“ნაციონალური მოძრაობა” ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

95
spot_img

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მანიფესტს არ შეუერთდება, ეს ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის კარი მანიფესტზე ხელმოწერისთვის ყველასთვის ღიაა.

“მანიფესტი არის “ნაციონალური მოძრაობის” განაცხადი, რომ გვაქვს ღია პლატფორმა და ვისაც აქვს სურვილი შემოერთდეს იმ პრინციპებს, რაც მანიფესტშია ჩამოწერილი, კარი ყველასთვის ღიაა. ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ. პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. “ნაციონალური მოძრაობა” ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოერთდება, ხოლო ვინც არ შემოერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” დატოვებენ, ჭიაბერაშვილმა განმარტა: “გადაწყვეტილება არის მანიფესტი და ახლა მანიფესტზე შეერთება-არ შეერთებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ”.