Home Blog Page 1995

უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ადამიანთა მკვლელობაზე-სვენ მიქსერი

კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. მომხდარი მკვლელობა განსაკუთრებით საზარელი და ოკუპანტების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულია, მაგრამ ეს არ ყოფილა განცალკევებული შემთხვევა. მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და 2008 ში მიიტაცა საქართველოს კუთვნილი ტერიტორია, მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადი იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

„ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, მცოცავ ოკუპაციას, პასპორტიზაციასა და ბორდერიზაციას. დღესდღეობით ევროკავშირის მისია ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. მნიშვნელოვანია მონიტორინგის EUMM -ი უზრუნველყოთ ადეკვატური რესურსით ამ მისიის განსახორციელებლად. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველი იქნება. ვიდრე ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვითხოვთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ადამიანთა მკვლელობაზე. მოვუწოდეთ ევროპულ საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს სია იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ ეფექტიანი მიზანმიმართული სანქციები“, – აცხადებს სვენ მიქსერი.

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური დაიღუპა.

გაფრთხილება 23 ნოემბერს მოსალოდნელ ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

ქართველთა უდიდეს წმინდანს, წმიდა გიორგის, ქართული ეკლესია წელიწადში ორჯერ მიაგებს პატივს.

23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს (ძვ.სტილით 23 აპრილს) წმინდანის აღსრულების დღეს.

წმიდა გიორგის თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.

საქართველოში განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს, რაც მე-18 საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. “არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი, სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”. მართლაც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე წელიწადის დღეების შესაბამისად, 365 სალოცავი აიგო.

ლეგენდის მიხედვით, წმიდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც თავისი სახელების გარდა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ.

ცნობილია, რომ წმიდა გიორგი და წმინდა ნინო ნათესავები იყვნენ. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში მხედრად განწესდა.

ახოვანმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდება უბოძა. თუმცა კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას.

წმინდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება:

“მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის”.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, ქრისტეს განსდგომოდა და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, რაზედაც მოწამე პასუხობს: “ჩემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”.

რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგის სასტიკად აწამებდნენ. თუმცა სასაწაულებრივი ძალით მისი ყველა იარა მთელდებოდა. საბოლოოდ იმპერატორმა მისთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა. დასჯის წინ წმიდა გიორგიმ შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს.

წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს.

ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული პალესტინის ქალაქ რამლაში დაკრძალეს, კონსტანტინე დიდი მეფობის დროს კი წმიდანის სახელზე აშენებულ დიდი ტაძარში გადაასვენეს, ქალაქ ლიდიაში.

წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.

 

აღფრთოვანებული ვარ ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი მონდომებითა და გადაუდებლობის გრძნობით!”- გერტ იან კოპმანი

ვროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბარს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

“მართლაც შესანიშნავი საუბარი გვქონდა. აღფრთოვანებული ვარ ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი მონდომებითა და გადაუდებლობის გრძნობით!” – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

 

,,აქ არ არის ლაპარაკი თემურ ალასანიაზე. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიცია,”- ვოლსკი

აქ არ არის ლაპარაკი თემურ ალასანიაზე. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიცია, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ თემურ ალასანიას განცხადების შეფასებისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოსაზრებით, ამ „სკანდალური განცხადების“ ადრესატები არიან ისინი, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

„უკრაინის მხარდაჭერა ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოიხატება იმაშიც, რომ შეაშველონ მას კიდევ ერთი, დამატებითი ფრონტი. ამაზე უკვე ღიად დაიწყო ლაპარაკი. კი, [ალასანია] ჭკუის დამრიგებელიც არის, შეიძლება ტონის მიმცემიც არის, მაგრამ ეს არ არის ტონის მიცემისთვის გაკეთებული განცხადება. ეს არის წინასწარ მოლაპარაკებული პოზიცია, რომ „ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა გულისხმობს იმას, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება“. იმაზე ხომ არ არის მართლა ლაპარაკი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და აფხაზებს, რომლებიც ცოტანი არიან დარჩენილი ტერიტორიაზე, შიშის ზარი დასცეს? საუბარია იმაზე, რომ გალაშქრება გამოიწვევს რუსეთისთვის დამატებითი პრობლემის შექმნას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იღბლიანი დღეა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან. კარგად გააზრებული დღის გეგმა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ თქვენი პიროვნული ხიბლი სწორად გამოიყენოთ და ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანსაც კი დაარწმუნებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ.

