მამუკა ხაზარაძის განცხადება და „ლელოს“ პოზიცია, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ არ არის მიხეილ სააკაშვილისადმი პასუხი. ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ იმ ძალადობაზე პასუხი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც განმარტა თუ რას ნიშნავს „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული „პოსტი“ – „შუა უნდა შეიკრიბოს!!!“.
მისი თქმით, შუა არ გულისხმობს ორ პოლუსს. „როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი შეტევა ქართულ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე. ივანიშვილს უნდოდა ამ ქვეყანაში მომხდარიყო მაქსიმალური პოლარიზება და მოპასუხედ დარჩენოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ამან რა შედეგი მოიტანა ვნახეთ 2020 წლის არჩევნებზე.
შუა არ გულისხმობს ორ პოლუსს. ორი პოლუსის შემადგენელი ნაწილია ერთ მხარეს – „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა.
ალტერნატივა არის გამოსავალი და შუა უნდა შეიკრიბოს“, – განაცხადა კუპრაძემ. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანია პოლარიზება. „რატომ გვეძახიან „ლელოს“ „ნაცებს“? იმიტომ, რომ უნდათ აფილიაცია გააკეთონ, არადა განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
რა მიზანიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არის პოლარიზება. თუ გინდა სიკეთე მოუტანო ამ ქვეყანას, უნდა გააკეთო საწინააღმდეგო. საწინააღმდეგო არის ის, რომ დღეს შუა შეიკრიბოს და ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიაზე მზაკვრული ძალადობის განხორციელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“,- განაცხადა კუპრაძემ. კითხვაზე, ხედავს თუ არა „ლელო“ გარკვეულ იდეურ თანხვედრას რომელიმე პარტიასთან, კუპრაძე პასუხებს, რომ „ლელო“ აპირებს, რომ გაძლიერდეს მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში.
თუმცა, 2024 წლის არჩევნებში „ლელო“ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს, მხოლოდ, ხმების დაცვის პროცესში.