კრივი-რიჰზე თავდასხმას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება უკრაინაში ომის 475-ე დღეს

73
spot_img

უკრაინა დონბასის მიმართულებით კონტრშეტევების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს – ეროვნული დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ სოფელში, სტოროჟევოში აღმართეს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელი სამხედროები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობენ. პარალელურად, გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში, მოგვიანებით კი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის სამიზნე კრივი რიჰი გახდა, სადა რუსული რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. ირანული დრონების გამოყენებით, თავდასხმები გრძელდება ხარკოვის ოლქზეც.

რუსული ძალების მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი იუწყება.

მისი თქმით, ქალაქზე იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს.

„განადგურებულია 5-სართულიანი კორპუსი. სამი მცხოვრები დაიღუპა. დაშავებულია 25 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. პირველიდან მეხუთე სართულამდე ბინები იწვის“, – აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს პატიება არასოდეს ექნებათ და ისინი პასუხს აგებენ თითოეულ რაკეტაზე“, – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.