Home Blog Page 1985

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ბინას აქირავებს და ქირაობს

გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ადამიანის პრობლემას მოაგვარებს. ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოსახლება შესაძლებელი სასამართლოს გარეშე გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს, დოკუმენტი კი კანონმდებლების მაგიდაზე უახლოეს პერიოდში მოხვდება. სიახლის მიხედვით, მომხმარებელი ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში შეძლებს, სადაც მითითებული იქნება, რომ მოქირავეს ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს.

უკვე მეორე დღეა მარი ნაჩხატაშვილს საკუთარ ბინაში ცხოვრება უცხო პირებთან ერთად უწევს. გაუსაძლის სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დამქირავებელმა ჯერ ქირის გადახდაზე თქვა უარი, შემდეგ კი ბინის დაცლაზე.

მარი ნაჩხატაშვილმა და მისმა მეუღლემ ბინა ოჯახს მაისის დასაწყისში მიაქირავეს. სწორედ აქედან დაიწყო მათი პრობლემებიც. ორი თვის წინასწარ მიღებული ქირის შემდეგ, დამქირავებლებს მათთვის აღარაფერი გადაუხდიათ იმ მიზეზით, რომ ბინის მდგომარეობა მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და პირობები გაუსაძლისია.

დამქირავებლები ამტკიცებენ, რომ ბინა მათ მფლობელობაშია.

მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში არაერთ სხვა გამქირავებელსაც აწუხებს. მაშინ, როცა დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. რიგ შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო ბინის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს. უწყება დღეს მუშაობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს – ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი.

პრობლემის მასშტაბზე და ახალ ინიციატივაზე იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

ცვლილებაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. სულ მალე კი, ის დასამტკიცებლად კანონპროექტის სახით პარლამენტში გაიგზავნება.

“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ კარავი”- აქციის ორგანიზატორი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოს გარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, რადგან ისინი შენობის ეზოში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს, იძულებულები არიან, კარავი გარეთ გაშალონ. კარვის გაშლას ტერიტორიაზე შეკრებილები ტაშითა და შეძახილით: “გავიმარჯვეთ” შეხვდნენ.

“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ ის კარავი, რაც დაგვრჩა. ამ ეტაპზე, გამოდის, რომ კარავი გაიშალა. ამასთან, ახლა გაგვაგებინეს რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სამინისტროს ეზოში შესულიყვნენ, რათა კარავი იქ გაეშალათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

თოვის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად სწრაფად და ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ – ამ დღეს ნებისმიერი, უწყინარი საუბარი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და ცხოვრებაში საქმისთვის გაცილებით მეტი დრო დაგრჩებათ.

კურო

რთული და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ელვისებური რეაგირება და გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, ისარგებლოთ შანსით, რომელსაც ბედი გიმზადებთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

ტყუპები

გირჩევთ, ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და აგრესიას. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ, ამიტომ სხვები შეცდომების გამო არ უნდა დატუქსოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ თანამოსაუბრე უფრო ფრთხილად უნდა აირჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის ყველაზე უფროს და უმცროს წევრებს. გამორიცხული არაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა, რომელსაც მალე დაძლევთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, ნებისმიერ წვრილმანზე ბრაზდებით და განწყობა გიფუჭდებათ, ამიტომ ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სხვა დღისთვის გადადოთ, როცა ცივი გონებით შეძლებთ სწორი დასკვნების გაკეთებას

ლომი

ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება უნდა მოასწროთ. შეეგუეთ, რომ თქვენი რჩევა და დახმარება ყველას ერთდროულად დასჭირდება. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისგან უმნიშვნელო საკითხებზე არ გადაიტანოთ. საოჯახო საქმეებსაც თქვენი ყურადღება სჭირდება.

ქალწული

ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია, რაც ხელს გიშლით, რომ ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აირჩიოთ და მთელი ენერგია მათი განხორციელებისკენ მიმართოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყველა რისკი გამოთვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

სასწორი

ენდეთ საკუთარ ინტუიციას – დღეს ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. გაატარეთ საღამო ახლო მეგობრების გარემოცვაში და თქვენთვის საინტერესო საკითხები განიხილეთ. ერთი შეხედვით, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები სიტუაციას მხოლოდ აუარესებს, თუმცა რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ, რაც მომხდარის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. მიეცით მათ მეტი დრო და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭირეთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, პარტნიორის აზრი უფრო ხშირად გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენმა გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ. მაღაზიებში გასეირნება კი სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ – შესაძლოა, სახლისთვის რაღაც ძალიან ლამაზი იყიდოთ.

