Home Blog Page 2009

ევროკომისიამ უკრაინიდან ევროპის ხუთ ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა

ევროკომისიამ უკრაინიდან აღმოსავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა. ზომები ეხება მხოლოდ ოთხ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს – ხორბალს, სიმინდის, რაფსს და მზესუმზირას თესლს.

ამ პერიოდის განმავლობაში, უკრაინული ხორბალი, სიმინდი, რაფსი და მზესუმზირას თესლი თავისუფალ მიმოქცევაში იქნება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, გარდა ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთისა.

ამავდროულად, მარცვლეულის ტრანზიტული გადაზიდვა აღნიშნული ქვეყნების გავლით კვლავ შესაძლებელი იქნება.

ზომები ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვები შესაძლოა, 5 ივნისის შემდეგაც გაგრძელდეს.

როგორ ემზადება რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის?

უკრაინის მიერ გაცხადებული კონტრშეტევის მოლოდინში რუსული მხარე მზადებას იწყებს, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფრონტის ხაზებზე ბრძოლის ინტენსივობა შეამცირა, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ანალიტიკოსმა, მაიკლ კლარკმა Sky News-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვით ზღუდეებს აშენებს და შესაძლო უკან დახევისთვის ემზადება.

„მათ [რუსებმა] შეწყვიტეს ინტენსიური შეტევები ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ისინი, სავარაუდოდ, უკან დასახევად ემზადებიან. ზაპოროჟიედან ყირიმისკენ მიმავალ გზაზე ისინი უზარმაზარ თხრილებს ამზადებენ.

რაც შეეხება უკრაინისთვის გადაცემულ იარაღს, ნატოს მონაცემებით მათ უკვე მიიღეს იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის 98%, რასაც დაჰპირდნენ. უკრაინის ჯარს ახლა ჯამში აქვს 230 ახალი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 1 550 ერთეული ჯავშანტექნიკა. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ აღჭურვილობა, მაგრამ საინტერესოა „მოაწყვეს“ თუ არა ისინი ისე, რომ სწორად გამოიყენონ. თუ ისინი [უკრაინელები] ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ მათ ტერიტორიების დასაბრუნებლად საკმარისი ტექნიკა და აღჭურვილობა აქვთ“, – განაცხადა კლარკმა.

„თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ”- პაპუაშვილი უსუფაშვილს

„თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.

„ბატონო დავით, მე აქედან ვერ დავინახე ზუსტად, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენ თქვენს მანდატს თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და თქვენ ქვეყანას თუ მიუდგებით უფრო სერიოზულად და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“ – აჩიკო მეფარიძე სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს, სასამართლოში გამოცხადდა ბრალდებული, რომელმაც მოსამართლის კითხვაზე – ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, განაცხადა – „არა“.

პროკურატურა მომღერალს მოქალაქე ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობის განხორციელებას და მუქარას ედავება.

ლელა ჯუღელი ამჟამად იმყოფება გერმანიაში. ძალადობის აქტის შემდეგ ყური დაუზიანდა და ექიმთან არის ვიზიტზე. მისი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება – ითხოვს მოძალადის უმკაცრეს დასჯას კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დაზარალებულად ცნობილის უფლებადამცველმა.

აქამდე, აჩიკო მეფარიძე სასამართლო სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით არ ესწრებოდა. საქმეზე მომდევნო სხდომა ხვალ არის ჩანიშნული.

აჩიკო მეფარიძესა და ლელა ჯუღელს შორის ინციდენტი თბილისში, 2022 წლის აპრილში მოხდა. ჯუღელის თქმით, ინციდენტის შემდეგ მეფარიძე ავტომობილით დაეწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომღერალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ფიზიკური ძალადობის და 151-ე, მუქარის მუხლებით აქვს წაყენებული. აღნიშნულ ბრალდებაზე მაქსიმალურ სასჯელად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

აჩიკო მეფარიძეს 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

რატომ არ მონაწილეობს საქართველო მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში – თავდაცვის სამინისტრო განცხადება

თავდაცვის უწყება „დამცველი 2023“-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეული საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება „დამცველი 2023“-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით. უფრო მეტიც, ნატო-ს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ, თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი.