კურო

ამ დღეს ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ – გამორიცხული არ არის, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფინანსური სირთულეები შეგექმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ ფულის სესხად აღებისგანაც და მიცემისგანაც. იდეა, რომლის განხორციელებაც გსურთ, ჯერ კიდევ უნდა დაამუშაოთ.

ტყუპები

ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ სხვა ადამიანები თქვენზე. ავტორიტეტულმა აზრმა ან კონსტრუქციულმა კრიტიკამ შეიძლება მუშაობის უფრო ეფექტიანი მეთოდებისკენ გიბიძგოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

კირჩხიბი

აუცილებელი არ არის საკუთარი მიზნისთვის ყველაფერი გაწიროთ. უბრალოდ, ეცადეთ ნაკლები იაქტიუროთ და სიტუაციას „გარედან“ შეხედოთ. 23 ნოემბერს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. საყვარელი ადამიანების რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება სთხოვოთ.

ლომი

ძველი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყოთ და საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

ქალწული

ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ძველი პრობლემები საბოლოოდ დაასრულოთ და აღარასოდეს დაუბრუნდეთ. სანამ ამ პრობლემას არ გაუმკლავდებით, მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება უკიდურესად რთული იქნება. ეცადეთ, სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

სასწორი

დღეს სასწორს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელის – სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. შეგიძლიათ ხელსაყრელი გარემოებებით ისარგებლოთ და თამამად დაიწყოთ რთული პროექტი, რომელიც ადრე გაშინებდათ. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი

რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა – განწყობა სწრაფად იცვლება და მარტივი საკითხების მოგვარებაც კი დროში ჭიანურდება. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ, რათა ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. თუ აუცილებელი არ არის, შოპინგისგან თავის შეკავება ჯობს.

მშვილდოსანი

დილიდან უმიზეზო შფოთვას ებრძვით – მცირე პრობლემებიც კი ძალიან რთული გეჩვენებათ და საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ და ჯერჯერობით, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

თხის რქა

დაძაბული დღეა. სიჩქარის ან უყურადღებობის გამო შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების აღებას. სჯობს, საკუთარი ვალდებულებები მშვიდად შეასრულოთ და საღამოს განმარტოებით დაისვენოთ. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ, რას სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ დაგეგმილი იდეის განხორციელებისთვის. საყვარელი ადამიანების რჩევა პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დაგეხმარებათ. მოერიდეთ დაუფიქრებელ შესყიდვებს, რათა ფულის სესხება არ მოგიწიოთ. გირჩევთ, საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და იმპულსურად არ იმოქმედოთ.

თევზები

გაძლიერებული ემოციური ფონი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. გარშემომყოფების უწყინარ შენიშვნასაც კი შეიძლება ურთიერთობების გარკვევა და კონფლიქტი მოჰყვეს. უმჯობესია, დღის უმეტესი ნაწილი მარტომ გაატაროთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. წლის ბოლომდე სულ ცოტა დრო დარჩა, ამიტომ ეცადეთ უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ.

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 25 ნომბრის ღამეს ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება – იმატრა, კუუსამო, ნიირალა, ნიუიამაა, სალა, ვაალიმა და ვარტიუსი.

ფინეთ-რუსეთის საზღვრის კვეთის მხოლოდ ერთი პუნქტი რაია-იოოსეპი იმუშავებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ.

ცნობისთვის, აღნიშნული სასაზღვრო პუნქტი გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას მდებარეობს და დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მუშაობს.

,,ჰეზბოლას ისრაელზე თავდასხმამ შესაძლოა, ლიბანში ომს გამოიწვიოს”- ელი კოენი

„ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელს სხვა ფრონტის გახსნის ინტერესი არ აქვს.

„ისრაელს არ აქვს ინტერესი სხვა ფრონტის გახსნის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, განვაგრძოთ მსგავსი თავდასხმების მოთმენა. საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა 1 701 რეზოლუციის სრულად განხორციელება, რათა თავიდან აიცილოს ომი ლიბანში“, – განაცხადა კოენმა.

,,ამ მანიფესტზე ხელმოწერა გამიჭირდება” – ქამადაძე

„ამ ქვეყანაში, ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ, მათ შორის, გახარიასთანაც”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ  მედიასთან განაცხადა.

„მზად ვარ მნიშვნელოვანი ორმხრივი კომპრომისებისთვისაც, თუ გვეცოდინება, საბოლოო ჯამში, რისთვის ვდგავართ ერთად და რას ვაკეთებთ“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

რაც შეეხება, სააკაშვილის მანიფესტზე ხელმოწერას ქამადაძის თქმით ის ხემოწერას არ აპირებს.

