Home Blog Page 1985

“თქვენ არც მშვიდობა გინდათ, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა გახარებთ”-მაია ბითაძე ოპოზიციას

ბოლო დროს დავიწყე ზოგიერთი ტელევიზიის ყურება და სიმართლე გითხრათ, შეუძლებელი იყო იმ ბოღმის, აგრესიის და შურის მოსმენა, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მოდიოდა. იმდენად, რომ ოპოზიციური არხების ჟურნალისტებიც კი გადარიეს რიგ შემთხვევაში, იმდენად დიდი ღვარძლი მოდიოდა მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ სრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან ასევე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ იმ არხებს უყურონ, რომლებიც აშუქებენ ყველაფერს, რასაც მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს.

„თქვენ მუდმივად დაკავებულები ხართ ადამიანების ბულინგით, ქმნით რაღაც ახალ ფორმატებს რაც მახსენებს 37 წელს, „პლაშიანი“ კომუნისტები რომ დადიოდნენ და ხალხის მტრების სიას ადგენდნენ. ოჯახებს აბულინგებთ და უფრო მეტიც, ბევრი სახელმწიფოს კრიტიკა მოვისმინეთ თქვენგან იმიტომ, რომ თქვენ ვიღაცები არ მოგწონთ. თქვენ არაფერი არ მოგწონთ და გწყინთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ მოვახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს გავხდით ენერგეტიკული გაერთიანების წევრები, ვაჭრობა დავიწყეთ ევროკავშირთან და ახლა მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციონერ კოლეგები კანონშემოქმედებით პროცესში არ მონაწილეობენ და ისიც კი არ იციან, რომ მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში 200-მდე სამართლებრივი აქტი და 11 სრულიად ახალი კანონია მიღებული.

„ქართველი ხალხი ხედავს იმას, რომ ოპოზიციას არც მშვიდობა უნდა, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ახარებს, მარტო იმით არის დაკავებული, რომ სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ და ოპოზიციას მიმართა, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, შეეცადონ პატრიოტული გრძნობა აამოქმედონ და ერთად იზეიმონ „ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი.“

“კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი – მაღალი ალბათობით, სტატუსი მოგვენიჭება”

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, ვიდრე შეიძლება გვქონოდა თვეების წინ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „შანსები არის „თვისობრივად გაუმჯობესებული“ და ეს დაეტყო ოპოზიციის რიტორიკასაც.

„ისინი საუბრობენ სტატუსის მეორეხარისხოვან მნიშვნელობაზე, ხოლო თავის დროზე ამბობდნენ, რომ ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა საპირისპიროს ამბობენ, რომ აღარაფერს ნიშნავს. ეს რიტორიკაც იმაზე მიანიშნებს, რიმ მწიფდება გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში აწარმოებდნენ საპირისპირო აგიტაციას, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ გადაწყვეტილების მიმღებნი, რომ არ მოენიჭებინათ ჩვენთვის სტატუსი, ამაში ამხილა კოლეგები ხათუნა სამნიძემ, სხვებმაც დაიწყეს ამაზე საუბარი, რასაც ვამტკიცებდით მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში, იმაზე ალაპარაკდა ახლა ოპოზიციის ნაწილი, რომ მიდიოდა პირდაპირ აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად დეკემბერში, მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება სტატუსი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და იმედი გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დადებითი,“ – განაცხადა კობახიძემ.

“შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებული მონური მორჩილებით გამოირჩევა” – თინა ბოკუჩავა

შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებული მონური მორჩილებით გამოირჩევა – არ ღელავს საკუთარ პოლიტიკურ რეპუტაციაზე, რადგან კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ პაპუაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ არ შეუშვას დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან, არღვევს რეგლამენტს და კონსტიტუციას.

“ოცნების” მმართველობის დროსაც კი, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს ერიდებოდა ყველა პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ განსაკუთრებული მონური მორჩილებით გამოირჩევა შალვა პაპუაშვილი, რომელიც არ ღელავს საკუთარ პოლიტიკურ რეპუტაციაზე, რადგან კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდება. ის არის პირველი თავმჯდომარე, მათ შორის “ოცნების” მმართველობის პირობებში, რომელმაც ყველა დეპუტატს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, აუკრძალა შესვლის უფლება სააკაშვილთან და ამით დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუცია,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, ბოკუჩავა გამოეხმაურა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ რეპლიკებს და განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა, ეს გასაკვირი არ არის.

