Home Blog Page 1992

“ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება” – ხალხის ძალა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვხატოთ აღშფოთება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და არის იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც პრინციპულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა.

ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის – ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ყველას გვახსოვს გზავნილი – ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ. აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.

შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

“აფხაზეთი კავკასიის ნაწილია” – ასლან ბჟანია

აფხაზეთის კავკასიის განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

ბჟანიამ ამის შესახებ რუსეთის ქალაქ მინერალნიე ვოდიში განაცხადა, სადაც საინვესტიციო გამოფენა მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს საერთო საინვესტიციო სივრცე, სადაც მსგავსი წესები მოქმედებს. ამიტომ ჩვენი დელეგაცია დღეს აქ იმყოფება და მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ“, – განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამ განაცხადა, რომ არსებობს საავიაციო მიმოსვლის აღდგენის პროექტი, რისთვისაც სოხუმის აეროპორტის აღდგენა უნდა დაიწყოს. ასევე მან ოკუპირებული რეგიონის გაზიფიკაციის და ტურიზმის განვითარების იმედი გამოთქვა.

ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს – ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ვამბობ: – მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

აქვე სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პიროვნულ შედარებას არ აკეთებს, რადგან არც კალაძეა ბეთჰოვენი და არც სიმონიანი – ჰიტლერი.

„მარგარიტა სიმონიანის განცხადებების კომენტირება არც აქტუალურია და არც ჩემი მოვალეობაა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე არც ვადევნებ თვალს მის განცხადებებს – თვალს მარტო იმ თვალსაზრისით ვადევნებ, რომ მხოლოდ ინფორმაცია მქონდეს. სხვა მხრივ, ინტერესი არ მაქვს. არ მგონია, რომ კომენტარების გაკეთება დიდად აუცილებელი იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება „ფეისბუკის“ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ “ამ ვითარებაში საქართველო განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა – ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს”.

როგორ ეხმაურება უცხოური მედია „ნაპოლის“ ჩემპიონობას

„ნაპოლის“ ჩემპიონობას მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები გამოეხმაურნენ. დიეგო არმანდო მარადონას ეპოქის შემდეგ ნეაპოლელებს ტიტულის მოსაპოვებლად 33 წელი დასჭირდათ. სამხრეთ იტალიური კლუბის წარმატება ისეთ მოვლენაა, რომელიც ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე აღნიშნეს.

„ნაპოლის“ დიდი გამარჯვება მსოფლიომ დადებითად შეაფასა.

Guardian – „არასოდეს დანებდე“

„ყოფილმა აუტსაიდერმა „ნაპოლიმ“ ისევ დიდების მწვერვალს მიაღწია“.

Clarin – “ნეაპოლელები სკუდეტოს მოგებას ზეიმობენ“

„სიზმარი, რომელიც პირველად რეალური მარადონას წყალობით გახდა. ახლა ნეაპოლელები მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მესამე სკუდეტოს ზეიმობენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შესაძლებელი სწორედ დიეგოს გამო გახდა“.

L’Equipe – „ნაპოლის“ აღდგომა“

„„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33 წლის შემდეგ ისევ მოიპოვა. 1987 – 1990 – 2023“.

BBC – „ლოდინის 33 წელი“

„ნეაპოლელებმა ბოლოს ჩემპიონატი 1990 წელს მოიგეს. ადრე ეს მოახერხა გუნდმა, რომელსაც დიეგო მარადონა ლიდერობდა“.

El Pais – „დამსახურებული გამარჯვება“

„ხმაურიანი და დამსახურებული გამარჯვება. ნეაპოლი ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ისტორიაში მესამედ მოგებული სკუდეტოთი ჭკუიდან გადავიდა“.

Marca – „ნაპოლიმ“ ისტორიული სკუდეტო მოიპოვა“

„უდინეში ისტორია დაიწერა. მსაჯის საფინალო სასტვენისას ნეაპოლი აფეთქდა და დაიწყო ზეიმი, რომელიც უქმეებამდე გაგრძელდება“.

Diario As – „ნაპოლი“ ჩემპიონია“

„როგორც ადრე, ნეაპოლელებმა სკუდეტო არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობას მოაყოლეს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს დიეგოს გარეშე მოხდა“.

„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს” – გიორგი ვაშაძე

„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! – თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რომ თითქოს „ქოლ-ცენტრებთან“ კავშირი გვაქვს, ეს არის 100 პროცენტიანი ტყუილი და „ქოლ-ცენტრების“ უკან თუ ვინმე დგას საქართველოში ეს არის რუსული ოცნება, რომელიც ფინანსდება თავიდან ბოლომდე ამ „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ის, პროკურატურის პირველი პირები. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს საგამოძიებო კომისიაზე და ამით აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან „ქოლ-ცენტრების“ უკან, ახლა უნდათ ისრები გადმოიტანონ აქეთ.

