ამ ხალხის გაცვლა. აქ საუბარი ეხება უსაფრთხოების გარემოს რეგიონში და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ, როდესაც ამ პროცესში შევდივართ, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს პროცესი მოიტანს თავის შედეგებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მთელი წლების განმავლობაში იმიტომ ირჩევს ამ მშვიდობიან მოლაპარაკებების პროცესს, რომ პირველ რიგში, ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როდესაც საუბრობენ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების ამ აპრობირებული, წლების განმავლობაში დანერგილი პრაქტიკის მიღმა ახალ გამოგონებებზე და ახალ მიდგომებზე, უბრალოდ მაინტერესებს, 2011 წელს უკანონო პატიმრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, 140 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2022 წელს 44 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს 140 უკანონო პატიმარი რა გზებით გათავისუფლდა? რაიმე სხვა ფორმა იქნა გამოყენებული? 2008 წლიდან უკანონო პატიმრობის ყველა შემთხვევა დასრულებული იყო მოლაპარაკებებით და სწორედ ამ ცხელი ხაზით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ეუთოს, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. წლების განმავლობაში რა პრაქტიკაც არსებობდა, იმ პრაქტიკას მივყვებით. ოკუპაციაზე როცა ვსაუბრობთ, აქ სიახლეების შემოთავაზება რა თქმა უნდა მარტივია ტელევიზიით ან ინტერვიუში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამან წლების განმავლობაში აშენებული და შენარჩუნებული მშვიდობიანი პოლიტიკა ისე შეიძლება დააზიანოს, რომ უკან მოსახედი გზაც აღარ ჩანდეს,”- აცხადებს გიორგი საბედაშვილი.

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ინფორმაციის ნაკადში რომ არ დაიბნეთ, მხოლოდ იმას უნდა უსმინოთ, რაც თქვენს საქმიანობას ან ინტერესის სფეროს ეხება. ვარსკვლავების აზრით, ამ დღეს მნიშვნელოვანი სიახლეები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ. საღამოს უწყინარ ხუმრობას შეიძლება ახლობელთან კონფლიქტი მოჰყვეს, ამიტომ ყურადღებით იყავით.

კურო

გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი დაგროვილი საქმეების დასრულებას დაუთმოთ, რადგან სადილის შემდეგ ემოციური ფონი გაიზრდება, რაც კოლეგებთან ურთიერთობაზე აისახება. მოლაპარაკებები და დისკუსიები, თუ შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადეთ, რადგან შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება ვითარება დაძაბოს. ამ დღეს წამოჭრილი პრობლემები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კირჩხიბი

დღის მერე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ – მოსალოდნელია კონფლიქტი როგორც კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანებთან. სავარაუდოდ, დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ამ დღეს ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს.

ლომი

დღის პირველი ნახევარი კომუნიკაციის სიმარტივით და კარგი განწყობით გაგახარებთ. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და ყველა მნიშვნელოვანი დავალება სადილამდე დაასრულოთ. საღამოს სიტუაცია შეიცვლება – შესაძლოა, ახლობელთან ურთიერთობის გარკვევა ან მოულოდნელად მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ.

ქალწული

არ დაგეზაროთ და ყველა საინტერესო იდეა და აზრი, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, უბის წიგნაკში ჩაიწერეთ. მნიშვნელოვანი და რთული საქმეები უმჯობესია დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. საღამოსთვის თქვენი ოპტიმისტური განწყობა შემცირდება. არ არის გამორიცხული სტრესული სიტუაცია, საიდანაც თავის დაღწევა მოგიწევთ.

სასწორი

ამ დღეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოები დილისთვის უნდა დაგეგმოთ. საღამოს მოსალოდნელია ტექნიკური პრობლემები ან რთული საუბარი, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ხვალ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს მაღალი ემოციური ფონია. სავარაუდოდ, დილიდან უამრავი პრობლემის გადაჭრა და ცხარე დებატებში მონაწილეობა მოგიწევთ. ამ დღეს სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი

თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ ეს საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. სადილის შემდეგ გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა და შეთახმების მიღწევა გაგიჭირდებათ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან კამათში ძველი პრობლემები არ გაიხსენოთ

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. ეს კარიერულ წინსვლასა და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. ეცადეთ, მეტი დიპლომატია გამოიჩინოთ და ემოციებს თქვენი ქმედებების გაკონტროლების უფლება არ მისცეთ.

მერწყული

ამ დღეს სასარგებლო იქნება ინტელექტუალური საქმიანობა, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ. დილა ხელსაყრელია ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. საღამოს რთული ან უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ, თუმცა შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

თევზები

უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ ის, რასაც ის გიკარნახებთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის მიღებაზე ღონისძიების დელეგატებს უმასპინძლა

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 25 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის მიღებაზე ღონისძიების დელეგატებს უმასპინძლა.