,,მე, ზუსტად იმ პრობლემების გამო, რაზეც ვისაუბრე, მე ძალიან გამიჭირდება ამ მანიფესტს ხელი რომ მოვაწერო” – განაცხადა ქამადაძემ

„ლელო“ გაძლიერებას მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში აპირებს”- ირაკლი კუპრაძე

მამუკა ხაზარაძის განცხადება და „ლელოს“ პოზიცია, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ არ არის მიხეილ სააკაშვილისადმი პასუხი. ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ იმ ძალადობაზე პასუხი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც განმარტა თუ რას ნიშნავს „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული „პოსტი“ – „შუა უნდა შეიკრიბოს!!!“.

მისი თქმით, შუა არ გულისხმობს ორ პოლუსს. „როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი შეტევა ქართულ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე. ივანიშვილს უნდოდა ამ ქვეყანაში მომხდარიყო მაქსიმალური პოლარიზება და მოპასუხედ დარჩენოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ამან რა შედეგი მოიტანა ვნახეთ 2020 წლის არჩევნებზე.

შუა არ გულისხმობს ორ პოლუსს. ორი პოლუსის შემადგენელი ნაწილია ერთ მხარეს – „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა.

 

ალტერნატივა არის გამოსავალი და შუა უნდა შეიკრიბოს“, – განაცხადა კუპრაძემ. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანია პოლარიზება. „რატომ გვეძახიან „ლელოს“ „ნაცებს“? იმიტომ, რომ უნდათ აფილიაცია გააკეთონ, არადა განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

რა მიზანიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არის პოლარიზება. თუ გინდა სიკეთე მოუტანო ამ ქვეყანას, უნდა გააკეთო საწინააღმდეგო. საწინააღმდეგო არის ის, რომ დღეს შუა შეიკრიბოს და ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიაზე მზაკვრული ძალადობის განხორციელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“,- განაცხადა კუპრაძემ. კითხვაზე, ხედავს თუ არა „ლელო“ გარკვეულ იდეურ თანხვედრას რომელიმე პარტიასთან, კუპრაძე პასუხებს, რომ „ლელო“ აპირებს, რომ გაძლიერდეს მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში.

თუმცა, 2024 წლის არჩევნებში „ლელო“ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს, მხოლოდ, ხმების დაცვის პროცესში.

,,ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ახალგაზრდების დიდი წვლილია და რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, “ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას”.

,,ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით, რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში ვართ.

მართალია, ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვიყავით, როცა კომისიამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის პირველი ასეთი გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი უკვე გამყარებული და გადაწყვეტილია. ამიტომ თქვენი მობილიზაცია აუცილებელია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება უშუალოდ მთავარი გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოს 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება და მგონი, რომ იმის ძალიან დიდი შანსია, მაგრამ არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ. მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, არც მე და არც თქვენ.

თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა!

სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია! ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას.

მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა – არ არის სწორი.

ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ, ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ რომ იბრძოლოთ.

მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა დავიწყო ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ, ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ. აქ მე მგონი 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვენენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერისტეტის და აქ, 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც, პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო – ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არც 15 დეკემბერს არ მთავრდება ეს გზა. 15 დეკემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის გადამწყვეტი, მაგრამ მერე იწყება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს.

აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია, სადაც ამ საშუალებას დიდი ალბათობით მისცემენ უკრაინას და შესაძლებელია, მოლდოვას უკვე დეკემბერში, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის.

მაგრამ ეს არის ის გზა, რაც სამივე ქვეყანამ უნდა გაიაროს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან სამივე ქვეყანას დაახლოებით იგივე გამოწვევები აქვს, ჩვენ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ცხადია, უკრაინა ბევრად რთულ ვითარებაშია, ვიდრე მოლდოვა, ან საქართველო, მაგრამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაკლებად მძიმე სიტუაციაა და დრო არ ითმენს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, (რეალურად არ ჩანს, რომ ვინმეს რამე რეალური სტრატეგია გააჩნია), რეალური გამოსავალი ასევე ევროპაა, ევროპასთან მიერთება და ევროპის გზის გახსნაა. ეს ასევე, მათი გზაა თავისუფლებისკენ და ევროპის ამ გზაზე ჩვენგან უნდა გავიდნენ, ცხადია სხვა საშუალება არ აქვთ.