თხის რქა

შესაძლოა, ოჯახთან ან ახლო ნათესავთან დაკავშირებული საკითხი გაწუხებთ, თუმცა დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ვიღაცას საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. დროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებაზე იზრუნოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. ეს გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. ამ გზით შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ჰობი ან ისეთით დაინტერესდეთ, რაზედაც აქამდე არასდროს გიფიქრიათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

,,ამერიკაში და ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ელექტრონული არჩევნებია, იქაც რუსული წესით ტარდება?”- ცაგარეიშვილი

ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ეს ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით.

„ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო. უამრავი კონფერენცია მახსოვს, იმდროინდელი ოპოზიციის უამრავი თავყრილობა, რომელიც ითხოვდა სწორედ ელექტრონული წესით არჩევნებს, ახლა ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ამ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით. რატომ, ამერიკაში რუსული ყაიდით ტარდება არჩევნები და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, სადაც ელექტრონული წესით არჩევნებია, რუსული წესით ტარდება არჩევნები? – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს.

ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარებმა ჩაატარეს მოქმედებები ზაიტუნისა და ჯაბალიას რაიონებში, რომლის დროსაც ისინი შეხვდნენ ტერორისტებს, რომლებიც განზრახ მოქმედებდნენ სამოქალაქო ტერიტორიებიდან და თავს ესხმოდნენ ჯარებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით.

IDF-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ისრაელის ძალებმა მოკლეს „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი და დაარტყეს ტერორისტების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რაოდენობას.

უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს – ორბანი

უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს, – ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

„ჩვენ უნდა ვთქვათ არა, რადგან ის არამდგრადია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელი ანადგურებს ევროპას“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ორბანმა დასძინა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბრიუსელში რადიკალური ცვლილებები მოხდება.

„ჩვენი ამოცანა იქნება ბრიუსელის მხრიდან მცდარი დაპირების გამოსწორება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“, – აღნიშნა ორბანმა.

,,ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად – სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც უწყება რაჭის ტყეების თემას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა, რადგან ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობდა.

უწყების განმარტებითვე, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება ვერ მოხდება.

„ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.

რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს”- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა, თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში, რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს განუცხადა.

როგორც პია კაუმამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე განაცხადა, ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მხრივ. “მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, საკუთარი თვალით გავეცანით სიტუაციას. ვნახეთ, როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას.

იქ საკუთარი თვალით ვნახეთ სიტუაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები და ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით.” – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 13 პირი დააკავა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 13 პირი.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

„ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ“- აქციის მონაწილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი დააკავა.

მათივე თქმით, არ იციან, სად წაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებულები. ისინი პოლიციისგან აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ კარვები ჩამოართვა. მათ სამართალდამცველებს კარვების დაბრუნების მოთხოვნითაც მიმართეს.

„ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულები არიან: რიონის ხეობის მოძრაობის წევრები – ვარლამ გოლეთიანი, გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე, ასევე, “პუბლიკას” ჟურნალისტი რატი რატიანი მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია.

,,საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შეუწყოს ხელი” – სამხარაძე

მინდა მადლიერება გამოვხატო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ვიზიტის გამო. ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებების ნახვა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი. მისივე თქმით, რეგიონში განგრძობადი მშვიდობის დამყარების მიზნით, საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლი შეასრულოს. “ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება, რომლებსაც რუსეთის ოკუპაციის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ უკვე 15 წელზე მეტია, ზოგიერთ მათგანს კი – უკვე 30 წელია.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის. მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, მზად ვართ, შევთავაზოთ მათ თბილისი, როგორც მოლაპარაკების ადგილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მზადყოფნით, რომელიც გამოხატეს საჯაროდ და ოფიციალურად, ვიზეიმებთ გრძელვადიან მშვიდობას ჩვენს ორ ძმურ მეზობელ ერს შორის მომდევნო თვეების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენის მხრივ, საქართველო მზად არის ფასილიტაციისთვის.” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.