“საგულისხმოა, რომ “რუსული ოცნების” კაცი დეპუტატები განსაკუთრებულ ტარგეტირებას უკეთებენ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რადგან ხედავენ, რომ უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის და ამას გავაგრძელებთ მიუხედავად მათი მცდელობისა. ბუნებრივია, ეს გასაკვირი არ არის “ოცნების” მხრიდან, რომელმაც ქალის წინააღმდეგ მოძალადე, არამცთუ დაასანქცირა, არამედ დააწინაურა, როცა პარლამენტის რიგითი წევრი პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აქცია, როგორც ირაკლი კობახიძის ხელქვეითი პარლამენტში,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველის 4 ნიმუშში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა

ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად, 4 ნიმუშში რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა მცენარეული ცხიმები: შპს „ბა. გი“, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%); შპს „სუელი“, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 14 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (12%); ი/მ – მის: წალკა, სოფ. საყდრიონი – ყველი იმერული (დამზადების თარიღი 11.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 15 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (16%); ი/მ – მის: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორლოვკა – ყველი იმერული „მელანია“ (დამზადების თარიღი 03.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 03.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (20%).

გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა. ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ – ჯაყოს ხიზნების რეინკარნაცია რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე!

3 და 5 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, ვაჟა გიგაშვილის რომანის ,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“-ის მიხედვით დადგმული სპექტკალის პრემიერას წარმოადგენს.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პიესის მთავარი პერსონაჟი ნოდარ ყაფლანიშვილი, ახალი ქართველების ტიპური წარმომადგენელია, აგრესიული, დაუნდობელი, მაგრამ შინაგანად მშიშარა, რომელიც იწყებს ლიახვის ხეობაში არსებული წინაპართა საკუთრების დაბრუნებას;

,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ – „ჯაყოს ხიზნების“ ერთგვარი ინტერპრეტაციაა. ნოდარ ყაფლანიშვილი და იორამ შათირიშვილი, – თანამედროვე ჯაყოსა და თეიმურაზის პროტოტიპები არიან.

ყაფლანიშვილი ნებისმიერ ფასად ცდილობს მიისაკუთროს ყველაფერი, რაც მოესურვება. მისი მტაცებლური ხასიათი ვერ ეგუება დამარცხებას. ის, ხელმოკლე, თუმცა მორალური თვისებებით აღჭურვილი იორამის დახმარებით, ცდილობს თავისი თავადური წარმომავლობის დადგენას. გაიძვერა ყაფლანიშვილი კრიმინალური დამნაშავეა, რომელიც უკანონო გზით ცდილობს ქონების დაპატრონებას და ძალადობს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე.

ვაჟა გიგაშვილმა რომანი – ,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ თავის დროზე კინოს გადაღების მიზნით დაწერა, თუმცა მისი სურვილი არ შესრულდა, რაც შეეხება თეატრალურ ვერსიას რუსთავის თეატრი მას პირველად წარმოადგენს.

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი: სოსო ნემსაძე
ავტორი: ვაჟა გიგაშვილი. ინსცენირება ედუარდ უგულავა
მხატვარი: აივენგო ჭელიძე, ნანა გაბელაია
კომპოზიტორი: ლევან ჯაფარიძე
რეჟისორის ასისტენტი: ინა ხომასურიძე

მოქმედი პირები და შემსრულებლები:

ნოდარ ყაფლანიშვილი – ბაჩო ქაჯაია / ნიკა გაგნიძე
იორამ შათირიშვილი (ისტორიკოსი) – ვაკო კობერიძე / ნიკა გვაზავა
ზეინაბი (იორამის ცოლი) – ანა მაქაცარია / ალექსანდრა თელია
გივი ვაშალომიძე – ზვიად დოლიძე
ჯოტო (ნოდარის მძღოლი) – ირაკლი ჯიშკარიანი
ზურაბი (ნაშინდარის გამგებელი) – სოსო ელიზბარაშვილი
გამომძიებელი – ლეონტი შიოშვილი
გრძელკეპიანი – გიორგი ტოჩილაშვილი
ჟორა (კაზინოს მფლობელი) – გიორგი ბუაძე
თეა (კაზინოს თანამშრომელი) – მაია ჯავახიშვილი
მინისტრი – არჩილ მაკალათია
პეტრე (ნაშინდარის მკვიდრი) – ნუკრი არჩვაძე
ნინა (სკოლის დირექტორი) – ეკატერინე ქვრივიშვილი
ნივთებით მოვაჭრე – რეზო კოღოშვილი, ლაშა კანკავა
გოდერძი (ნაშინდარის მკვიდრი) – რეზი ბაღაშვილი
ნიკო (ნაშინდარის მკვიდრი) – სპარტაკ კიკნაძე
კოტე (ნაშინდარის მკვიდრი) – კუკური ბექაია
გლეხის გოგო – ნანა ბიბილაშვილი, ნია ტოგონიძე
მიმტანი – ვატო სანიკიძე

“გვაქვს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიასა და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება” – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას თუ განაგრძობს, ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ინფორმაცია აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება.

„სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გააქტიურების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება. ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში, ამ პარტიასაც არავითარი წარმატების შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“მინდა დაველაპარაკო სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენს მიერ” – ხვიჩია უმრავლესობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები ირღვევა, რადგან მას კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ ეძლევა.

„საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ რა უნდა „ნაცმოძრაობას“, იმიტომ, რომ თუ მასთან ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას.

მსურდა გადამეცა მისთვის, რომ თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები, წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგიერთი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტიის წევრები ეგუებიან, რომ მასთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას.

“კითხვა მაქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან, როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ” -ნიკა მელია

პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი „ოცნების“ ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან, როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?! 12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა. პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი „ოცნების“ ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში“, – წერს ნიკა მელია.

https://www.facebook.com/nick.melia.165/posts/10168173289260167?ref=embed_post

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი ამ ადამიანმა გაუკეთა” – ხატია დეკანოიძე ხაბეიშვილზე

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი ამ ადამიანმა (ლევან ხაბეიშვილმა) გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო – ამით „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდი საჩუქარი – დაშლილი და დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო, – ასე ეხმაურება დეპუტატი ხატია დეკანოიძე ყოფილი თანაგუნდელის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თქმით, კანდიდატის სტატუსის თემაზე დეკანოიძემ და სამნიძემ მიზანმიმართულად, რუსული პარტიის საამებელი განცხადებები გააკეთეს.

დეკანოიძემ ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენელი“ უწოდა.

„არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც ცვლილება უნდა და ვინც საკუთარი შვილების მომავალს ევროპაში ხედავს, ქვეყნიდან წასვლა უნდოდეთ. მათი სურვილია საქართველოში იცხოვრონ. არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი მედიათემა, რომელიც არა ხალხის ინტერესს, არამედ კონკრეტული ადამიანების ვიწრო ინტერესს ასახავს. თუ რაიმე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და საკითხი არაფორმალური მმართველობის დამაზიანებელი ეფექტისაგან გადააქვს, სწორედ ეს არის. მე ხალხი და პოლიტიკაში მათი ინტერესის ასახვა მაინტერესებს. გადით ქუჩაში და იკითხეთ, ხაბეიშვილის პოზიცია ვინმეს აინტერესებს?! – თვითონ პარტიამაც კი, საერთაშორისო წარმომადგენლობაში, ის სხვა პარტიის თავმჯდომარით ჩაანაცვლა“, – განაცხადა დეკანოიძემ ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ.

“ვიბრძოლებთ ხეივნებში, გვირაბებში და სადაც საჭირო იქნება”-“ცაჰალის” გენერალი სამხედროებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა სამხრეთის სარდლობის მეთაურის, გენერალ იარონ ფინკელმანის მიმართვა ღაზის სექტორში მებრძოლი სამხედროებისადმი, რომელშიც გენერალი ამბობს, რომ გამარჯვების გარდა ისრაელისთვის სხვა შედეგი არ არსებობს.

„ვიწყებთ თავდასხმას „ჰამასსა“ და ტერორისტულ დაჯგუფებებზე ღაზის სექტორში. ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გაგრძელდება ბრძოლა, რაოდენ რთული იქნება ის, გამარჯვების გარდა სხვა შედეგი არ არსებობს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძლიერად და პროფესიონალურად, როგორც შეესაბამება ისრაელის თავდაცვის ძალებს ღირებულებებს. ვიბრძოლებთ ხეივნებში, გვირაბებში და სადაც საჭირო იქნება“, – განაცხადა გენერალმა ფინკელმანმა.

ისრაელის ქალაქ ეილათზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობას იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფება იღებს

ისრაელის ქალაქ ეილათზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობას იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფება იღებს, – ინფორმაცია სააგენტო AFP-ის, ჰუსიტების ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, აბდელ-აზიზ ბინ ჰაბტურმა დაუდასტურა.

„უპილოტო საფრენი აპარატები იემენის სახელმწიფოს ეკუთვნის“, – განაცხადა აბდელ-აზიზ ბინ ჰაბტურმა.

ცნობისთვის, დღეს, სამხრეთ ისრაელში განგაში გამოცხადდა და ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა წითელი ზღვის თავზე „საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა . ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფოს დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული ოფისი, სადაც 324 თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარე წელს, მეორედ გაიზარდა  თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც  2023 წლიდან ისევ მოიმატებს.  დაინერგა ახალი სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უნდა აკმაყოფილებდნენ.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 რეანიმობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლის ივლისში შეიძინა. მათი,  გადანაწილება გადაუდებელი დახმარების ცენტრებში  ეტაპობრივად გრძელდება.  ავტომობილები, ჯანდაცვის სამინისტრომ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შეიძინა.