„პოლონეთი და გერმანია – მტრობა ევროპის შუაგულში?“ – რას წერს “ფაინენშელ თაიმსი”

124
spot_img

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) ოთხი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოლონეთი და გერმანია: მტრობა ევროპის შუაგულში?“ (ავტორები – რაფაელ მინდერი და ლაურა პიტელი), რომელშიც განხილულია პოლონეთის პრეტენზიები გერმანიის მიმართ მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. „იმ დროს, როცა დასავლეთი ერთიანი ფრონტით გამოდის ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, ვარშავა და ბერლინი ერთმანეთს უპირისპირდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

რატომ, რა მიზეზით არის შექმნილი დაძაბული სიტუაცია ნატოსა და ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის? რა საკითხში ვერ თანხმდებიან ვარშავა და ბერლინი?

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ველზე, სადაც ქარი ყოველი მხრიდან უბერავს, გერმანელი ჯარისკაცების 300-კაციანი კონტინგენტი ამერიკულ ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო სისტემებს – „ფეითრიოთებს“ (Patriot) ექსპლუატაციას უწევს. ეს გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნაა პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროიდან.

გერმანელები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს ამაგრებენ და უკრაინას რუსეთთან ომში ტექნიკით ეხმარებიან, მაგრამ მათი პოლონეთის მიწაზე ყოფნა ორი ხალხის ურთიერთობის ერთგვარ გამოცდასაც წარმოადგენს – ურთიერთობისა, რომელიც, ექსპერტების აზრით, ყველაზე უარესია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ.

გერმანელი ჯარისკაცები პოლონეთში სამსახურის გავლის დროს, ბუნებრივია, ვერ ამჩნევენ ბერლინსა და ვარშავას შორის შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას, მით უმეტეს, რომ პოლონეთი, როგორც ნატოს წევრი, ვალდებულია მონაწილეობდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებსა და პროექტებში. თვითონ პოლონელი სამხედრო მოსამსახურეები Patriot-ებს ექსპლუატაციას არ უწევენ, მაგრამ იცავენ მათი დისლოცირების ადგილს და ზრუნავენ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე.

 

გერმანია-პოლონეთის ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო ორი მეზობელი ხალხისათვის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტისათვის. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როცა დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ კრემლს ერთიანობა აჩვენონ და ხელი შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტს, რომლის უკრაინაში შეჭრამ აღმოსავლეთ ევროპა მსოფლიო გეოპოლიტიკის ცენტრად გადააქცია.

მაგრამ პარალელურად ბერლინში ღრმად იმედგაცრუებულნი არიან პოლონეთის მიერ გატარებული კურსით, რომელსაც მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ მიერ შექმნილი მთავრობა აწარმოებს და რომელიც ცდილობს გერმანია „მოკრივის სავარჯიშოს“ (ე.წ. „მსხლის“) სახით გამოიყენოს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

პოლონეთი გერმანიას, შეიძლება ითქვას, მუდმივად „კრიჭაში უდგას“: ჯერ იყო და ვარშავა ბერლინს იმიტომ აკრიტიკებს, რომ გერმანელებმა არ შეისმინეს პოლონეთის „რჩევა“ – მათ რომ თავის დროზე რუსული გაზის მოხმარება შეემცირებინათ, დღეს ასეთ გაჭირვებაში არ იქნებოდნენ. მეორე მომენტი ისაა, რომ გერმანელები რუსეთის წინააღმდეგ ძალიან გვიან ამოქმედდნენ და დააგვიანეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. თავის მხრივ, გერმანელები პასუხობენ, რომ ამჟამად უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარებით ბერლინს მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია და საერთოდ, უმჯობესია პოლონეთმა სხვების კრიტიკას თავი დაანებოს, მით უმეტეს, რომ ომის წინ თვითონ პოლონეთს ათასობით ტონა რუსული ქვანახშირი შეჰქონდა.