პირდაპირ ეთერში ვეუბნები, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. მე აუცილებლად დავუკავშირდები და გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომლებსაც მაქსიმალურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ, ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავების მხრიდან. „ქოლ-ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ გავჩერდე, ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, ვერ მოგართვით! ეს არ მოხდება. ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. არ გეგონოთ, რომ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ერთი პრესკონფერენციით, აგერ მე და აგერ თქვენ! თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ. სამი რამით ფინანსდება ახლა „ქართული ოცნება“: „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, კონტრაბანდით რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელმაც აღვირახსნილ მასშტაბებს მიაღწია“, – განაცხადა ვაშაძემ.

„პოლონეთი და გერმანია – მტრობა ევროპის შუაგულში?“ – რას წერს “ფაინენშელ თაიმსი”

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) ოთხი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოლონეთი და გერმანია: მტრობა ევროპის შუაგულში?“ (ავტორები – რაფაელ მინდერი და ლაურა პიტელი), რომელშიც განხილულია პოლონეთის პრეტენზიები გერმანიის მიმართ მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. „იმ დროს, როცა დასავლეთი ერთიანი ფრონტით გამოდის ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, ვარშავა და ბერლინი ერთმანეთს უპირისპირდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

რატომ, რა მიზეზით არის შექმნილი დაძაბული სიტუაცია ნატოსა და ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის? რა საკითხში ვერ თანხმდებიან ვარშავა და ბერლინი?

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ველზე, სადაც ქარი ყოველი მხრიდან უბერავს, გერმანელი ჯარისკაცების 300-კაციანი კონტინგენტი ამერიკულ ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო სისტემებს – „ფეითრიოთებს“ (Patriot) ექსპლუატაციას უწევს. ეს გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნაა პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროიდან.

გერმანელები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს ამაგრებენ და უკრაინას რუსეთთან ომში ტექნიკით ეხმარებიან, მაგრამ მათი პოლონეთის მიწაზე ყოფნა ორი ხალხის ურთიერთობის ერთგვარ გამოცდასაც წარმოადგენს – ურთიერთობისა, რომელიც, ექსპერტების აზრით, ყველაზე უარესია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ.

გერმანელი ჯარისკაცები პოლონეთში სამსახურის გავლის დროს, ბუნებრივია, ვერ ამჩნევენ ბერლინსა და ვარშავას შორის შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას, მით უმეტეს, რომ პოლონეთი, როგორც ნატოს წევრი, ვალდებულია მონაწილეობდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებსა და პროექტებში. თვითონ პოლონელი სამხედრო მოსამსახურეები Patriot-ებს ექსპლუატაციას არ უწევენ, მაგრამ იცავენ მათი დისლოცირების ადგილს და ზრუნავენ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე.

 

გერმანია-პოლონეთის ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო ორი მეზობელი ხალხისათვის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტისათვის. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როცა დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ კრემლს ერთიანობა აჩვენონ და ხელი შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტს, რომლის უკრაინაში შეჭრამ აღმოსავლეთ ევროპა მსოფლიო გეოპოლიტიკის ცენტრად გადააქცია.

მაგრამ პარალელურად ბერლინში ღრმად იმედგაცრუებულნი არიან პოლონეთის მიერ გატარებული კურსით, რომელსაც მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ მიერ შექმნილი მთავრობა აწარმოებს და რომელიც ცდილობს გერმანია „მოკრივის სავარჯიშოს“ (ე.წ. „მსხლის“) სახით გამოიყენოს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

პოლონეთი გერმანიას, შეიძლება ითქვას, მუდმივად „კრიჭაში უდგას“: ჯერ იყო და ვარშავა ბერლინს იმიტომ აკრიტიკებს, რომ გერმანელებმა არ შეისმინეს პოლონეთის „რჩევა“ – მათ რომ თავის დროზე რუსული გაზის მოხმარება შეემცირებინათ, დღეს ასეთ გაჭირვებაში არ იქნებოდნენ. მეორე მომენტი ისაა, რომ გერმანელები რუსეთის წინააღმდეგ ძალიან გვიან ამოქმედდნენ და დააგვიანეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. თავის მხრივ, გერმანელები პასუხობენ, რომ ამჟამად უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარებით ბერლინს მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია და საერთოდ, უმჯობესია პოლონეთმა სხვების კრიტიკას თავი დაანებოს, მით უმეტეს, რომ ომის წინ თვითონ პოლონეთს ათასობით ტონა რუსული ქვანახშირი შეჰქონდა.

