ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საპოლიციო ღონისძიებაში ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნაძარცვს საქართველოსა და სომხეთში აგზავნიდნენ.
ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.
ესპანეთის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში მიზნად ისახავს მძარცველების უმსხვილესი ბანდის და ფულის გათეთრების ქსელის დემონტაჟს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. მათ შორის ბარსელონაში, ბადალონაში, ტარაგონაში, ალიკანტეში, მარბელასა და ესტეპონაში. მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.
იმ მისამართებს შორის, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.