Home Blog Page 1995

“ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან საუბარში ცალსახად დავგმე ტერორიზმი და გამოვხატე სოლიდარობა” – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევთან საუბრისას, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

პრეზიდენტის თქმით, მინისტრთან საუბრისას დაგმო ტერორიზმი და მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა იმედი გამოთქვა.

„ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევს.

ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.

იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

“რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა”

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე განაცხადა.

“რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად – კერძოდ, სირიაში… ყირიმის მიტაცებით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინაში მთელი ევროპის წინააღმდეგ…

24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით რუსეთმა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გარდაქმნა სცადა, და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. აგრესორს ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტებისა და საერქსპორტო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურება სჭირდებოდა, რათა სურსათის გლობალური ბაზარი გაენადგურებინა და ამით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ახალი ქაოტური აფეთქებები გამოეწვია…

და მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოსა და ხალხის, ვისი ქმედებები ეხმარება საერთაშორისო წესრიგის დაცვას და მსოფლიოსთვის მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია მოაქვს. და მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში – თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და მოლდოვას – გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიბოდის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და კავკასიაში ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტ გარანტიას შექმნის,” – განაცხადა ზელენსკიმ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ხელმძღვანელობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც დინამიკურად ვითარდება.

პრემიერ-მინისტრმა სიმონა გრანატა-მენგინის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსტიტუციო და ნორმატიული ჩარჩოს შესახებ კონსულტაციებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფრენდო, კომისიის წევრი ეირიკ ჰოლმოვიკი, სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დიკი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით საქართველო და ევროკავშირი ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ”

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი და შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ ამ პროექტის განხორციელების კუთხით”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დღეს თბილისში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და ევროკომისარ კადრი სიმსონს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართული პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს პროექტი არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის.

„ეს არის ფლანგმანი პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ, ფიზიკურად დააკავშირებს ევროკავშირთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ის მოგვცემს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ინსტიტუციურად ვიყოთ მზად, გვქონდეს წვდომა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ფიზიკური წვდომის პირობებში, გვქონდეს ურთიერთმიმოცვლა და საქართველოში წარმოებული ენერგიის ექსპორტი მოხდეს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც დღეს პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს განახლებად ენერგიებში მოხდეს ინვესტირება – რადგან საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ დაუკავშირდეს მაღალი მსყიდველობითი უნარის, უფრო პროგნოზირებად, სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს.

ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს კეტავს

18 ნოემბერს ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს.

როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.

შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე იმოქმედებს. ფინეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს.

როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ფინეთის მთავრობა რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს.

“ევროპის გაფართოება არის ერთადერთი გზა პუტინის რუსეთის იმპერიული სტრატეგიის საპირისპიროდ”

ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების იდენტობა ევროპულია, ამიტომ ინტეგრაციის პროცესი ბუნებრივია. მადლობელი ვართ ყველა ევროპელი ლიდერისა და პოლიტიკური ძალისა ევროპარლამენტში, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში მომავალ სრულუფლებიან წევრობას, განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის მოქმედებებზე.

„მივესალმებით უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ საქართველო დღეს ამ დაწინაურებულ ჯგუფში არ არის რიგი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.

ამავდროულად ეს არის ერთადერთი გზა რუსეთის ორბიტისგან თავის დაღწევის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეს ებრძვის უკრაინას, ეხმარება ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ, ამავდროულად ის აგრძელებს ჰიბრიდულ ომს თავის სამეზობლოში, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ანექსიას.

ამის სულ ახალი მაგალითი არის ცხინვალის რეგიონში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საკუთარი სახლისა და ეკლესიის მახლობლად. ამიტომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის მოქმედებებზე და მთლიანობაში ევროპის გაფართოება არის ერთადერთი გზა პუტინის იმპერიული სტრატეგიის საპირისპიროდ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ პირობები და რეკომენდაციები, რომელიც კანდიდატის სტატუსს ახლავს თან, შესასრულებელია და ხელისუფლების ვალდებულებაა რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ეს მოთხოვნები.

„ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია. იქნება ეს სასამართლოს რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თუ მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება.

სხვა შემთხვევაში სტატუსი შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს მხოლოდ შესაძლებლობად, რისი მაგალითებიც საკმაოდ ბევრია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება ადეკვატური კომუნიკაცია და მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულების კუთხით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.

რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას -ზელენსკი

რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის და ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია უნდა გააქტიურდეს და გამოცოცხლდეს.

„წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო მისი აგრესია შავ ზღვაში. რუსეთი წლების განმავლობაში იყენებს თავის სამხედრო დასაყრდენს ჩვენს ყირიმში, რათა შეარყიოს სხვადასხვა ხალხის ნორმალური ცხოვრება. რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის… ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში – კერძოდ, სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ… ჩვენ მოვახერხეთ რუსეთისთვის ინიციატივის წართმევა შავ ზღვაში და შევქმენით უსაფრთხოების პირობები, რომლებმაც აიძულა აგრესორი, გაქცეულიყო ზღვის აღმოსავლეთი ნაწილიდან და დაემალა სამხედრო გემები. პირველად მსოფლიოში, შავ ზღვაში საზღვაო უპილოტოების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა დაიწყო მოქმედება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა, როგორც ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რუსეთს არ შეუძლია, გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის… დარწმუნებული ვარ, სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას. შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ბალკანეთისა და ბალტიის ზღვის რეგიონის ზრდის შესაძლებლობებზე. რუსული აგრესიის დაძლევით ჩვენ ვიცავთ ბალტია-შავი ზღვა-აზოვის სივრცისა და მეზობელი რეგიონების ყველა ხალხს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად – მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.

პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.

ესპანეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების 30 წევრი დააკავეს

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

ინფორმაციას ესპანური  მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საპოლიციო ღონისძიებაში ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნაძარცვს საქართველოსა და სომხეთში აგზავნიდნენ.

ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.

ესპანეთის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში მიზნად ისახავს მძარცველების უმსხვილესი ბანდის და ფულის გათეთრების ქსელის დემონტაჟს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. მათ შორის ბარსელონაში, ბადალონაში, ტარაგონაში, ალიკანტეში, მარბელასა და ესტეპონაში. მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.

იმ მისამართებს შორის, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7011 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7011 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7011 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9299 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9314 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პაპუაშვილს მიმართავენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს:

მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა, ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები.

პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია

პარლამენტს უმრავლესობის კვოტით არჩეული ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს – პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერი პოსტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: – ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე. პარლამენტს ასევე ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.

რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.