სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ჩვენ უნდა გადმოგვეცეს – დავით არახამია

238
spot_img

“სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ჩვენ უნდა გადმოგვეცეს… მას უნდა მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება,” – ამის შესახებ უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ დავით არახამიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

“დიახ მე ვიცი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მათ აქვთ პერსონალური დამოკიდებულება, მას მტრად აღიქვამენ, მაგრამ ახლა საკითხი უკვე პოლიტიკურ თემასაც გასცდა, ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტის სიცოცხლეზე. არ ვიცი სად ხდება ასე კიდევ სხვაგან, ალბათ აფრიკის ქვეყნებში – პრეზიდენტის ციხეში იყოს და ასე ექცეოდნენ, პოლიტიკურის გარდა აქ არის ჰუმანიტარული საკითხი. მას უნდა მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება…

…ეს აზარალებს ურთიერთობებს, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ის ჩვენ უნდა გადმოგვეცეს. თუკი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ მოიხადოს სასჯელი.

მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა. მან თავისი წონის 2/3-ი დაკარგა. ის ცუდადაა, მესმის, რომ მისი პრეზიდენტობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ბევრს უყვარს, ბევრს შეიძლება სძულს, მაგრამ საქმე ამაში აღარაა. კარგი გააკეთა, ცუდი გააკეთა, ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ მან ბევრი გააკეთა. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ის ციხეში მოკვდეს. არა მგონია ბევრმა ქართველმა პირველ რიგში ეს საკუთარ თავს აპატიოს და შემდეგ მთავრობას. ასეთი მთავრობა კი ვეღარასოდეს იქნება სახელმწიფოს სათავეში ამის შემდეგ.

მე რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელი ვიყო, არ დავუშვებდი, რომ პრეზიდენტი სიკვდილამდე მიიყვანონ. ჩვენ აქაც გვაქვს წინააღმდეგობები, პოროშენკოს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია მისი ციხეში ჩასმა და ბარბაროსული მეთოდებით მასთან ბრძოლა”, – ამბობს არახამია.