Home Blog Page 2009

“ილიაუნში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს სიმპატიურ, მომხიბვლელ და გემრიელ ახალგაზრდებს”

„ეს იგივეა, პედოფილიით შეპყრობილი ადამიანი საბავშვო ბაღის გამგედ ან დამრიგებლად მუშაობდეს. ძალიან სახიფათო ტენდენციაა“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ილიაუნის ლექტორის, გიგი თევზაძის განცხადებას: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო.

დავით ქართველიშვილის თქმით, როგორც ჩანს, თევზაძე საკუთარ წინაპრებზე საუბრობს.

„როგორც ჩანს, საკუთარ ნათესავ-წინაპარზე საუბრობს, რაც ძალიან სახიფათო განცხადებაა, ვინაიდან მძიმე გენეტიკური გადახრის მატარებელია. კანიბალიზმით შეპყრობილ ადამიანებს, ჩემი აზრით, უნდა ეკრძალებოდეს ახალგაზრდა პოტენციურ „საკვებთან“ ვიწრო წრეში არაკონტროლირებადი ურთიერთობა, ლექციების წაკითხვა, პრაქტიკული მეცადინეობა და ა.შ.

ეს იგივეა, პედოფილიით შეპყრობილი ადამიანი საბავშვო ბაღის გამგედ ან დამრიგებლად მუშაობდეს. ძალიან სახიფათო ტენდენციაა. მე მგონი, განათლების სამინისტრომ უნდა განიხილოს მისი პროფესიული ვარგისიანობის საკითხი, ხოლო პირადად მას ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა – ის შესაძლოა, იმაზე მეტად ავად იყოს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

მე დარწმუნებული ვარ, IRI-მ ან NDI-მ თავის კვლევებში რომ დასვას კითხვა: „გყავდათ თუ არა წინაპრებში კანიბალები?“ – გამოკითხულთა 99,9% ამ კითხვას უარყოფით პასუხს გასცემს. ასე რომ, მე გამიფრთხილებიხართ – ილიაუნში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს სიმპათიურ, მომხიბვლელ და გემრიელ ახალგაზრდებს!“- წერს დავით ქართველიშვილი.

მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ამ კვირაში შერბილების ციკლის დაწყებაა მოსალოდნელი

აპრილის ინფლაცია თიბისი კაპიტალის საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი და დიდწილად მომსახურების ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა სამიზნეზეა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება. თიბისი კაპიტალი არ ფიქრობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფლაცია ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისათვის ნეგატიურია.

ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, თიბისი კაპიტალის აზრით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს, წლის ბოლომდე კი, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

“„მაისიდან მთავრობამ ადამიანების ყველაზე დიდი ძარცვა დაიწყო”- დავით ჭიჭინაძე

პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბანკების ხელშეწყობით „ადამიანების ძარცვა დაიწყო“.

„მაისიდან მთავრობამ ადამიანების ყველაზე დიდი ძარცვა დაიწყო და რა თქმა უნდა, ბანკების ხელშეწყობით. თითქოს სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღეს, ბანკებს ამხელა მოგება არ უნდა ჰქონდეთო და მოგების გადასახდი გაუზარდეს, რასაც ბანკებმა საპროცენტო განაკვეთის 40-50 %-ის გაზრდით უპასუხეს. ამას ემატება მომსახურების პროცენტები, გაზრდილი საკომისიოები და ფინალში გამოვიდა, რომ ისევ ხალხი იძარცვება და ისჯება. ყველაზე მეტად მაინც ემიგრანტები და მათი ოჯახები იძარცვებიან, მითუმეტეს ხელოვნურად დაწეული ლარის კურსის ფონზე და პენსიონერები. ყოველი ტრანზაქცია ბანკში მათ მინიმუმ 20%-ს ატოვებინებს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო – გიგი თევზაძე

ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის, – წერს სოციალურ ქსელში  ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე.

“ისევ ტრადიციების შესახებ:

ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის:

ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტუალიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია).

ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს.

სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით.” – წერს თევზაძე Facebook-ზე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid06DLC1xdRypQDaDJ7tE8Gou7fWPZ6zqizv2tQoF9EHrcBT7XeCqxAV4raGhTMGZ9vl&id=100086697394019

 

ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023″-ის ფარგლებში, მასპინძლობს ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას „ვარდობისთვე“.

ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე“ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული – უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას.

გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს,  სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას.

ნესტან აბდუშელიშვილი (1989) მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. მისი ძირითადი მიმართულება  ესქპერიმენტული ფოტოგრაფიაა. ხელოვანისთვის არსებითია როგორც გადაღების პროცესი, ასევე ბეჭდვისას სხვადასხვა მასალის გამოყენება, რომლებსაც საბოლოოდ ობიექტებად აქცევს.