მაგრამ ვარშავა „არ ისვენებს“ და ბერლინს ახალ ბრალდებებს უყენებს: ამას წინათ პოლონეთმა ხმაურიანი სასამართლო კამპანია დაიწყო გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რეპარაციის მიღების მიზნით და გერმანიას ევროკავშირის ინსტიტუტების ზედმეტად გაკონტროლება დააბრალა. 2021 წელს მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი უფრო შორს წავიდა და მეზობელი ქვეყანა „მეოთხე გერმანული რეიხის“ შექმნაში დაადანაშაულა.
მოთხოვნა მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

პოლონელების გერმანელებთან დაპირისპირების ფესვებს გასულ საუკუნეში მომხდარ საშინელებებში გადავყავართ. შარშან ოქტომბერში პოლონეთმა გერმანიის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში და 1,3 ტრილიონი ევრო მოითხოვა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი დამპყრობლების მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

თავის მხრივ, ბერლინმა კატეგორიულად უარყო სარჩელის პირობები და განაცხადა, რომ რეპარაციების საკითხი 1950-იან წლებში იქნა მოგვარებული, პოლონეთის იმდროინდელი მთავრობასთან. მას შემდეგ გერმანიამ კომპენსაციები გადაუხადა ომის მსხვერპლ პოლონელებს, განსაკუთრებით პოლონელ ებრაელებს, რომლებმაც ჰოლოკოსტის საშინელებები გადაიტანეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, გერმანია აღიარებს თავის ისტორიულ პასუხისმგებლობას, მაგრამ რეპარაციების საკითხს დახურულად თვლის.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავეცკის თქმით, ვარშავა მზად არის ხანგრძლივი სასამართლო დავისათვის და მოთმინებით დაელოდება საბოლოო ვერდიქტს: „აფრიკელი გერეროსა და ნამას ტომები გერმანიისაგან კომპენსაციას 120 წელი ელოდნენ და საბოლოოდ მაინც მიიღეს. ჩვენც დაველოდებით“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა 2021 წელს 1,1, მილიარდი ევროს გადახდა გერმანიის მიერ ნამიბიაში 1904-1908 წლებში ჩადენილი დანაშაულისათვის – ათი ათასობით ადგილობრივი მოსახლეობის გაჟლეტისათვის.

სხვათა შორის, პოლონეთის მიერ გერმანიის წინააღმდეგ წაყენებულ პრეტენზიებში კომპენსაციის გადახდის თაობაზე განსაკუთრებული მიდგომა შეინიშნება: ვარშავა უჩივის მხოლოდ ბერლინს და არა მოსკოვს – იმის მიუხედავად, რომ პოლონეთი გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ერთად გაიყვეს 1939 წელს, ომის შემდეგ კი კრემლმა პოლონეთს თავს კომუნისტური მმართველობა მოახვია.

„ფაინენშელ თაიმსის“ კითხვას, თუ რატომ არ ითხოვს პოლონეთი რეპარაციებს რუსეთისაგან, პოლონეთის წარმომადგენელმა მარჩინ პშიდაჩმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ ბერლინისა და მოსკოვის მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გვაქვს და აი, რატომ: ბერლინთან მიმართებით ვთვლით, რომ გერმანელები ცივილიზებული ხალხია და მათთან დიალოგი შეიძლება, ვლადიმერ პუტინი კი ცივილიზაციისაგან შორს დგას. თუმცა, როგორც კი ჩვენ გერმანიასთან წარმატებას მივაღწევთ, მომდევნო ნაბიჯს რუს დამპყრობლისა და მჩაგვრელის წინააღმდეგ გადავდგამთ“.
გერმანული სამხედრო კონტინგენტი ქალაქ ზამოსცშია დისლოცირებული – ეს ადგილი იმითაა ცნობილი, რომ აქ ფაშისტებმა ათასობით პოლონელი გაჟლიტეს, პოლონელ ოჯახებს გერმანიაში გზავნიდნენ შრომით ბანაკებში სამუშაოდ, ხოლო მათ შვილებს სპეცსკოლებში გერმანიის რეიხის იდეებით ზრდიდნენ. ადგილობრივი ებრაელები, როგორც წესი, დახვრიტეს. სხვათა შორის, ზამოსცი ცნობილი მარქსისტი რევოლუციონერი ქალის – ეროვნებით ებრაელი როზა ლუქსემბურგის მშობლიური ქალაქია. 1939 წლამდე ზამოსცის მოსახლეობის 40% ებრაელები იყვნენ. აქაური მე-17 საუკუნის ებრაული სინაგოგა 2011 წელს გარემონტდა ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტაინის ფულადი დახმარებით. გერმანიას მონაწილეობა არ მიუღია.

„ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ არ მონაწილეობდა გერმანია სინაგოგის რემონტში, მაგრამ ის ვიცი, რომ ომის შემდეგ პოლონეთს გერმანიისაგან ფული პრაქტიკულად ნამდვილად არ მიუღია, რადგან რეპარაცია იოსებ სტალინმა და საბჭოთა კავშირის ჯიბეში წავიდა“, – ამბობს კურატორი დენიელ საბაჩინსკი.

ადგილობრივი მცხოვრებლები საკმაოდ შეცბუნებულნი არიან ზამოსცში გერმანელი ჯარისკაცების ყოფნით, სადაც ადრე ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები მსახურობდნენ, მათ შორის, ამერიკელებიც. თუმცა მოსახლეობა აცნობიერებს, რომ პოლიტიკოსები ბრალდებებში ხშირად აჭარბებენ. „გერმანელები ჩვენს ზეცას იცავენ“, – ამბობს დენიელ საბაჩინსკი, – თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ უფროსი ასაკის ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებმაც განათლება კომუნისტურ ეპოქაში მიიღეს, როცა პროპაგანდა გერმანიას მტრად წარმოადგენდა – თითქმის ისევე, როგორც ახლა კრემლი აცხადებს: „ჩვენ უკრაინელ ხალხს კი არ ვეომებით, არამედ იმ ნაცისტებს და ფაშისტებს, რომლებიც უკრაინას აკონტროლებენო“.

ზამოსცში გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების მისვლიდან რამდენიმე დღეში რატუშაში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ქალაქის გერმანული ოკუპაციის პერიოდი იყო ასახული. რა თქმა უნდა, გამოფენის გახსნა გერმანელების მოსვლამდე იყო დაგეგმილი და უბრალოდ, დროში დაემთხვა. სხვათა შორის, გამოფენა გერმანელებმაც მოინახულეს. „მე არ ვგრძნობ, რომ პოლონელი ახალგაზრდები რაიმეში გვადანაშაულებენ. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი საშინელება არასოდეს არ უნდა განმეორდეს“, – ამბობს გერმანული სამხედრო კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი იორგ სივერსი.
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება.

გერმანიის ელჩები ვარშავაში ყოველნაირად ცდილობდნენ დიპლომატიური დეტალების დაცვას, რათა რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო. ამის მიუხედავად, 2020 წელს, როცა გერმანიის მთავრობამ პოლონეთში ახალ ელჩად არნდტ ფრეიგატ ფონ ლორინგჰოვენი დანიშნა, პოლონეთმა აგრემანი მხოლოდ სამი თვის შემდეგ მისცა – ვარშავა მის ბიოგრაფიას სწავლობდა, რადგან პოლონურ მასმედიაში გავრცელდა ცნობები, თითქოსდა ელჩის მამა ნაცისტი ოფიცერი იყო და ვერმახტში მსახურობდა.

„არსებობს გარკვეული ასიმეტრია, რომ ყოველი პოლონელისათვის გერმანია ეტალონად, ორიენტირად ითვლება, ხოლო გერმანელთა უმრავლესობისათვის პოლონეთი ჩვეულებრივი მეზობელია, სხვებისგან არაფრით გამორჩეული“, – ამბობს გერმანიის ამჟამინდელი ელჩი პოლონეთში თომას ბაგერი, – პოლონელებს ასეთი ასიმეტრია აღიზიანებთ – იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავს პატარა ერად არ თვლიან“.

დიტმარ ნითანი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მთავრობის კოორდინატორი პოლონეთთან თანამშრომლობის საკითხებში უფრო თვითკრიტიკულად უდგება საკითხს და ამბობს, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში გერმანიას თავი მართლაც ქედმაღლურად უჭირავს, პოლონელებს ზემოდან განსაკუთრებით ე.წ. დასავლელი გერმანელები უყურებენ. იგი თვლის, რომ გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გააცნობიერონ პოლონეთის მთავრობის ქცევის მიზეზები – არჩევნების მოახლოების კვალობაზე პოპულისტური განცხადებები მრავლდება.

