უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, კონტრშეტევა ფრთხილად და მეთოდურად იყო დაგეგმილი იმ სამხედრო ლიდერების მიერ, რომლებიც თავიანთ მონდომებას წელიწადზე მეტია, აჩვენებენ.
„ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გააძლიერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის.
„ვაიმერის სამკუთხედის“ წლევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის დახმარების საკითხებზე მსჯელობა იყო. სამმხრივი შეხვედრები გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მონაწილეობით პირველად 1991 წელს გერმანიაში, ვაიმარში გაიმართა. მოლაპარაკების მონაწილეები თავდაპირველად პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას ცდილობდნენ.