მაგრამ ვარშავა „არ ისვენებს“ და ბერლინს ახალ ბრალდებებს უყენებს: ამას წინათ პოლონეთმა ხმაურიანი სასამართლო კამპანია დაიწყო გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რეპარაციის მიღების მიზნით და გერმანიას ევროკავშირის ინსტიტუტების ზედმეტად გაკონტროლება დააბრალა. 2021 წელს მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი უფრო შორს წავიდა და მეზობელი ქვეყანა „მეოთხე გერმანული რეიხის“ შექმნაში დაადანაშაულა.
მოთხოვნა მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

პოლონელების გერმანელებთან დაპირისპირების ფესვებს გასულ საუკუნეში მომხდარ საშინელებებში გადავყავართ. შარშან ოქტომბერში პოლონეთმა გერმანიის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში და 1,3 ტრილიონი ევრო მოითხოვა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი დამპყრობლების მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

თავის მხრივ, ბერლინმა კატეგორიულად უარყო სარჩელის პირობები და განაცხადა, რომ რეპარაციების საკითხი 1950-იან წლებში იქნა მოგვარებული, პოლონეთის იმდროინდელი მთავრობასთან. მას შემდეგ გერმანიამ კომპენსაციები გადაუხადა ომის მსხვერპლ პოლონელებს, განსაკუთრებით პოლონელ ებრაელებს, რომლებმაც ჰოლოკოსტის საშინელებები გადაიტანეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, გერმანია აღიარებს თავის ისტორიულ პასუხისმგებლობას, მაგრამ რეპარაციების საკითხს დახურულად თვლის.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავეცკის თქმით, ვარშავა მზად არის ხანგრძლივი სასამართლო დავისათვის და მოთმინებით დაელოდება საბოლოო ვერდიქტს: „აფრიკელი გერეროსა და ნამას ტომები გერმანიისაგან კომპენსაციას 120 წელი ელოდნენ და საბოლოოდ მაინც მიიღეს. ჩვენც დაველოდებით“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა 2021 წელს 1,1, მილიარდი ევროს გადახდა გერმანიის მიერ ნამიბიაში 1904-1908 წლებში ჩადენილი დანაშაულისათვის – ათი ათასობით ადგილობრივი მოსახლეობის გაჟლეტისათვის.

სხვათა შორის, პოლონეთის მიერ გერმანიის წინააღმდეგ წაყენებულ პრეტენზიებში კომპენსაციის გადახდის თაობაზე განსაკუთრებული მიდგომა შეინიშნება: ვარშავა უჩივის მხოლოდ ბერლინს და არა მოსკოვს – იმის მიუხედავად, რომ პოლონეთი გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ერთად გაიყვეს 1939 წელს, ომის შემდეგ კი კრემლმა პოლონეთს თავს კომუნისტური მმართველობა მოახვია.

„ფაინენშელ თაიმსის“ კითხვას, თუ რატომ არ ითხოვს პოლონეთი რეპარაციებს რუსეთისაგან, პოლონეთის წარმომადგენელმა მარჩინ პშიდაჩმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ ბერლინისა და მოსკოვის მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გვაქვს და აი, რატომ: ბერლინთან მიმართებით ვთვლით, რომ გერმანელები ცივილიზებული ხალხია და მათთან დიალოგი შეიძლება, ვლადიმერ პუტინი კი ცივილიზაციისაგან შორს დგას. თუმცა, როგორც კი ჩვენ გერმანიასთან წარმატებას მივაღწევთ, მომდევნო ნაბიჯს რუს დამპყრობლისა და მჩაგვრელის წინააღმდეგ გადავდგამთ“.
გერმანული სამხედრო კონტინგენტი ქალაქ ზამოსცშია დისლოცირებული – ეს ადგილი იმითაა ცნობილი, რომ აქ ფაშისტებმა ათასობით პოლონელი გაჟლიტეს, პოლონელ ოჯახებს გერმანიაში გზავნიდნენ შრომით ბანაკებში სამუშაოდ, ხოლო მათ შვილებს სპეცსკოლებში გერმანიის რეიხის იდეებით ზრდიდნენ. ადგილობრივი ებრაელები, როგორც წესი, დახვრიტეს. სხვათა შორის, ზამოსცი ცნობილი მარქსისტი რევოლუციონერი ქალის – ეროვნებით ებრაელი როზა ლუქსემბურგის მშობლიური ქალაქია. 1939 წლამდე ზამოსცის მოსახლეობის 40% ებრაელები იყვნენ. აქაური მე-17 საუკუნის ებრაული სინაგოგა 2011 წელს გარემონტდა ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტაინის ფულადი დახმარებით. გერმანიას მონაწილეობა არ მიუღია.

„ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ არ მონაწილეობდა გერმანია სინაგოგის რემონტში, მაგრამ ის ვიცი, რომ ომის შემდეგ პოლონეთს გერმანიისაგან ფული პრაქტიკულად ნამდვილად არ მიუღია, რადგან რეპარაცია იოსებ სტალინმა და საბჭოთა კავშირის ჯიბეში წავიდა“, – ამბობს კურატორი დენიელ საბაჩინსკი.

ადგილობრივი მცხოვრებლები საკმაოდ შეცბუნებულნი არიან ზამოსცში გერმანელი ჯარისკაცების ყოფნით, სადაც ადრე ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები მსახურობდნენ, მათ შორის, ამერიკელებიც. თუმცა მოსახლეობა აცნობიერებს, რომ პოლიტიკოსები ბრალდებებში ხშირად აჭარბებენ. „გერმანელები ჩვენს ზეცას იცავენ“, – ამბობს დენიელ საბაჩინსკი, – თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ უფროსი ასაკის ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებმაც განათლება კომუნისტურ ეპოქაში მიიღეს, როცა პროპაგანდა გერმანიას მტრად წარმოადგენდა – თითქმის ისევე, როგორც ახლა კრემლი აცხადებს: „ჩვენ უკრაინელ ხალხს კი არ ვეომებით, არამედ იმ ნაცისტებს და ფაშისტებს, რომლებიც უკრაინას აკონტროლებენო“.

