საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

109
spot_img

საქართველოს საპატრიარქო „ჰელოუინთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან.

ჰელოუინის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმა არსებობს. აშკარაა, რომ მართლმადიდებლებისთვის ეს ღონისძიება (ძნელია დღევანდელ ჰელოუინს დღესასწაული უწოდო) მიუღებელია;

ჰელოუინის ისტორია კარგი ნიმუშია იმისათვის, თუ როგორ შეიძლება კარგი და ღვთივსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და გაიხრწნას;

ჰელოუინთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა არსებობს: საიდან და როდის იღებს სათავეს? რას უკავშირდება მისი სახელი? რას უკავშირდება მისი გარეგნული სახე? როდიდან მიიღო დღევანდელი იერი?

ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულთან სამაინთან. მაგრამ რატომ აქვს მას სხვა სახელი და რატომ, ან როგორ მოედო ზურმუხტის კუნძულის ადგილობრივი მოვლენა IX საუკუნიდან მთელ ქრისტიანულ ევროპას?

ყველაფერი კი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება კარლოს დიდს (742?-814);

თავისი იმპერიის განათლების მცდელობისას კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე, მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;

მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების მატარებელი ირლანდიელები. როგორც ჩანს, სწორედ მათ გადმოიტანეს VIII-IX სს.-ში ირლანდიიდან სამაინი და სხვა წეს-ჩვეულებებიც. უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილი ამ გადმონაშთების მიმართ;

დასავლეთიდან მოსულ ტალღას შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილი ხატთაყვანისმცემელი მიგრანტების ტალღაც. ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით დახუნძლული მართლმადიდებლები გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;

დევნილები რომის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა – რომის პაპებმა შეიწყნარეს: პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად; პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია; ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი – Halloween – All Hallows Eve – ყველა წმინდანის მწუხრი), რომელზეც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით მიემართებოდა ლიტანიობაზე და საზეიმო მსვლელობაზე ტაძრებისა და ქალაქების გარშემო. ეს დღესასწაული საფუძვლიანად დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;

როგორც ჩანს კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა – ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმი (სამაინის ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაული ხალხმა ერთანეთთან დააკავშირა კალენდარული დამთხვევის გამო. ამას დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე, რომელიც 2 ნოემბერს (ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ დღეს) აღინიშნებოდა;

მეორე ათასწლეულის დასაწყისში რომის კათედრა და მის იურისდიქციაში მყოფი საეპისკოპოსოები გამოეყო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსეს. მაცხოვნებელი მადლის გარეშე დარჩენილი საეკლესიო თემისთვის კი რთული იქნებოდა, რომ ამ “შერეულ” დღესასწაულს ქრისტიანული სახე შეენარჩუნებინა;

რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემაც კი გაუქმდა ევროპის დასაველეთისა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;

XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომლებსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიურ-რიტუალური მდგენისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მისი სათნომყოფელების ხატებისა და წმინდა ნაწილების ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება სასუფევლის კარიკატურას – მასკულტურის პერსონაჟებსა და დაცემული ძალების პერსონიფიკაციებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.