Home Blog Page 1985

“პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, არ იღებდა” – თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს

პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა – სრულიად გაუმართლებელია თქვენი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ, – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია და მასთან პირადი კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისთვის მნიშვნელოვანია.

„სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა. თქვენ არაერთხელ მოგმართეთ, მათ შორს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით და ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრებისთვის. არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, განმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პუტინი დაღესტანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებსა და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ „დასავლეთის მცდელობებს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საზოგადოების გახლეჩად გამოიყენოს“.

„პრეზიდენტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და აქცევს ამ თემას. გასულ კვირას მან შეხვედრა გამართა რელიგიური კონფესიების ლიდერებთან, სადაც ეს თემა განიხილეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.

შეხვედრას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე ალექსანდრე გოროვოი დაესწრებიან.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 60 პირი დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია.

“დივერსიაზე ვინ ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს”

დივერსიაზე ვინ ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში. ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი და მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

„მინისტრთა კაბინეტის წევრებმა [მთავრობის სხდომაზე] განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია -დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელი, „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის, შანი ლუკის გარდაცვალებას ადასტურებს

გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გერმანიისა და ისრაელის მოქალაქის, 23 წლის შანი ლუკის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შანი ლუკი „ნოვას” მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, როდესაც 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს.

“ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია” – ჯანდაცვის სამინისტრო

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ უზრუნველყო, არ დასტურდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის, ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულ მკურნალობას. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში, 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც, უახლოეს დღეებში, დაიწყებენ მკურნალობას, საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი იქნება თუ არაქართველი, მავნებელია ის, ვინც სტატუსს ეწინააღმდეგება -ალეკო ელისაშვილი

მავნებელია, ვინც სტატუსს ეწინააღმდეგება, იქნება ის ქართველი თუ არაქართველი. გული მისკდება, ისე ველოდები სტატუსს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სტატუსის მიღებით ქვეყანა სარგებელს მიიღებს.

„მმართველი გუნდისგან განსხვავებით, არ ვიცი, მოგვცემენ თუ არა სტატუსს. ამბობდნენ, შანსები 50-50-ზე არის, ახლა შანსებმა მოიმატაო. მინდა, სტატუსი მივიღოთ, გული მისკდება, ისე მინდა. უარყოფითი დასკვნა რომ იყოს და სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ჩვენი ძალიან დიდი მარცხი იქნება. სტატუსს თუ მივიღებთ, უბრალო ხალხი იხეირებს, მაგალითად, მძღოლები, რომლებსაც სტატუსის მოპოვების შემდეგ მიეცემათ უფლება, დიდ სატვირთო მანქანებზე, ტრაილერებზე დასხდნენ ევროპაში. ძალიან იხეირა მოლდოვამ, ეს მათთვის კარგი შემოსავალია. უკრაინა ვერ ხეირობს, რადგან ქვეყნიდან კაცების გასვლა აკრძალულია. ასევე, სტატუსის მიღების შემდეგ გაგვეზრდება ფონდებზე წვდომა. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სტატუსის მიღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სტატუსს ვინც ეწინააღმდეგება, ის მავნებელია, ქართველი იქნება თუ არაქართველი. გული მისკდება, ისე ველოდები სტატუსს. მოგვცემენ თუ არა სტატუსს, მარჩიელობას არ ვაპირებ. მაკრონს და შოლცს მე არ შევხვედრივარ პირისპირ, რომ მათთვის მეკითხა. ვინც მათ ხვდება, იმას არ უშვებენ – აგერ, სალომე ზურაბიშვილს არ უშვებენ. მინდა, რომ სტატუსი მოგვცენ.

მეც ვხვდები ხოლმე უცხოელებს, მათ შორის საზღვარგარეთ და საქართველოშიც. ჩემთან ასე პირდაპირ დახურულ შეხვედრაზე უცხოელებს შეშფოთება არ გამოუთქვამთ. ჩემთვის დაუსვამთ კითხვები, სტატუსის მიღების შემთხვევაში რა მოხდება, რა შეიცვლება საქართველოში და ვერმიღების შემთხვევაში რა შეიცვლება, როგორ ვფიქრობ მე და ჩემი პარტია, რა არგუმენტებია ერთის ან მეორის სასარგებლოდ. ჩვენ ვამბობთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში თუ არა, სტატუსი უნდა მიიღოს ხალხმა და არა – მთავრობამ. პირდაპირ რომ ეთქვათ, სხვებს არ უნდათ და თქვენ რას ფიქრობთო, ასეთი რამ ჩვენი პარტიის პრაქტიკაში არ ყოფილა. ხათუნას და ხატიას ასეთი რამ თუ უთხრეს, მათ ჰკითხეთ. ქართველი პოლიტიკოსი თუ ვინმეა ასეთი, რომელიც უცხოელებს ეუბნება, საქართველოს არ მისცეთ სტატუსი, რადგან „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაშიო, მავნებელია, ვერ ვხდები, როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდე სტატუსის მიღებას, სტატუსით იხეირებს ხალხი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, პარტნიორული ხასიათის გაღრმავების გაგრძელება”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსა და ირანთან ურთიერთობების მეგობრული ხასიათის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამის შესახებ, სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთს ჰყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და არსებული შესაძლებლობა მათთან ურთიერთობებში იმალება.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო წესრიგის ჩამოშლის პირობებში, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი ინსტრუმენტი არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან.