ზამოსცში გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების მისვლიდან რამდენიმე დღეში რატუშაში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ქალაქის გერმანული ოკუპაციის პერიოდი იყო ასახული. რა თქმა უნდა, გამოფენის გახსნა გერმანელების მოსვლამდე იყო დაგეგმილი და უბრალოდ, დროში დაემთხვა. სხვათა შორის, გამოფენა გერმანელებმაც მოინახულეს. „მე არ ვგრძნობ, რომ პოლონელი ახალგაზრდები რაიმეში გვადანაშაულებენ. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი საშინელება არასოდეს არ უნდა განმეორდეს“, – ამბობს გერმანული სამხედრო კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი იორგ სივერსი.
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება.

გერმანიის ელჩები ვარშავაში ყოველნაირად ცდილობდნენ დიპლომატიური დეტალების დაცვას, რათა რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო. ამის მიუხედავად, 2020 წელს, როცა გერმანიის მთავრობამ პოლონეთში ახალ ელჩად არნდტ ფრეიგატ ფონ ლორინგჰოვენი დანიშნა, პოლონეთმა აგრემანი მხოლოდ სამი თვის შემდეგ მისცა – ვარშავა მის ბიოგრაფიას სწავლობდა, რადგან პოლონურ მასმედიაში გავრცელდა ცნობები, თითქოსდა ელჩის მამა ნაცისტი ოფიცერი იყო და ვერმახტში მსახურობდა.

„არსებობს გარკვეული ასიმეტრია, რომ ყოველი პოლონელისათვის გერმანია ეტალონად, ორიენტირად ითვლება, ხოლო გერმანელთა უმრავლესობისათვის პოლონეთი ჩვეულებრივი მეზობელია, სხვებისგან არაფრით გამორჩეული“, – ამბობს გერმანიის ამჟამინდელი ელჩი პოლონეთში თომას ბაგერი, – პოლონელებს ასეთი ასიმეტრია აღიზიანებთ – იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავს პატარა ერად არ თვლიან“.

დიტმარ ნითანი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მთავრობის კოორდინატორი პოლონეთთან თანამშრომლობის საკითხებში უფრო თვითკრიტიკულად უდგება საკითხს და ამბობს, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში გერმანიას თავი მართლაც ქედმაღლურად უჭირავს, პოლონელებს ზემოდან განსაკუთრებით ე.წ. დასავლელი გერმანელები უყურებენ. იგი თვლის, რომ გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გააცნობიერონ პოლონეთის მთავრობის ქცევის მიზეზები – არჩევნების მოახლოების კვალობაზე პოპულისტური განცხადებები მრავლდება.

პოლონელები ნეგატიურად უყურებენ აგრეთვე პოლონური ოპოზიციის ლიდერს დონალდ ტუსკის საქმიანობას ევროკომისიაში – მას გერმანიის მარიონეტს უწოდებენ, რადგან 2014 წელს ევროსაბჭოს ხელმძღვანელი სწორედ გერმანიის მხარდაჭერით გახდა. მმართველი პარტია „სიმართლე და სამართლიანობა“ ოპოზიციას ანტიპატრიოტიზმში ადანაშაულებს, თუმცა ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ თავიანთი პატრიოტიზმი დაამტკიცონ და რიგ საკითხებში მთავრობას მხარს უჭერენ.

მიხეილ ბარანოვსკი, გერმანული მარშალის ფონდის ოფისის დირექტორი ვარშავაში, ამბობს, რომ დღეს პოლონეთ-გერმანიის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფება 1989 წლიდან, როცა ბერლინის კედელი დაინგრა.
და მაინც, თუ არჩევნებში პოლონური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიასთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ გამოსწორდება. „ბერლინიდან მომდის ცნობები, რომ კოლეგები ლაპარაკობენ – აი, არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ ეს ასე არ არის. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას გერმანიის მიმართ თითქმის ერთნაირი მიდგომა აქვთ. პოლონელები გულგატეხილები არიან იმით, რომ გერმანელებში რეალური გარდაქმნა არ ხდება. პოლონელებს იმედი გაუცრუვდათ, როცა ოლაფ შოლცმა Zeitenwende („ეპოქის შეცვლა“) გამოაცხადა, სინამდვილეში კი პრაქტიკულად არაფერი კეთდება.

თუ რაიმეს შეუძლია ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ურთიერთობის აღდგენა, ეს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებაა. გერმანია პოლონეთის ძირითად საქმიან პარტნიორად რჩება. გასულ წელს ორ მეზობელს შორის სავაჭრო საქონელთბრუნვა 14%-ით გაიზარდა. საავტომობილო კომპანიამ „მერსედეს-ბენცმა“ პოლონეთში ერთმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა და ელექტრომობილების ქარხანას აშენებს. არის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფაქტებიც.

პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი მხარს უჭერს პოლონეთ-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ანტირუსული სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ ემბარგოს გამოცხადების გათვალისწინებით. „გერმანია და პოლონეთი ერთმანეთისათვის ალტერნატიული მიმწოდებლების როლებს ასრულებენ“, – ამბობს ბეატა იავორჩიკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მთვარი ეკონომისტი.

მაგრამ პოლონელები თავიანთ პრეტენზიებს მაინც არ ივიწყებენ: მარტში გერმანიაში ვიზიტის დროს, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრემიერმა მათეუშ მორავეცკის არ მოერიდა და განაცხადა, რომ გერმმანიას პოლონეთისათვის რეპარაციები სრულად არ გადაუხდია. „ჩვენ 50 წელი დავკარგეთ მეორე მსოფლიო ომში თქვენგან მიყენებული ზარალით“, – თქვა მან.

გერმანია, რომლის არმია წლების განმავლობაში ცუდად ფინანსდებოდა, დღეს საკმაოდ ბევრ სირთულეს აწყდება. ბუნდესვერს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, დატოვოს თუ არა თავისი Patriot-ები პოლონეთში, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ივნისში. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ურთიერთობებში პოლიტიკა ბევრად ჩამოუვარდება ეკონომიკას. პოლიტიკა ისე სწრაფად ვერ ვითარდება, როგორც ეკონომიკა“, – ამბობს გერმანიის ელჩი ვარშავაში.

მაგრამ პოლკოვნიკ იორგ სივერსში, რომელიც გერმანიაში აპრილში დაბრუნდა, პოლონეთში ყოფნამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მისი აზრით, არ უნდა არსებობდეს ისეთი მიზეზი, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან გაჰყოფს. „პოლონეთი ევროპის შუაგულში მდებარეობს და რომ არა ზლოტებით გადახდა, ჩემს სამშობლოსაგან დიდ განსხვავებას ვერ შევამჩნევდი“, – ამბობს იგი, – „მე ჩრდილოეთ გერმანიიდან ვარ და რა თქმა უნდა, იუმორითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს“.

წყარო

სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 27 პროცენტით გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 27%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, უწყების ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული დანაშაულის 15 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 იყო. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში 80% (12 შემთხვევა) შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 25%-ს (1 შემთხვევა) შეადგენდა.

ოფიციალური მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტების გარდა, წლიურად გაზრდილია ქრთამის მიცემის ფაქტებიც 100%-ით, უფრო კონკრეტულად კი ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევებზე ფიქსირდება ზრდა. თუ გასული წლის იანვარ-მარტში აღნიშნული დანაშაულის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მიმდინარე წელს 1 შემთხვევა დარეგისტრირდა შესაბამის უწყებაში.

ამასთან, შს სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიურად შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 113 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულების 136 შემთხვევა. რეგისტრირებული შემთხვევები წლიურად 16.91%-ით არის შემცირებული.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები – 64.86%-ით; 3.57 %-ით შემცირებულია – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები; 38.46%-ით შემცირდა წლიურად სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები; 15.79%-ით სამსახურებრივი სიყალბის, ხოლო 100%-ით არის შემცირებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები.

“რუსი მდგმური, ძმაზე გაფორმებული მძარცველი ქოლ-ცენტრი, პოლიტიკური პარტნიორი რუბლოვნა ლიაკა ხოშტარია და გიორგი ვაშაძე კიდევ ხელისუფლებას აშიშვლებს?”

„რუსი მდგმური, ძმაზე, დავითზე გაფორმებული მძარცველი ქოლ-ცენტრი, პოლიტიკური პარტნიორი რუბლოვნა ლიაკა ხოშტარია და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე კიდევ ხელისუფლებას აშიშვლებს? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმაა.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, წავიდა ის დრო, როცა მეფაჩანტურე შალვა ნათელაშვილი იყო ნაცოპოზიციის წამყვანი უტიფარი კლოუნი. მას საგრძნობლად გადაუსწრო ამხანაგმა გ. ვაშაძემ.

„რუსი მდგმური, ძმაზე, დავითზე გაფორმებული მძარცველი ქოლ-ცენტრი, პოლიტიკური პარტნიორი რუბლოვნა ლიაკა ხოშტარია და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე კიდევ ხელისუფლებას აშიშვლებს? წავიდა ის დრო, როცა მეფაჩანტურე შალვა ნათელაშვილი იყო ნაცოპოზიციის წამყვანი უტიფარი კლოუნი. მას საგრძნობლად გადაუსწრო ამხანაგმა გ.ვაშაძემ. კიდევ ბევრი ავაზაკობა გამოვლინდება. ნაცბანძებო, მაინც ემზადებით არჩევნებისთვის თუ ე.წ. გადატრიალებისთვის?“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“არახამიასთან ერთად “ჩალიჩობენ და ევროპელი პენსიონერების ფულით, ევროპელ ლობისტებს ყიდულობენ” – ზურაბ ქადაგიძე

თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი, ჩვენს საამაყო ოპოზიციაში. თუმცა, რა გასაკვირია? რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ისევ ისეთები დარჩნენ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, რამდენიმე მფლობელი ჰყავს და მათ შორისაა დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე.