ამიტომ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, ყველანაირი თავისუფლება, ყველანაირი უსაფრთხოება: დაწყებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებით, ძალადობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვით – ეს ყველაფერი დევს იმ რეკომენდაციებში, დევს იმ შესასრულებელ ნაბიჯებში, რაც ევროპამდე მიგვიყვანს.

არ არსებობს არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის არ არის საჭირო და რომ იყოს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვინდა, ვერავინ გვაიძულებს და არავინ არ უნდა გვაიძულოს. მე ვფიქრობ და საერთოდ ეს არის ჩემი მიდგომა, რომ ბევრად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი ამ პროცესში.

ანუ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ეს უნდა იყოს თანასწორი და ამის ყველა საშუალება არსებობს, თუ ჩვენ ვიქნებით ჩართულნი, თუ ჩვენ გვეცოდინება რეალურად რა გვინდა და არ დაველოდებით, რომ ვიღაცამ გვითხრას:- რა გვინდა და რა არ გვინდა. ამიტომ, საზოგადოება ამ შემთხვევაში, ამ ყველაფრის მთავარი აქტორია და საზოგადოება, პირველ რიგში, თქვენ ხართ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ყველაზე აქტიური, ყველაზე დინამიური ნაწილი თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას აიღებთ თქვენ თავზე.

თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს.

ვიცი, ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი თავი სადღაც მონახოს, თავისი პერსპექტივა, თავისი თავი განავითაროს და ცხადია, ხშირ შემთხევვაში, ეს ხდება იმით, რომ უნდა გახვიდე საზღვარგარეთ, იქ მიიღო მეტი განათლება, მეტი გამოცდილება – ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ადგილი, თქვენი იმედი და თქვენი პერსეპქტივა ამ ქვეყანაში არ არის.

იგივეს ვიტყვი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ არ არიან და დღეს სწავლობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ, ან დღეს წასულები არიან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხოეთში, მათი მომავალიც აქ არის, სადაც თქვენ ყველაზე უფრო დაფასებულები იქნებით, მე არ ვამბობ, რომ დღეს ხართ, მაგრამ სადაც ყველაზე უფრო დაფასებული, ყველაზე უფრო საჭირო იქნებით არის თქვენი ქვეყანა. დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენ ადგილას. ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია.

მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის მიმართვის ტექსტსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

,,სამწუხაროა, რომ ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა გვერდი აუაროს, რეალურ პრობლემატიკაზე საუბარს”- ბაჩო დოლიძე

გვექნება კონსულტაციები და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ აწერს და ვინ არ აწერს ხელს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ აპირებ ხელისუფლების, ძალაუფლების ცვლილებას, რას სთავაზობ ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა გვერდი აუაროს, რეალურ პრობლემატიკაზე საუბარს.

„ჩვენი შეთავაზება, რომელიც ორი კვირაა, საჯაროა და 40 000 ადამიანი აწერს ხელს, საერთოდ იგნორირებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა გვერდი აუაროს, რეალურ პრობლემატიკაზე საუბარს, თორემ პუნქტებს რომ მივყვეთ, რა ჯობია 11 თუ 13 პუნქტია ჩამოთვლილი, საწინააღმდეგო რა გაქვს, მაგრამ, რეალურად, ეს რომ პრობლემას არ აგვარებს, ამაზეა საუბარი. სულ ახლახან გავეცანით შინაარსს, გვექნება კონსულტაციები და მერე უკვე ყველანი ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ აწერს, ვინ არ აწერს ხელს, მაგრამ ხელის მოწერა, თუ არ მოწერა არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია როგორ აპირებ შენ ხელისუფლების, ძალაუფლების ცვლილებას, რას სთავაზობ ხალხს. ჩვენ გვჭირდება პარტია, რომელიც უსმენს ხალხს. ისე გამოვიდა, რომ 40 000-მა ადამიანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც საერთოდ ნახსენები არ არის. ასე რომ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები და ინდივიდუალურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მისვლა არ მგონია, სწორი იყოს, მხოლოდ დისონანსს თუ გამოიწვევს ჩვენი მისვლა, რადგან მარტო მე რომ გადავწყვიტო ან ჩემმა მეგობარმა მისვლა, არ გამოვა. ბევრი ადამიანი გამოგვყვება და ნამდვილად არ მსურს, რაღაც კონკრეტულ ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებულია ახალი მენეჯმენტის მხრიდან, გაუგებრობის შტრიხები შევიტანო. (მელია) თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე ჩემზე შემიძლია, გითხრათ, არ მგონია, მიზანშეწონილია მისვლა იქ, სადაც შეიძლება, რაღაც დისონანსი შევიტანო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.