„ამ აღქმიდან გამომდინარე, საკვანძო, პრაქტიკული პრობლემა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება. დასავლეთი-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის საკითხების გლობალური განხილვის წინ მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვიმყოფებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჩვენ გვყავს ოთხი მეზობელი და მათთან ურთიერთობებში იმალება ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გვქონდეს. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, პარტნიორული ხასიათის გაღრმავების გაგრძელება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სააკაშვილი მწვავე კონკურენციას გრძნობს, რადგან მისი გუნდი ფულისა და ტელევიზიების გადანაწილებით არის დაკავებული, ამიტომ სურს, ყურადღების ცენტრში დარჩეს -თალაკვაძე

სააკაშვილი მწვავე კონკურენციას გრძნობს, რადგან მისი გუნდი ფულისა და ტელევიზიების გადანაწილებით არის დაკავებული, ამიტომ სურს, ყურადღების ცენტრში დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებებზე.

„მიხეილ სააკაშვილს ბევრი მნახველი ჰყავს, ვინც იმ ინფორმაციებს ისმენს, რაც მას სიამოვნებს და მოსწონს. ასევე ის უყურებს ტელევიზორს, სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება და მისი პირობები მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სამწუხაროა, რომ მისი გარემოცვა პირობებზე სპეკულაციებს ისევ აგრძელებს. რიტორიკა შეცვალეს, თუმცა ეს ადამიანები არ ჩერდებიან და ლობისტების დაქირავებას აგრძელებენ. სააკაშვილის განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვს – მისი გუნდი, მისი პარტიის გუნდი ფულისა და ტელევიზიების გადანაწილებით არის დაკავებული და სააკაშვილი მწვავე კონკურენციას გრძნობს, რის გამოც სურს, ყურადღების ცენტრში და ყოველდღიურ ნიუსებში დარჩეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის შემდეგ პროექტის „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“ შეხვედრები გორსა და თელავში გაიმართება.

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თუ გსურს გაიგო მეტი პროექტზე და გასცე პასუხი კითხვებს: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროექტი? როგორ უნდა მოხვდე სრულად დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კურსებზე? რას ისწავლი, როგორ ისწავლი და სად შეძლებ დასაქმებას?  შემოგვიერთდი პროექტის საინფორმაციო შეხვედრებზე გორსა და თელავში გაიმართება:

  • გორი | 3 ნოემბერი, 15:00 | ჭავჭავაძის ქ. #53, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული) |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/AXd7pN3rW7
  • თელავი | 6 ნოემბერი, 15:00 | რუსთაველის გამზ. #11, თელავის ტექნოპარკი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/czQnf0JBa8

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია!

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული მიმართულებებში.

R

“სააკაშვილი და მისი ბანდა დაინტერესებული არიან, ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა იყოს” – ალუდა ღუდუშაური

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს თუ გადავხედავთ, სრულიად ნათელია, რომ ეს არის ადამიანი, ვინც აშკარად გამოხატავს სურვილს, ზრახვას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სწორედ სააკაშვილია ის, ვინც ამ მიზნისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

„სააკაშვილმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას: რა მიზანს ემსახურებოდა ქვეყანაში იმ ფორმით შემოსვლა? მისი მიზანი იყო, არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყო, უფრო მეტიც, ქართველი ხალხის სისხლისღვრა. მათი მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ. ქვეყანას არეულობა და დაპირისპირება არ სჭირდება, სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა. თუ ფიქრობენ, რომ თავიანთი განცხადებებით თავს გადაიზღვევენ, ვერავინ დააღწევს თავს იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა ჰქვია. სააკაშვილი და მისი ბანდა დაინტერესებული არიან, რომ ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა იყოს. ეს ადამიანები ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას ამართლებდნენ. ესენი არიან ამის წამახალისებელები“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის განმარტებით, როგორც ჩანს, საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ არის მცდელობა, ეს პროცესი გააუბრალოონ და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას.

„კარგად გვახსოვს მათი ზრახვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში აპოკალიფსს მოაწყობდნენ. ახლა ცდილობენ, რომ ეს პროცესი გააუბრალოონ. სააკაშვილი უღირსად და ამორალურად იქცევა. არ მგონია, რომ დედამიწაზე დარჩენილია ვინმე, ვინც მას ღირსებისა და მორალის მქონე პირად აღიქვამს. ეს არის ადამიანობისგან დაცლილი, ფარჩაკი და ბოროტი ადამიანი, რომელიც საქართველოს განვითარებას პირდაპირ ებრძვის. ეს გვაძლევს კიდევ მეტ მოტივაციას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს და არა ისეთი, როგორიც სააკაშვილს, ადეიშვილს უნდათ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ასევე იმსჯელეს 75 დევნილი ოჯახისთვის (196 პირი) საერთო სარგებლობაში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. გადასაცემი ქონება თბილისსა და დაბა წყნეთში მდებარეობს. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი უპირველესია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება, რომ არცერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.