„არ არსებობს, გიორგი მაგას არ იკადრებდა! თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი, ჩვენს საამაყო ოპოზიციაში. რუსულ ფულს არ თაკილობენ. საქართველოს საბოტაჟს ეწევიან და ყველაზე ბინძური, თაღლითური გზებით მდიდრდებიან. თუმცა, რა გასაკვირია? რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ისევ ისეთები დარჩნენ. ახლა უფრო დიდ მასშტაბებს გასწვდნენ, არახამიასთან ერთად “ჩალიჩობენ” და ევროპელი პენსიონერების ფულით, ევროპელ ლობისტებს ყიდულობენ,“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ქართული გვარები სანქცირებულთა სიაში“ – Voice of America

აშშ-ის რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ქართული გვარები სანქცირებულთა სიაში“, რომელშიც განხილულია, თუ რა კავშირშია საქართველოსთან დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციები და რომელ ქართული წარმომავლობის მქონე რუსეთის მოქალაქეებზე ვრცელდება შეზღუდვები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ეს ომი პუტინმა აირჩია. ახლა ის და მისი ქვეყანა შედეგებს მიიღებს“ – ეს განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა. ეს იყო პასუხი რუსეთის მიერ, უკრაინაში ხელმეორე შეჭრასა და სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომის წამოწყებაზე. შეერთებული შტატების ლიდერობით, დასავლეთმა და სხვა მოკავშირეებმა მოსკოვს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა. სანქციები მოიცავს რუსეთის სახელმწიფო, საბანკო-საფინანსო, სტრატეგიული მნიშვნელობის ინსტიტუტებს და ასევე კრემლთან დაკავშირებულ პირებს.

„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია სრული სურათი, თუ რა ტიპის სანქციებია დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, როგორ მუშაობს ისინი და რა გავლენა აქვს მათ რუსეთის ეკონომიკაზე.

რუსეთი – მსოფლიოს ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანა

„ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემთა ბაზა მოიცავს 2014 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 12 900 სამიზნეს. მათი 75% ინდივიდუალური პირია, 25% დაწესებულებები.

კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, სანქცირებული 1 973 დაწესებულებიდან, 1 009 მხოლოდ აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული. შეერთებულ შტატებს, რუსეთის წინააღმდეგ 3 126 სანქცია აქვს დაწესებული – ეს სანქციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან შეერთებული შტატები არის ერთადერთი იურისდიქცია, რომელსაც რუსული 158 გემი და 22 თვითმფრინავი აქვს დასანქცირებული.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ (G7) სანქციების სამიზნე არიან ფასილიტატორები, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან აცილების საშუალებას აძლევენ. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 54 სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების გლობალური ქსელის ნაწილი არიან.

სანქციების გავლენა რუსულ ეკონომიკაზე

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებისთანავე, რუსეთმა საკუთარი ეკონომიკის მთავარი ინდიკატორების მონაცემები გაასაიდუმლოვა და ამის მიზეზად დასავლეთის სანქციებისგან დაცვა დაასახელა. „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაში ნათქვამია, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რუსი ეკონომისტებიც კი არ არიან დარწმუნებული, როგორ მუშაობს რუსული ეკონომიკა. ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი, ელვირა ნაბიულინა მონაცემების გასაჯაროებას ითხოვს. „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამან პუტინის მტკიცებას, დასავლეთის სანქციების წინაშე რუსეთის გამძლეობის შესახებ, შესაძლოა „ცივი წყალი გადაასხას.“
ჯერ კიდევ საჯაროდ ხელმისაწვდომ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მკვლევრებმა წარმოადგინეს სფეროები, რომლებზეც სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

– დეფიციტი რუსეთის ბიუჯეტში;
– ნაკლებად დივერსიფიცირებული ენერგოექსპორტი;
– სამრეწველო წარმოების მკვეთრი ვარდნა;
„ატლანტიკური საბჭოს“ გეოეკონომიკური ცენტრის დაკვირვებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვს შემოსავლებზე წვდომას უზღუდავს და რუსეთის ბიუჯეტს დეფიციტს უქმნის. ცენტრის დაკვირვებით, რუსეთის ბიუჯეტის შევსებას “გაზპრომის” რეკორდულ მოგებაზე ერთჯერადი გადასახადი დაეხმარა. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 2023 წელს, მოსკოვს ამის შესაძლებლობა შეიძლება აღარ ჰქონდეს.

