ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა თიბისი კონცეპტში

193
spot_img

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023″-ის ფარგლებში, მასპინძლობს ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას „ვარდობისთვე“.

ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე“ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული – უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას.

გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს,  სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას.

ნესტან აბდუშელიშვილი (1989) მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. მისი ძირითადი მიმართულება  ესქპერიმენტული ფოტოგრაფიაა. ხელოვანისთვის არსებითია როგორც გადაღების პროცესი, ასევე ბეჭდვისას სხვადასხვა მასალის გამოყენება, რომლებსაც საბოლოოდ ობიექტებად აქცევს.

ნესტანის ბოლოდროინდელი სოლო და ჯგუფური გამოფენებია:

„ის რაც მიდის და რჩება“, სახელოვნებო სივრცე რაუმი, 2023;

„სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“, ობსკურა, 2022;

‘In the Shoeshop Near the Bakery’, გალერეა 4710, 2022;

„ელემენტი – დავიწყებული გრძნობები“, გალერეა ნექტარი, 2020;

2017-2018 წლებში სწავლობდა  ფოტოგრაფიას  IED მადრიდში.

გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.

 გამოფენის ხანგრძლივობა: 11 მაისი  – 20 ივნისი, 2023

 გამოფენის გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით10:00 – 20:00 სთ.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის 7.

 

R