„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“ – აჩიკო მეფარიძე სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

172
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს, სასამართლოში გამოცხადდა ბრალდებული, რომელმაც მოსამართლის კითხვაზე – ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, განაცხადა – „არა“.

პროკურატურა მომღერალს მოქალაქე ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობის განხორციელებას და მუქარას ედავება.

ლელა ჯუღელი ამჟამად იმყოფება გერმანიაში. ძალადობის აქტის შემდეგ ყური დაუზიანდა და ექიმთან არის ვიზიტზე. მისი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება – ითხოვს მოძალადის უმკაცრეს დასჯას კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დაზარალებულად ცნობილის უფლებადამცველმა.

აქამდე, აჩიკო მეფარიძე სასამართლო სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით არ ესწრებოდა. საქმეზე მომდევნო სხდომა ხვალ არის ჩანიშნული.

აჩიკო მეფარიძესა და ლელა ჯუღელს შორის ინციდენტი თბილისში, 2022 წლის აპრილში მოხდა. ჯუღელის თქმით, ინციდენტის შემდეგ მეფარიძე ავტომობილით დაეწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომღერალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ფიზიკური ძალადობის და 151-ე, მუქარის მუხლებით აქვს წაყენებული. აღნიშნულ ბრალდებაზე მაქსიმალურ სასჯელად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

აჩიკო მეფარიძეს 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.