კვლევის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში, ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მოსკოვისთვის 46 პროცენტით შემცირდა. მკვლევრების პროგნოზით, შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში დაბალი იქნება და ეს იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალშივე, დიდი შვიდეულის ლიდერებმა ფასის რიგით მეორე ლიმიტი დააწესეს ამჯერად, რუსეთის ნავთობპროდუქტებზე, რომელიც ბარელს ნედლ ნავთობზე, ფასის $60-მდე შემცირებას გულისხმობს. მკვლევრების დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბიუჯეტის 40 პროცენტს სწორედ ენერგეტიკული შემოსავლები ავსებს, 2023 წელს მოსკოვს მოუწევს, უკრაინის წინააღმდეგ ომში ან ნაკლები დახარჯოს, ან ომისთვის სახსრები სოციალური პროგრამებიდან გადაამისამართოს.
სანქციების კიდევ ერთი ეფექტი, რუსული ენერგოექსპორტის ახლა უკვე უფრო ნაკლებ დივერსიფიცირებაა. უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, რუსეთი უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე. კვლევის მიხედვით, 2021 წელს, რუსული ნავთობის ექსპორტის ძირითადი მიმართულება ევროპა იყო, 2023 წელს კი სურათი სულ სხვაგვარად გამოიყურება. ახლა, რუსული ნავთობის ექსპორტის 57% ჩინეთსა და ინდოეთში მიდის, რაც ამ ორ ბაზარზე რყევების მიმართ რუსეთს დაუცველს ხდის. ამასთან, რუსეთს ახლა ნაკლები რესურსი აქვს ფასზე მოლაპარაკებები აწარმოოს, რადგან სანქციებით გათვალისწინებული ფასის ლიმიტი, მყიდველებს ფასის მოლაპარაკებისთვის მეტ ბერკეტს აძლევს. გარდა ამისა, მკვლევრების დათვლით, ნავთობის უფრო შორ ბაზრებზე ტრანსპორტირების ღირებულება რუსეთის მოგებას კიდევ უფრო ამცირებს.

გასული წლის დეკემბრისთვის, პანდემიის შემდეგ, რუსეთმა ინდუსტრიული წარმოების ყველაზე მკვეთრი წლიური ვარდნა განიცადა. კვლევის მიხედვით, წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, საავტომობილო და შრომის ინტენსიურ ინდუსტრიებში დაფიქსირდა. ეს ის სფეროებია, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლური კომპანიების მოწინავე რესურსებზე. ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს პრობლემა რუსეთისთვის მხოლოდ გაუარესდება. მიზეზთა შორის კი სამხედრო მობილიზაცია და ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინებაა, რაც მუშახელის დეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებს.

თუმცა, დაკვირვება აჩვენებს, რომ გასულ წელს ყველა ინდუსტრია ცუდად არ მუშაობდა. იარაღის, ბომბებისა და საბრძოლო მასალის წარმოება 7 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიანად იყო განპირობებული ბრძოლის ველზე იარაღის საჭიროებით. სამხედრო წარმოებისთვის რუსეთს ჩიპები, ნახევარგამტარი კომპონენტები და ნედლეული სჭირდება, როგორიც არის ლითიუმი.

გეოეკონომიკური ცენტრი ამბობს, რომ დასავლური ექსპორტის კონტროლი, რუსეთში ამ ტექნოლოგიების ნაკადის შეზღუდვას ითვალისწინებს. კვლევა პასუხობს კითხვას, როგორ არის შესაძლებელი, ამგვარი შეზღუდვის მიუხედავად, რუსეთში სამხედრო წარმოება გაზრდილიყო – „ახლა უკვე ნათელია, რომ რუსეთი სანქციებს მათზე გვერდის ავლით არღვევს.“

სანქციები ფინანსური ფასილიტატორების წინააღმდეგ

დიდი შვიდეულის ქვეყნები აძლიერებენ შემზღუდველ ძალისხმევას მათ მიმართ, ვინც მოსკოვს საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს მრავალმხრივ გლობალურ სანქციებს. G7-ის მოკავშირეებმა, მარტში ფინანსური ინსტიტუტებისთვის განკუთვნილი ბიულეტენი გამოაქვეყნეს, რომელშიც აღწერილია რუსეთის მიერ, სანქციების თავიდან არიდების სახეები.

„ატლანტიკური საბჭო“ მიიჩნევს, სანქციების აღსრულებისთვის, ასევე რუსეთის მიერ, სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ საბრძოლველად, დიდი შვიდეულის ძალისხმევა ნათელს ხდის დანაშაულის გლობალურ ბუნებას. ამასთან, გლობალური საჯარო და კერძო სექტორის რეაგირების აუცილებლობას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ძალისხმევის ფოკუსირება იურისდიქციებზე, სადაც ფინანსური ფასილიტატორები და სანქციების თავიდან აცილების ხელშემწყობები მოქმედებენ, კარგი პირველი ნაბიჯია. თუმცა, სვამს კითხვას, რამდენად შორს წასასვლელად არიან მზად დიდი შვიდეულის მოკავშირეები, საკუთარ იურისდიქციებში, სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლაში?