პოლონელები ნეგატიურად უყურებენ აგრეთვე პოლონური ოპოზიციის ლიდერს დონალდ ტუსკის საქმიანობას ევროკომისიაში – მას გერმანიის მარიონეტს უწოდებენ, რადგან 2014 წელს ევროსაბჭოს ხელმძღვანელი სწორედ გერმანიის მხარდაჭერით გახდა. მმართველი პარტია „სიმართლე და სამართლიანობა“ ოპოზიციას ანტიპატრიოტიზმში ადანაშაულებს, თუმცა ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ თავიანთი პატრიოტიზმი დაამტკიცონ და რიგ საკითხებში მთავრობას მხარს უჭერენ.

მიხეილ ბარანოვსკი, გერმანული მარშალის ფონდის ოფისის დირექტორი ვარშავაში, ამბობს, რომ დღეს პოლონეთ-გერმანიის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფება 1989 წლიდან, როცა ბერლინის კედელი დაინგრა.
და მაინც, თუ არჩევნებში პოლონური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიასთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ გამოსწორდება. „ბერლინიდან მომდის ცნობები, რომ კოლეგები ლაპარაკობენ – აი, არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ ეს ასე არ არის. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას გერმანიის მიმართ თითქმის ერთნაირი მიდგომა აქვთ. პოლონელები გულგატეხილები არიან იმით, რომ გერმანელებში რეალური გარდაქმნა არ ხდება. პოლონელებს იმედი გაუცრუვდათ, როცა ოლაფ შოლცმა Zeitenwende („ეპოქის შეცვლა“) გამოაცხადა, სინამდვილეში კი პრაქტიკულად არაფერი კეთდება.

თუ რაიმეს შეუძლია ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ურთიერთობის აღდგენა, ეს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებაა. გერმანია პოლონეთის ძირითად საქმიან პარტნიორად რჩება. გასულ წელს ორ მეზობელს შორის სავაჭრო საქონელთბრუნვა 14%-ით გაიზარდა. საავტომობილო კომპანიამ „მერსედეს-ბენცმა“ პოლონეთში ერთმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა და ელექტრომობილების ქარხანას აშენებს. არის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფაქტებიც.

პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი მხარს უჭერს პოლონეთ-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ანტირუსული სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ ემბარგოს გამოცხადების გათვალისწინებით. „გერმანია და პოლონეთი ერთმანეთისათვის ალტერნატიული მიმწოდებლების როლებს ასრულებენ“, – ამბობს ბეატა იავორჩიკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მთვარი ეკონომისტი.

მაგრამ პოლონელები თავიანთ პრეტენზიებს მაინც არ ივიწყებენ: მარტში გერმანიაში ვიზიტის დროს, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრემიერმა მათეუშ მორავეცკის არ მოერიდა და განაცხადა, რომ გერმმანიას პოლონეთისათვის რეპარაციები სრულად არ გადაუხდია. „ჩვენ 50 წელი დავკარგეთ მეორე მსოფლიო ომში თქვენგან მიყენებული ზარალით“, – თქვა მან.

გერმანია, რომლის არმია წლების განმავლობაში ცუდად ფინანსდებოდა, დღეს საკმაოდ ბევრ სირთულეს აწყდება. ბუნდესვერს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, დატოვოს თუ არა თავისი Patriot-ები პოლონეთში, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ივნისში. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ურთიერთობებში პოლიტიკა ბევრად ჩამოუვარდება ეკონომიკას. პოლიტიკა ისე სწრაფად ვერ ვითარდება, როგორც ეკონომიკა“, – ამბობს გერმანიის ელჩი ვარშავაში.

მაგრამ პოლკოვნიკ იორგ სივერსში, რომელიც გერმანიაში აპრილში დაბრუნდა, პოლონეთში ყოფნამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მისი აზრით, არ უნდა არსებობდეს ისეთი მიზეზი, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან გაჰყოფს. „პოლონეთი ევროპის შუაგულში მდებარეობს და რომ არა ზლოტებით გადახდა, ჩემს სამშობლოსაგან დიდ განსხვავებას ვერ შევამჩნევდი“, – ამბობს იგი, – „მე ჩრდილოეთ გერმანიიდან ვარ და რა თქმა უნდა, იუმორითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს“.

წყარო