ნესტანის ბოლოდროინდელი სოლო და ჯგუფური გამოფენებია:

„ის რაც მიდის და რჩება“, სახელოვნებო სივრცე რაუმი, 2023;

„სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“, ობსკურა, 2022;

‘In the Shoeshop Near the Bakery’, გალერეა 4710, 2022;

„ელემენტი – დავიწყებული გრძნობები“, გალერეა ნექტარი, 2020;

2017-2018 წლებში სწავლობდა  ფოტოგრაფიას  IED მადრიდში.

გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.

 გამოფენის ხანგრძლივობა: 11 მაისი  – 20 ივნისი, 2023

 გამოფენის გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით10:00 – 20:00 სთ.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის 7.

 

R

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ჩვენ უნდა გადმოგვეცეს – დავით არახამია

“სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ჩვენ უნდა გადმოგვეცეს… მას უნდა მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება,” – ამის შესახებ უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ დავით არახამიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

“დიახ მე ვიცი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მათ აქვთ პერსონალური დამოკიდებულება, მას მტრად აღიქვამენ, მაგრამ ახლა საკითხი უკვე პოლიტიკურ თემასაც გასცდა, ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტის სიცოცხლეზე. არ ვიცი სად ხდება ასე კიდევ სხვაგან, ალბათ აფრიკის ქვეყნებში – პრეზიდენტის ციხეში იყოს და ასე ექცეოდნენ, პოლიტიკურის გარდა აქ არის ჰუმანიტარული საკითხი. მას უნდა მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება…

…ეს აზარალებს ურთიერთობებს, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ის ჩვენ უნდა გადმოგვეცეს. თუკი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ მოიხადოს სასჯელი.

მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა. მან თავისი წონის 2/3-ი დაკარგა. ის ცუდადაა, მესმის, რომ მისი პრეზიდენტობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ბევრს უყვარს, ბევრს შეიძლება სძულს, მაგრამ საქმე ამაში აღარაა. კარგი გააკეთა, ცუდი გააკეთა, ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ მან ბევრი გააკეთა. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ის ციხეში მოკვდეს. არა მგონია ბევრმა ქართველმა პირველ რიგში ეს საკუთარ თავს აპატიოს და შემდეგ მთავრობას. ასეთი მთავრობა კი ვეღარასოდეს იქნება სახელმწიფოს სათავეში ამის შემდეგ.

მე რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელი ვიყო, არ დავუშვებდი, რომ პრეზიდენტი სიკვდილამდე მიიყვანონ. ჩვენ აქაც გვაქვს წინააღმდეგობები, პოროშენკოს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია მისი ციხეში ჩასმა და ბარბაროსული მეთოდებით მასთან ბრძოლა”, – ამბობს არახამია.

საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა – შსს

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.

დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში შეამოწმა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 – ბიჭს და 2 – გოგოს.

“რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს”

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებებში ჩინეთის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ახლა, როდესაც ჩინეთი შევიდა მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, წლის ბოლომდე მოლაპარაკებები იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ მოლაპარაკების პროცესებზე და რეალურ მოლაპარაკებებზეც კი. ჩინეთის ხელახალი შესვლა საერთაშორისო სისტემაში მოხდებოდა. ამას საერთაშორისო სისტემიდან ვერ გამორიცხავთ“, – აღნიშნა ჰენრი კისინჯერმა.

“ყველაფერზე იბოდიალა, „ქოლ-ცენტრებისა” და ომის დროს, მისი ძმის სახელით, უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა”- ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ტელეკომპანია „მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც სალუქვაძე წერს, არახამიამ ყველაფერზე ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი თემების გარდა, რაც ე.წ ქოლცენტრების საქმეს და მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე ფართის ქირავნობას ეხება.

„გუშინ არახამიამ ყველაფერზე იბოდიალა, „ქოლ-ცენტრებისა” და ომის დროს, მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე 4 ათას ლარად(?) უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა.

ახლა ჭკუას გვარიგებს დღეს საქართველოს ომი არ აწყობსო. შარშან მარტიდან მოყოლებული იქაური გონჩარენკოები და აქაური ლომჯარიები ვენებს იჭრიდნენ, ცეცხლის წვიმა გვირჩევნიაო, გინდათ თუ არა ოფიციალურად სამხედრო დახმარება გაგვიწიეთო და ა.შ. ვინ იყო ამ ყველაფრის დირიჟორი? ვინ იყო მთავრობების დონეზე ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი?

