რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომას ესწრება.
მინსკში მიმდინარე შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები. საბჭოს სხდომაზე არ ჩასულა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თუმცა შეხვედრის ადგილზე, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით აღმართული იყო სომხეთის დროშაც.
როგორც ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ოპერატიულად ათანხმებდნენ პოზიციებს აქტუალურ პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზე, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის მწვავე პრობლემებზე, ასევე ავითარებდნენ კონტაქტებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დსთ-სთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები საბრძოლო მზადყოფნის მხარდასაჭერად და სამხედრო კადრების მართვის სისტემისა და მათი გამოცდილების ამაღლების კუთხით.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარე მომავალი წლიდან ყაზახეთი გახდება.