Home Blog Page 1992

“თუ გვინდა, ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს” – გიგი უგულავა

მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, მას წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, რადგან ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რასაც მთელი წელია, ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა. დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ „ბარდაგს“ ვუსვამთ წერტილს, ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

“ჩვენ ერთიანობით, მათ შორის კოალიციური ერთობით, გამარჯვების შემდეგ გავაგრძელებთ „ვარდების რევოლუციის“ იდეას”

იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ჩვენ გვჭირდება უპრეცედენტო ერთობა და გამარჯვების რწმენა. ვირწმუნოთ გამარჯვების და გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის „რუსულმა რეჟიმმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ იდეებისთვის და მიღწევებისთვის დაატყვევა.

„დღეს თქვენს წინაშე პირველ სპიკერად და დღევანდელი დღის მთავარ გმირად უნდა იდგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია „ვარდების რევოლუციის“ მთავარი გმირი ქართველ ხალხთან ერთად. მთავარი სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი. სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისთვის და მიღწევებისთვის, ამიტომ იმყოფება ის დღეს საპყრობილეში. ამ სულისშემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და ის დროულად უნდა დავასრულოთ. მე მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ „ვარდების რევოლუციას“.

პრეზიდენტი სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან ვერ მოკლეს მასში „ვარდების რევოლუციის“ იდეა. ერთიანი,ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი საქართველოს იდეა. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ამოძრავებდა „ვარდების რევოლუციას“ და რომელიც ამძრავებს პრეზიდენტ სააკაშვილს და გვამოძრავებს ჩვენ. ეს არის იდეა, რომელიც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში, გონებაში და ამიტომ ვერასდროს მოკლავს მას ვერც ივანიშვილი და ვერც პუტინი.

სწორედ ამიტომ მჯერა დღეს, გამარჯვების და იმის, რომ ჩვენ ერთიანობით, მათ შორის კოალიციური ერთობით, გამარჯვების შემდეგ გავაგრძელებთ „ვარდების რევოლუციის“ იდეას და მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში და საქართველო შედგეს როგორც წარმატებული სახელმწიფო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაციონალური მოძრაობა” ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მანიფესტს არ შეუერთდება, ეს ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის კარი მანიფესტზე ხელმოწერისთვის ყველასთვის ღიაა.

“მანიფესტი არის “ნაციონალური მოძრაობის” განაცხადი, რომ გვაქვს ღია პლატფორმა და ვისაც აქვს სურვილი შემოერთდეს იმ პრინციპებს, რაც მანიფესტშია ჩამოწერილი, კარი ყველასთვის ღიაა. ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ. პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. “ნაციონალური მოძრაობა” ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოერთდება, ხოლო ვინც არ შემოერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” დატოვებენ, ჭიაბერაშვილმა განმარტა: “გადაწყვეტილება არის მანიფესტი და ახლა მანიფესტზე შეერთება-არ შეერთებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ”.

“ბულგარეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს”

ბულგარეთის მხარდაჭერა არის ცალსახა, მკაფიო და ამ თვალსაზრისით, შეიძლება, მშვიდად ვიყოთ, რომ ბულგარეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არა მხოლოდ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, მთავარია, შეიქმნას ორმხრივი ურთიერთობების ის მყარი საფუძვლები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას.

„ეს არის სწორედ მხარდაჭერის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ გვჭირდება ბულგარეთთან. ვინაიდან საქართველოც და ბულგარეთიც შავი ზღვის ქვეყნებია, შავი ზღვის მნიშვნელობა ნამდვილად გაზრდილია, ევროპისთვის დღეს მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და აქედან გამომდინარე, შავ ზღვაზე თანამშრომლობა განსაკუთრებული პრიორიტეტია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ბულგარეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გარეშე, შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა.

სწორედ ამიტომ, შავ ზღვაზე თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი ის საკითხია, რაც განიხილება საქართველოსა და ბულგარეთს შორის. პირველ რიგში, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და გაღრმავება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს ვიწრო და ფართო გაგებითაც, რაც ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის, ევროპული ეკონომიკური კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს არის საქართველოს როლი და ფუნქცია, წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით და ჰქონდეს განსაკუთრებული ღირებულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც საქართველოში, ასევე სოფიაში ორმხრივი ვიზიტების გაცვლით და ხელშეწყობით სხვადასხვა სფეროში კავშირების გაღრმავებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ჩერნობაევკა დაბომბეს

რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ჩერნობაევკა დაბომბეს. არსებული ცნობებით, დაღუპულია სამი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ასევე ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე და საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.

ერმაკის ცნობით, რუსეთის ძალებმა კასეტური ჭურვები გამოიყენეს.

ამას გარდა, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ოკუპანტებმა დრონით თავდასხმა განახორციელეს ხერსონის ოლქის დასახლება ბერისლავზე, რის შედეგადაც დაიღუპა ველოსიპედისტი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა.

“მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაციებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

„მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციებს დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხის შენარჩუნების, აგრეთვე, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.

“ამნისტიაზე, იდეურ ერთობაზე საუბარი გვესმის ადამიანისგან, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას ქადაგებდა და ყველანი ციხეშიო, გაჰყვიროდა”

ამნისტიაზე, იდეურ ერთობაზე საუბარი გვესმის ადამიანისგან, რომელიც „ნულოვან ტოლერანტობას“ ქადაგებდა და ყველანი ციხეშიო, გაჰყვიროდა. მას  ხალხი ბრიყვი ჰგონია, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ოპოზიციას, გაერთიანების გარდა, სხვა შანსი არ აქვს.

