“ქართული ოცნება”, რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა აღნიშნოს -თინა ბოკუჩავა

103
spot_img

“ქართული ოცნება”, რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა თარიღი აღნიშნოს, – ასე ეხმაურება ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

მისი თქმით,  „ვარდების რევოლუცია“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

“სწორედ “ვარდების რევოლუციის” რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და გზა გაეკაფა ქვეყანას ევროპისკენ. ასე რომ, თუ “რუსულ ოცნებას” სურს, რომ ბიძინობა აღნიშნოს, აღნიშნონ მათ ბიძინობა, ჩვენ აღვნიშნავთ “ვარდების რევოლუციას”, გიორგობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს საქართველოს ეყოლება კოალიციური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც უკვე ერთობლივად აღნიშნავს “ვარდების რევოლუციის” 21 წლისთავს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ერთობის მანიფესტს, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში გაწერილია, თუმცა, მიიჩნევს, რომ პარტიის დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს.

“ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ნამდვილად არ იყვნენ ერთობაზე ორიენტირებულნი, ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაძლებლობას აძლევს, ხელი მოაწერონ ერთობის მანიფესტს და კვლავ გავერთიანდეთ საერთო გამარჯვებისთვის და იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე გველოდება. მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს ადამიანები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, თუ არ გამოიყენებენ, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, თავად აღმოჩნდებიან პარტიის მიღმა. პროცედურულ ტექნიკური ნაწილით არ დავინტერესებულვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში არის გაწერილი, სავარაუდოდ, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან გენმდივანი ან პოლიტსაბჭო იღებს ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივი ტექნიკური ნიუანსებით არ დავინტერესებულვარ, რადგან ვთვლი, რომ პარტიის დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს და ასე ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები გამოიყენებენ ერთობის მანიფესტის შესძლებლობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.