რაც შეეხება უშუალოდ სწავლება „დამცველი 2023“-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ რომ, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“, – ნათქვამია აგანაცხადებაში.

„ოპოზიციური სპექტრი რეალურად დიდი ხანია, გასულია პოლიტიკური თამაშიდან” – მეგრელიშვილი

„ამ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრად აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა თუნდაც იმიტომ, რომ შეეფასებინა საკუთარი ძალა, ანუ რა დარჩა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს იქნებოდა ძალიან კარგი საზომი, რომ 2024 წლისთვის თავიანთი მინუსები პლუსებად ექციათ, მაგრამ ვერ გაბედეს და ვფიქრობ, სწორია, რომ ვერ გაბედეს, რადგან ეს მათთვის პოლიტიკური ცივი შხაპი იქნებოდა და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, რომ ისინი არიან პოლიტიკურად გაკოტრებულნი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ არჩევნებმა მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც დაანახა, თუ რა დონეზე არიან პოლიტიკურად, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ოპოზიციას უფრო ზუსტი შედეგის მისაღებად მონაწილეობა მიეღო მასში, მაგრამ ეს ვერ გაბედეს, რადგან წინასწარვე მოელოდნენ უარყოფით შედეგებს.

„ოპოზიციური სპექტრი რეალურად დიდი ხანია, გასულია პოლიტიკური თამაშიდან. მათი დღის წესრიგი ძირითადად არის დესტრუქცია. რატომღაც ისინი უკვე წლებია, ელოდებიან, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია და ამით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც ცალსახად გამორიცხულია, რადგან ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს არ სურს, ამგვარად სიტუაციისა და მმართველობის შეცვლა ქართულ სახელმწიფოში. რაც შეეხება გამოქვეყნებულ კვლევებს, ყველა კვლევამ, რომელიც აქამდე ჩატარებულა და რაც უახლოეს წარსულში ჩატარდა, IRI-ს კვლევამ, შინაარსობრივად მართლაც დაკარგა აზრი, რადგან არჩევნები არის ვარაუდის გარეშე პირდაპირ გამოხატული ნება ამომრჩევლისა, რომელიც გვეუბნება პოლიტიკურ „კი“-ს ან „არა“-ს. აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაანახა ყველას, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, პოლიტიკურად და რა დონეზე არიან. უფრო მეტიც, ამ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრად აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა თუნდაც იმიტომ, რომ შეეფასებინა საკუთარი ძალა, ანუ რა დარჩა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს იქნებოდა ძალიან კარგი საზომი, რომ 2024 წლისთვის თავიანთი მინუსები პლუსებად ექციათ, მაგრამ ვერ გაბედეს და ვფიქრობ, სწორია, რომ ვერ გაბედეს, რადგან ეს მათთვის პოლიტიკური ცივი შხაპი იქნებოდა და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, რომ ისინი არიან პოლიტიკურად გაკოტრებულნი,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ნუგზარ თაბუნიძე -ახალგაზრდა ოქროს ხელებით

ახალგაზრდა ოქროს ხელებით – ხალხურ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის

ნუგზარ თაბუნიძე ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმია, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ხერხემლის დაავადებებით შეწუხებულ ადამიანებს უნიკალური საგვარეულო მალამოთი მკურნალობს და ეფექტური შედეგები აქვს.

თბილისში ნუგზარ თაბუნიძეზე ლეგენდები დადის – მის სამედიცინო კაბინეტში პაციენტები ტკივილით შედიან და გაღიმებული სახეებით გამოდიანო. სწორედ ამიტომაც ის , ჩვენი ლოკალური კვლევების თანახმად, ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს- ქართულ ხალხურ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის და 2023 წლის ამ ნომინაციის მფლობელიც ხდება.

ნუგზარ თაბუნიძე: ,,თაბუნიძეების საგვარეულო მალამო, ოფიციალური წყაროებით, ჯერ კიდევ ერეკლე მეორის დროიდან იღებს სათავეს, თუმცა ეს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული არქივია და არ გამოვრიცხავთ, ჩვენი ოჯახის სამედიცინო ფესვები მანამდეც არსებობდა. უბრალოდ, ჩანაწერები ამ დროიდან მოგვეპოვება.
პაციენტს, რომელიც მომმართავს, შემიძლია მივუდგე ტრადიციული მედიცინით და ასევე, ჩვენი საგვარეულო მკურნალობის მეთოდით. ეს მკურნალობა არის ჩვენი გვარისა და საქართველოს საგანძური – სრულიად ნატურალური, ბუნებრივი და ათეული ბალახისეული შემადგენლობით. ჩვენ მიერ აღნიშნული მალამო ყოველდღიურად მზადდება და მალფუჭებადია, რაც მისი გაყიდვის უფლებას არ გვაძლევს .

