,,ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი”- გაგლოევი ფაშინიანის განცხადებაზე

69
spot_img

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თქვა, რომ „ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს მისი აზრი არ აინტერესებთ“. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ჩვენ პატივს ვცემთ სომეხ ხალხს, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მძიმე ვითარებაში დატოვა მთიანი ყარაბაღი. მან უღალატა საკუთარ ხალხს, ძირითადად ეროვნებით სომხებს, რომლებიც სომხეთისგან დახმარებას ელოდნენ. პაშინიანს არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ეღიარებინა არცახის დამოუკიდებლობა. ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი.

დღეს სამხრეთ ოსეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის და რიგი სხვა ქვეყნების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა გაგლოევმა.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს, პირდაპირ ეთერში, კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.