„ამნისტიაზე, იდეურ ერთობაზე საუბრობენ და ეს ვისგან გვესმის? იმ ადამიანისგან ხომ არ გვესმის, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას ქადაგებდა და ყველანი ციხეშიო, პარლამენტის ტრიბუნიდან გაჰყვიროდა. ეს ადამიანი ამ ყველაფერს მორჩეს. მატყუარა და ავანტიურისტი რომ არის, ეს გასაგებია. ხალხი ბრიყვი, სულელი და მეხსიერების გარეშე ჰგონია, რაც მეორე უბედურებაა. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ვინ უნდა შეიკრიბოს? „ლელოს“ და გახარიას ერთმანეთი დეკლარირებულად სძულთ. ნულს პლუს ნული არის ნული, მაგრამ აქ პარადოქსია – ერთს პლუს ერთი და კიდევ ერთი არის ნული. არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და მათ, გაერთიანების გარდა, სხვა შანსი არ აქვთ. ეს მათი ბოლო შანსია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხვდა, რომ ერთპროცენტიანია და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუერთიანდა, პრაგმატული გადაწყვეტილებაა. ხაბეიშვილმა პარტია დაშალა, ყველა გაუშვა და მანჯგალაძე შერჩა. გუშინწინ ხაბეიშვილი კეზერაშვილს ლანძღავდა და მისი ხელდასმული გახდა, ვაშაძე სააკაშვილს ლანძღავდა და „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერი გახდა. არ ვიცი, ბოლოს ვის და როგორ გაამარჯვებინა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვლადიმერ პუტინი მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომას ესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომას ესწრება.

მინსკში მიმდინარე შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები. საბჭოს სხდომაზე არ ჩასულა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თუმცა შეხვედრის ადგილზე, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით აღმართული იყო სომხეთის დროშაც.

როგორც ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ოპერატიულად ათანხმებდნენ პოზიციებს აქტუალურ პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზე, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის მწვავე პრობლემებზე, ასევე ავითარებდნენ კონტაქტებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დსთ-სთან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები საბრძოლო მზადყოფნის მხარდასაჭერად და სამხედრო კადრების მართვის სისტემისა და მათი გამოცდილების ამაღლების კუთხით.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარე მომავალი წლიდან ყაზახეთი გახდება.

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისია მიესალმება უნგრეთის აღდგენისა და გამძლეობის გეგმას და უნგრეთისთვის აქამდე გაყინული ფონდიდან 900 მილიონი ევროს წინასწარ გადახდას ადასტურებს.

ევროპულ საბჭოს ახლა ოთხი კვირა ექნება, რათა ევროკომისიის შეფასება დაამტკიცოს და უნგრეთს ამ თანხების მიღების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ დახმარებაზე წვდომა კორუფციისა და დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო დაბლოკა.

” ბეერის კიბუცში ისეთი რამ ვნახე და მოვისმინე, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ”-დევიდ კემერონი

ბეერის კიბუცში ისეთი რამ ვნახე და მოვისმინე, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა ისრაელელ კოლეგა ელი კოენთან ერთად ბეერის კიბუცში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

„მინდოდა, აქ მოვსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა იმ თავდასხმის საშინელი ბუნება, რომელიც 7 ოქტომბერს მოხდა. ისეთი რამ ვნახე და მოვისმინე, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ“, – განაცხადა მან ბეერის კიბუცში მცხოვრებ მოსახლეობას. დღეს ყველას გვაქვს იმედი, ვიხილოთ პროგრესი ჰუმანიტარული პაუზის მიმართულებით. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რათა გათავისუფლდნენ მძევლები, ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს“, – წერს კემერონი X-ზე.

 

 

“ქართული ოცნება”, რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა აღნიშნოს -თინა ბოკუჩავა

“ქართული ოცნება”, რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა თარიღი აღნიშნოს, – ასე ეხმაურება ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

მისი თქმით,  „ვარდების რევოლუცია“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

“სწორედ “ვარდების რევოლუციის” რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და გზა გაეკაფა ქვეყანას ევროპისკენ. ასე რომ, თუ “რუსულ ოცნებას” სურს, რომ ბიძინობა აღნიშნოს, აღნიშნონ მათ ბიძინობა, ჩვენ აღვნიშნავთ “ვარდების რევოლუციას”, გიორგობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს საქართველოს ეყოლება კოალიციური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც უკვე ერთობლივად აღნიშნავს “ვარდების რევოლუციის” 21 წლისთავს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ერთობის მანიფესტს, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში გაწერილია, თუმცა, მიიჩნევს, რომ პარტიის დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს.

“ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ნამდვილად არ იყვნენ ერთობაზე ორიენტირებულნი, ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაძლებლობას აძლევს, ხელი მოაწერონ ერთობის მანიფესტს და კვლავ გავერთიანდეთ საერთო გამარჯვებისთვის და იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე გველოდება. მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს ადამიანები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, თუ არ გამოიყენებენ, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, თავად აღმოჩნდებიან პარტიის მიღმა. პროცედურულ ტექნიკური ნაწილით არ დავინტერესებულვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში არის გაწერილი, სავარაუდოდ, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან გენმდივანი ან პოლიტსაბჭო იღებს ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივი ტექნიკური ნიუანსებით არ დავინტერესებულვარ, რადგან ვთვლი, რომ პარტიის დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს და ასე ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები გამოიყენებენ ერთობის მანიფესტის შესძლებლობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინ არის საქართველოს მეგობარი -გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინაა საქართველოს „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ მტერი“.

როგორც ის საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი და ევროკავშირი სწორ მხარეს დგას, თუმცა საქართველოს მთავრობა „მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი. 8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, ოკუპანტებმა ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს. ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება“,- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია.

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.