როგორც მოგეხსენებათ, მთელი ჩვენი სხეული ხერხემალზე არის აგებული. მისი დაავადებები გადასცემს ტკივილს სხეულის სხვადასხვა წერტილს. შეიძლება, გვტკიოდეს თავი, კიდურები და ეს ტკივილი არ გვაძლევდეს საშუალებას, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ. ცხოვრება კი მოძრაობაა! არანაირი ოპერაცია ხერხემალზე არ გვაძლევს განკურნების სრულ გარანტიას და ამიტომ, ეს მხოლოდ უკიდურესი ეტაპია, რასაც ადამიანმა უნდა მიმართოს. ეს არ არის ახალი დაავადებები. უწინ, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები, ოპერაციების გარეშეც კურნავდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: თიაქარი, რადიკულიტი, დისკოზი, პროლაპსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიასი, მარილების დაგროვება, ჰიგრომა, პოდაგრა, ნერვის ანთება. მეც სწორედ აღნიშნულ დაავადებებს ვკურნავ. ეს გახლავთ ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო კურსი, რომელიც სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვაა. არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროცედურებს, არც დიეტასა და კვების სპეციალურ რაციონს. თუმცა, ზოგადად, სასურველია, რომ ცხიმიან პროდუქტს მოვერიდოთ და ზედმეტი წონა მოვიცილოთ.

ვამაყობ, რომ ამ დარგის და ძირძველი ტრადიციების წარმომადგენელი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ღვთისგან დალოცვილი საქმეა, ამიტომაც მადლობელი ვარ უფლის და მამაჩემის, რომ ამ საქმეს მაზიარა“.

“ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი”- თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით,მისი შვილი “ქოლ – ცენტრის”საქმეს შეეწირა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,თამარ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თავად უთხრა, რომ საქმე “ქოლ – ცენტრს” ეხებოდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

„შეკერილი საქმეა, რა თქმა უნდა. დაწყებიდან გაყალბდა ეს საქმე. ხელახლა გამოძიება მკვლელობაზე უნდა დაიწყოს. რასაც სერგო შუბითიძე იძახის, სიმართლეა. ასეთი ხალხი კიდევ არიან, კიდევ გამოჩნდებიან. ახლა უკვე დაიწყო ეს ტალღა, მოვლენ და მოვლენ.

„ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. ლილუაშვილი კურირებდა. ლილუაშვილი ვის დავალებას ასრულებდა, ეს მერე გამოჩნდება. სუს-მა მომიკლა შვილი, ეს ნაღდია.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, მე ვიცი, რომ ლილუაშვილი კურირებს ამ საქმესო. მამა, რაღაცას მიზამენო ასე იძახდა. ასე უცებ ვერ დავტოვებ ამ სამსახურსო,“ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით კი, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს.
მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

“ნატოს მიერ მიწოდებული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ არსებობს შეზღუდვები იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღი, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით და რომლითაც უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი, არ იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის.

“გაბონის წყლებში, გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს.

როგორც სააგენტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, შემთხვევა 2 მაისს, ღამის საათებში მოხდა.

„სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ამას კონსტიტუციური გადატრიალება, ავტორიტარიზმისკენ სვლა ჰქვია” – ლევან ალაფიშვილი

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

„პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და თავად გახდეს სანქცირების ობიექტი,“ – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, იმ მოვლენების ფონზე, რაც კომისიასთან დაკავშირებით განვითარდა, შეუძლებელია შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს „კლანის“ ნაწილად.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებას ეშინია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს.