მისასალმებელ სიტყვაში მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის გამოყოფილი დროისა და ძალისხმევის გამო და წარმატებული, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ლევან დავითაშვილმა ასევე მოკლედ ისაუბრა ფორუმის, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

„წელს ფორუმი მეოთხედ ტარდება კოვიდპანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. წინა სამი ღონისძიების მნიშვნელოვანი გამოცდილების საფუძველზე, გვსურს, პოსტპანდემიური ღონისძიება უმაღლეს დონეზე განვაახლოთ და ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ასევე უფრო ფართოდ – რეგიონისთვის. სულ უფრო რთულად პროგნოზირებად სამყაროში, ჩვენ ვხედავთ სივრცეს პარტნიორობისა და საიმედო მეგობრობისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, 26 – 27 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმს“ 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი დაესწრება 60-მდე ქვეყნიდან. მათმა უმრავლესობამ 25 ოქტომბერს საღამოს თავი მოიყარა მიღების ოფიციალურ ცერემონიაზე, მათ შორის ევროპისა და აზიის ქვეყნების ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და გლობალური ბიზნესსექტორის ლიდერებმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ჩაუღრმავდნენ მიმდინარე მოვლენებს და სამომავლო გეგმებს „შუა დერეფნის“ გასწვრივ, სხვადასხვა სექტორებში, როგორებიცაა – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, კომუნიკაციები და ფინანსური ტექნოლოგიები.

„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს სწრაფი განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძვლების მშენებლობა. ეს ყველაფერი აისახა ბოლო ორი წლის ეკონომიკურ მიღწევებში – ორნიშნა ეკონომიკური ზრდით 2021 და 2022 წლებში, და რეგიონალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობაში. გარდა იმისა, რომ ისტორიულად აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია, საქართველომ გამოავლინა უნიკალური უნარი, მოერგოს მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს და განავითაროს ქვეყანა რეგიონულ ცენტრად, რაც ხელს უწყობს ევროპა-აზიის კავშირების გაძლიერებას და, ასევე, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მოქალაქეების კეთილდღეობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა – საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეფექტიანი საშუალება იქნება ახალი თანამშრომლობის და პარტნიორული კავშირების დასამყარებლად როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის.

შოთა მესხიას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

 

„აბრეშუმის გზის ფორუმთან“ დაკავშირებით, დღეიდან,  27 ოქტომბრის ჩათვლით, შოთა მესხიას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

 

საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იქნება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე არსებულ მონაკვეთში (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისა და შოთა მესხიას ქუჩის კვეთიდან, შოთა მესხიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთამდე).

 

27 ოქტომბრის ჩათვლით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება ინაშვილის ქუჩის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო „ჰელოუინთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან.

ჰელოუინის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმა არსებობს. აშკარაა, რომ მართლმადიდებლებისთვის ეს ღონისძიება (ძნელია დღევანდელ ჰელოუინს დღესასწაული უწოდო) მიუღებელია;

ჰელოუინის ისტორია კარგი ნიმუშია იმისათვის, თუ როგორ შეიძლება კარგი და ღვთივსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და გაიხრწნას;

ჰელოუინთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა არსებობს: საიდან და როდის იღებს სათავეს? რას უკავშირდება მისი სახელი? რას უკავშირდება მისი გარეგნული სახე? როდიდან მიიღო დღევანდელი იერი?

ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულთან სამაინთან. მაგრამ რატომ აქვს მას სხვა სახელი და რატომ, ან როგორ მოედო ზურმუხტის კუნძულის ადგილობრივი მოვლენა IX საუკუნიდან მთელ ქრისტიანულ ევროპას?

ყველაფერი კი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება კარლოს დიდს (742?-814);

თავისი იმპერიის განათლების მცდელობისას კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე, მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;

მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების მატარებელი ირლანდიელები. როგორც ჩანს, სწორედ მათ გადმოიტანეს VIII-IX სს.-ში ირლანდიიდან სამაინი და სხვა წეს-ჩვეულებებიც. უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილი ამ გადმონაშთების მიმართ;

დასავლეთიდან მოსულ ტალღას შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილი ხატთაყვანისმცემელი მიგრანტების ტალღაც. ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით დახუნძლული მართლმადიდებლები გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;

დევნილები რომის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა – რომის პაპებმა შეიწყნარეს: პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად; პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია; ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი – Halloween – All Hallows Eve – ყველა წმინდანის მწუხრი), რომელზეც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით მიემართებოდა ლიტანიობაზე და საზეიმო მსვლელობაზე ტაძრებისა და ქალაქების გარშემო. ეს დღესასწაული საფუძვლიანად დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;

როგორც ჩანს კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა – ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმი (სამაინის ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაული ხალხმა ერთანეთთან დააკავშირა კალენდარული დამთხვევის გამო. ამას დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე, რომელიც 2 ნოემბერს (ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ დღეს) აღინიშნებოდა;

მეორე ათასწლეულის დასაწყისში რომის კათედრა და მის იურისდიქციაში მყოფი საეპისკოპოსოები გამოეყო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსეს. მაცხოვნებელი მადლის გარეშე დარჩენილი საეკლესიო თემისთვის კი რთული იქნებოდა, რომ ამ “შერეულ” დღესასწაულს ქრისტიანული სახე შეენარჩუნებინა;

რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემაც კი გაუქმდა ევროპის დასაველეთისა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;

XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომლებსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიურ-რიტუალური მდგენისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მისი სათნომყოფელების ხატებისა და წმინდა ნაწილების ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება სასუფევლის კარიკატურას – მასკულტურის პერსონაჟებსა და დაცემული ძალების პერსონიფიკაციებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თბილისი “აბრეშუმის გზის ფორუმს” მასპინძლობს

თბილისი სტუმრების დასახვედრად ბოლო შტრიხებზე მუშაობს. მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჩამოსულმა 2000-მა სტუმარმა თავი ერთის მხრივ, სახლში უნდა იგრძნოს, მეორეს მხრივ კი აქ ინვესტიციების ჩადება მოუნდეს. “თბილისის აბრეშუმის გზის” რიგით IV ფორუმი, პანდემიის შემდეგ პირველად ბრუნდება.
აბრეშუმის ფორუმს “გლობალური კარიბჭის ფორუმიდან” პრემიერი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, საქართველომ საკუთარი პოტენციალი მსოფლიოს აჩვენოს.

ბოლო სამზადისი უკვე დაათვალიერა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილი ფორუმის მიმართ გამორჩეულ ინტერესს ნაწილობრივ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობებს უკავშირებს, რის ფონზეც ევროპისა და აზიის ისტორიულ დამაკავშირებელ საქართველოს მსოფლიომ კიდევ უფრო სანდო თვალით შეხედა. ის ფაქტი, რომ სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრები ესტუმრებიან, მისთვის ქვეყნის ნეიტრალურ ნიშას უსვამს ხაზს.

უკვე თბილისშია მონტენეგროს პრემიერიც, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების საკითხში თბილისისთვის ბევრი აქვს გასაზიარებელი. მითუმეტეს ახლა, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელის. დრიტან აბაზოვიჩი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერებთან ერთად, პირველივე პანელს დაესწრება. მათ მოდერატორობას ღიდა ფაქრი გაუწევს. საერთაშორისო ჟურნალისტი ერთ-ერთია, ვინც თბილისმა ამ საქმისთვის BBC-ის, DW-სა თუ BLOOMBERG-ის ჟურნალისტებთან ერთად მოდერატორად მოიწვია.

“აბრეშუმის გზის ფორუმი” პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველომ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე მუშაობა დაიწყო, რითაც ევროპა ელექტროენერგიას მიიღებს. ევროპაც პირველადაა ასე მონდომებული ახალი ენერგეტიკული წყაროების პოვნით. ამიტომ, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო მომენტია ქვეყნისთვის საკუთარი პოტენციალი ბოლომდე წარმოაჩინოს.

ფოკუსში იქნება ტურიზმის სფეროც. კერძოდ ის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ამ სექტორმა ახალი გამოწვევების ფონზე ნავიგაცია. საქართველოსთვის ახლა ერთ-ერთი პირველი ამოცანა მაღალი მხარჯველობის ტურისტების მოზიდვაა

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში სპარსეთის ყურის, თურქეთის, სერბეთის, იაპონიის, უნგრეთის, რუმინეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იღებენ მონაწილეობას. იგეგმება მთავრობათაშორისი მემორანდუმების დადებაც.

,,სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად”-პრემიერი

სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მართლაც პოზიტიური დინამიკაა.

„საერთოდ ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ეს ოპოზიცია. ისინი ამბობენ, თუ მიიღებს სტატუსს ქვეყანა, როგორც ჩანს, მათ იციან, რომ მართლაც რაღაც პოზიტიური დინამიკაა და რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინი არსებობს, თუმცა მე არ მინდა, კიდევ უფრო მეტი ვთქვა. წინასწარ თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვთ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს. უკაცრავად და, ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა. ხალხის დაკვეთა იყო, როცა ჩვენ და მე პირადად, მქონდა ის ბედნიერება, რომ ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოვაწერეთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას და ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რომელზეც ვერ იოცნებებდა ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ. სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისრაელი სახმელეთო შეტევის გადადებას დათანხმდა – The Wall Street Journal

ისრაელი დათანხმდა აშშ-ს თხოვნას დროებით გადადოს ღაზაში დაგეგმილი სახმელეთო შეჭრა, რათა ვაშინგტონს მეტი დრო მისცეს რეგიონში თავისი ჯგუფების დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განსათავსებლად, იუწყება The Wall Street Journal, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ოფიციალური პირების თქმით, აშშ ჩქარობს განათავსოს დაახლოებით ათეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა დაიცვას ჯარები ერაყში, სირიაში, ქუვეითში, იორდანიაში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ასევე ამბობენ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა „მარიონეტებმა“ განახორციელეს მინიმუმ 13 თავდასხმა ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, რის შედეგადაც ერთ თავდასხმაში სულ მცირე 20 ჯარისკაცი დაშავდა სირიაში და 10 ამერიკელი ჯარისკაცი ერაყში. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ყველა მსუბუქად დაშავდა.

„შეერთებულმა შტატებმა მოახერხა და დაარწმუნა ისრაელი, შეაჩეროს ღაზაში შეჭრა ამ სისტემების ამოქმედებამდე, რაც შეიძლება ამ კვირის ბოლოს მოხდეს“, – იუწყება WSJ.