ქართული წარმომავლობის გვარები სანქცირებულთა შორის

2014 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმ ნაწილში, რომლებიც ინდივიდუალურ პირებს ეხება, ქართული წარმომავლობის, სულ მცირე, ოთხი გვარი იძებნება.

„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი მაია ნიკოლაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ქართული გვარები, რომლებიც „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ მომზადებულ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბაზაში გხვდება, ეკუთვნის პირებს, რომლებიც დიდი ალბათობით რუსეთის მოქალაქეები არიან და საქართველოსთან კავშირი არ აქვთ“.
ვინ არიან ისინი?

დიმიტრი ვლადიმირის ძე ძინიკაშვილი – „აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი სანქცირების მიზეზად ასახელებს დ.ძინიკაშვილის ჩართულობას სანქცირებულ რუსულ ორგანიზაციაში “დონბასის მოხალისეების გაერთიანება” (Interregional Social Organization Union of Donbas Volunteers). ეს ორგანიზაცია 14 000 ვეტერანს აერთიანებს, რომლებიც 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 2022-ში “მოხალისეებმა” აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და უკრაინული სამხედრო ერთეულების წინააღმდეგ ოპერაციებში“ – ამბობს ნიკოლაძე.

მაქსიმ გენადის ძე ქავჟარაძე – „ქავჟარაძე არის რუსეთის მოქალაქე და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი. 2022 წელს, ამერიკამ სანქციები დაუწესა ფედერალური საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის, ქავჟარაძესაც. საბჭოს სანქცირების მიზეზი იყო ის, რომ ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრას“ – ამბობს ნიკოლაძე.

დიმიტრი მურთაზის ძე ჭურაძე – პლატფორმა „ღია სანქციების“ მონაცემებით, ჭურაძე უკრაინაში, დონეცკის რეგიონშია დაბადებული და არალეგიტიმური, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული და მის მიერვე ოკუპირებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „სახალხო საბჭოს“ წევრია. პლატფორმა „ომი და სანქციების“ მონაცემებით, „ის ჩართულია ან იყო ჩართული პოლიტიკაში და/ან ქმედებებში, რომლებიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას და/ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

გრიგორ ვიქტორის ძე ლეფსვერიძე, იგივე „ლეპსი“ – ლეფსვერიძე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 2013 წლის 30 ოქტომბრიდან ჩნდება. დეპარტამენტის ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის ტრანსნაციონალური დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან არის კავშირში.

ვლადიმერ პუტინი მარკ ტვენს დაესესხა

ვლადიმირ პუტინი, საკუთარ საჯარო გამოსვლებში, მუდამ ცდილობს ხაზი გაუსვას რუსული ეკონომიკის გამძლეობას, დასავლური სანქციების წინაშე. გასულ თვეში, პუტინმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და მათ მოუწოდა ოფშორების ნაცვლად, ინვესტიციები საკუთარი სამშობლოს ეკონომიკაში ჩადონ.

„დასავლეთში რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას უსასრულოდ ელიან. ისინი ცდილობენ საკუთარი თავი და ჩვენი პარტნიორები დაარწმუნონ, რომ ეს მოხდება. მაგრამ, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ცნობილ ამერიკელ მწერალს, რომელმაც თქვა, რომ ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ ძალიან გაზვიადებულია, იგივეა ჩვენი ეკონომიკის შესახებაც“ – მარკ ტვენის ციტირებით, ვლადიმირ პუტინმა, საკუთარი გზავნილის გამყარება სცადა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომი მიმდინარეობს.

თუმცა, ამ განცხადებიდან მალევე, რუსეთის პრეზიდენტისგან საწინააღმდეგოს აღიარება მოვისმინეთ. “არალეგიტიმურმა შეზღუდვებმა, რომლებიც რუსულ ეკონომიკაზეა დაწესებული, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მასზე შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა მოახდინოს“ – თქვა მან.

გადაჭარბებულია თუ არა ხმები რუსეთის ეკონომიკის კოლაფსის შესახებ, ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს უფრო რთული მომავლის მოლოდინი აქვს.

წყარო

” საიდან მოიტანა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ტყუილია”-გომელაური

საიდან მოიტანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ეს ტყუილია, ფაქტები გვაქვს, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ყველაფერი გადაღებულია უწყვეტი კადრებით საექსპერტო სამსახურის მიერ.

„ეს ყოფილი გამომძიებლის თქმით – მხილება, პირდაპირ ნუ ვიტყვით, ვთქვათ ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, მგონია, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი. გადაღებულია ეს პირდაპირ, უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა. ასე რომ, საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი, დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია სამუშაოები და მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადაეცემა ბინები.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 125 მილიონ ლარს შეადგენს.

„მიხარია, რომ ვახტანგ გომელაურთან ერთად მონაწილეობა მივიღე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე. დაწყებული არის უკვე სამუშაოები,მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადავცემთ ბინებს.

პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო. მინდა, ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, პოლიციის ქალაქების მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.

მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენ გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს პოლიციელებს, კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დღეს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.