დღემდე კოლექტიური ხოშტარიები შავ ხვრელებს ეძებენ. არ იციან, რომ (ყველაფერს ვერ დავწერ) ჩვენი საზღვარი 100%-ით გამჭვირვალეა ჩვენი პარტნიორებისთვის?

საკმარისია. არ ღირს უფრო ვრცლად. ათასჯერაა გადაღეჭილი. არახამია არაა უკრაინა, მით უმეტეს არაა საქართველო. არავის სჭირდება მისი დამოძღვრა. დედამიწაზე 8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს. ეს ერთ-ერთია.”- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში

“ყველაზე მძიმე დღეა, სადაც კი დედით წყეული ვაგნერელი იყო, ყველა შესეული ჰყავთ ბახმუტის დარჩენილ ნაწილზე”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“დღეს 8 მაისია! ცივილიზებული სამყარო ფაშიზმე გამარჯვებას ზეიმობს! ფაშიზმის თანამედროვე ვერსია რაშიზმზე გამარჯვება გვეზეიმოს მალე ყველას ერთად!

გუშინდელი ღამე დაძაბული, მაგრამ წარმატებული გამოდგა ჩვენების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეომრებისთვის! 35-დან 35 შაჰედი დრონი ჩამოაგდეს ჩვენებმა! აეგრე! მარტო კიევში 30 შაჰედი ჩამოაგდეს! ოდსაში შაჰედები ჩამოაგდეს, მაგრამ რაკეტა ხ-22 ით ცეცხლი გაუჩნდა კვების მრეწველობის საწარმოს! ჩავაქრეთ! მსხვერპლი არ არის!

“რუსებს ვკლავდით და კიდევ მოვკლავთ ყველგან, უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდე”- გენერალ კირილო ბუდანოვის პასუხი ურდოსტანში მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალის წაყენებაზე! აბბბა რააა! ყველა გონიერი მიხვდება რასაც გულისხმობს სამხედრო დაზვერვის გენერალი!

იმავე ინტერვიუში ბუდანოვი მტკიცებით ამბობს, რომ რუსეთს სერიოზული შეტევის ორგანიზების თავი აღარ აქვს! საერთაშორისო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ თავდაცვით მოქმედებებშიც სერიოზული ხარვეზები აქვს ურდოს!

კლოუნადა გუშინ ცოტა ხნით მორჩა! კუხარკა პრიგოჟინმა, აღარ გავდივართ, დაგვპირდნენ, რომ რამდენიც საჭიროა, იმდენი ჭურვი და იარაღი გვექნებაო! თან ატომური ფიზიკის აკადემიკოსმა დონდონ რამზანკა დიროვმა. ლუი ვიტონის კამუფლირებულ ლუქში კუხარკასთან “გაგებით” პირისპირ ბაასზე ჩასწერა მორიგი ვიდეო! მოკლედ, ეგ მასხრობები იქით იყოს, დღეს ყველაზე მძიმე დღეა! სადაც კი დედით წყეული ვაგნერელი იყო, ყველა შესეული ჰყავთ ბახმუტის დარჩენილ ნაწილზე, ხოლო არტილერია და ავიაცია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რომ ბახმუტის დასავლეთში დარჩენილი 10-15% როგორმე ხვალისთვის დაიპყრონ და გახრწნილ ბოტოქსა პუტლერს ხასიათი აუმაღლონ საცხრამაისოდ! ჩვენი ძალიან მაგარი გენერალი სირსკი ისევ ჩავიდა ადგილზე ბახმუტში და ახალი ბრძანებები გასცა! ცოცხალი ძალის და ტყვია წამლის მიწოდების გზები ჯერ კიდევ არსებობს და მოქმედებს!

ავდეევკის ალყაში მოქცევასაც მაგრამ ჩალიჩობენ და მარინკასაც უტევენ, მაგრამ ბიშტი მაგათ!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის წინააღმდეგ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს – ომის 439-ე დღე

ომის 439-ე დღეს, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს კვლავაც იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტი რჩება, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთი ძალებს არ ზოგავს იმისთვის, რომ ქალაქზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს, უკრაინა კი ცდილობს, ოკუპანტებს ამის საშუალება არ მისცეს. პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.

სარაკეტო დარტყმები დნიპროს, ხერსონის, ხარკოვისა და სუმის დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება. კიევში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

უკრაინელებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერმა კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და ავტომობილები და შენობები დაზიანდა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსებმა ოდესის ოლქს Tu-22m3 ტიპის ბომბდამშენებიდან დაარტყეს. რაკეტები თარხანკუტის ტერიტორიიდან (ოკუპირებული ყირიმი) გაუშვეს. მათმა ნაწილმა სამიზნეს ვერ მიაღწია.