„მიზეზი, რის გამოც თქვენ ხელს უშლით საგამოძიებო კომისიის შექმნას, არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას და 50 დეპუტატის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, არის ის, რომ გეშინიათ. გეშინიათ ორი ძირითადი რამის. პირველი იმის, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, გამჟღავნდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს. მეორე, გეშინიათ ასევე იმის, რომ მაღალი ალბათობით გავლენის ჯგუფს სასამართლო სისტემაში შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი რის გამოც თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციის განცხადებებს კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა.

„სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა თუ არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა,“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არის თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, როცა არ ცდილობს საგამოძიებო კომისიის შექმნას ან, როცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს?

აღნიშნულ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა.

„არის უფლებების რანგის საკითხები, რომლებიც კონსტიტუციამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე აქტმა სხვადასხვა სუბიექტებს მიანიჭა, გარანტიები შექმნა. მაგალითად, ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება – რომლებიც კონსტიტუციითაა გარანტირებული და მათი განხორციელება ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა თუ ვინმე დააპირებს კონსტიტუციის გარანტირებული უფლების ჩემთვის და თქვენთვის ხელისუფლებიდან შეზღუდვას, იგი ამაზე პასუხს სხვადასხვა გზით აგებს, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში ან სისხლის სამართლებრივი წესითაც კი. ანალოგიური კატეგორიის გახლავთ, სწორედ, უმცირესობა, პარლამენტის მინიმუმ 50 წევრი, რომლებიც კონკრეტული საკითხის შესწავლით არიან დაინტერესებული. მათ ამის განხორციელება უნდა შეძლონ. ეს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა და ამ პროცესში ხელის შეშლა კონსტიტუციის დარღვევაა.

კიდევ ვიმეორებ, არც პარლამენტის უმრავლესობაზე და არც ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული ამ უფლების განხორციელება. კონსტიტუციაში არ წერია ასეთი რამ, რომ 50 დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის საგამოძიებო კომისიას თუ კანონითაა გათვალისწინებული, ან როგორც პარლამენტი გადაწყვეტსო – არა, წერტილია დასმული. იქ წერია – თუკი აქვთ ინტერესი უნდა შეიქმნასო – ეს გარანტიაა. ასე რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ან ნებისმიერი პროცედურული ქმედებები, რომელიც ამ უფლების განხორციელებას შეზღუდავს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა,“– განმარტავს კონსტიტუციონალისტი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა მმართველი ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ამას არ დაუშვებს.

„მმართველი გუნდი ამბობს, რომ კონსტიტუციას კვლავაც დაარღვევს სხვადასხვა გზითა და საშუალებით. ამით კი ნებით თუ უნებლიედ თვითონ დემოკრატიის, კონსტიტუციის მიღმა რჩება. ამას კონსტიტუციური გადატრიალება, ავტორიტარიზმისკენ სვლა ჰქვია.

სამწუხაროა, რომ ამ პროცესს თვალყურს ადევნებს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი , რომლის ერთი განცხადებაც კი არ მოგვისმენია. შევახსენებ, რომ მას ამ საკითხში ჩარევა შეუძლია, განცხადებით იქნება ეს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით. შესაბამისად, კომპეტენციური დავის ფარგლებში შეუძლია „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, რომელიც ცოტახნის წინ თვითონ უჩიოდა კომპეტენციურ დავაზე, ახლა იქით აგებინოს პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოში. არა იმიტომ, რომ მას პერსონალურად შეეხება ეს საკითხი, არამედ იმისთვის, რომ კონსტიტუციასა და დემოკრატიას ასეთი ქმედებით საფრთხე ექმნება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამაზე ჯერჯერობით დუმს,“– აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.

„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე – კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება, – ლევან ალაფიშვილი გვპასუხობს, რომ „განუსაზღვრელი ვადით შეუძლია ასე მოიქცნენ და დაჩქარებული ტემპით დავუახლოვდეთ ავტორიტარულ რეჟიმს, ჩრდილოეთიდან დაწყებული რომელ ქვეყანას შევადარო არ ვიცი. სამწუხაროა, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაცხადებული გეზი დემოკრატიაა და დღევანდელობაში ასეთი სამარცხვინო, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო საპარლამენტო უმრავლესობა გვყავს,“– აცხადებს ჩვენთან საუბარში ლევან ალაფიშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4911 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4911 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7295 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7449 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0154 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.