Home Blog Page 1981

“შუა დერეფანი”- 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?”-Voice of America

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „შუა დერეფანი“: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?“, რომელშიც განხილულია ამ დღეებში თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიების – „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს წამოჭრილი კრიტიკული საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2030 წლისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის გადმორთვა მოხდება და ამ დროისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს რომ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება თავისუფლად შეძლოს. ეს იყო თბილისში დასრულებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი მესიჯი.

ფორუმს, რომელიც მეოთხედ გაიმართა, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან ერთად, 2000-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

„შუა დერეფნის“ შესახებ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საზღვაო და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციების გენმდივნებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, თუ, ადრე „შუა დერეფანს“ სარეზერვოდ განიხილავდნენ, ახლა სურთ რომ ძირითად დერეფნად გამოიყენონ. ეს ქვეყნები, ამ მიზნით ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ საკუთარი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა, რომელიც ფორუმზე რამდენიმე პანელურ დისკუსიას დაესწრო. მისი თქმით, „ასეთ ვითარებაში, საქართველო განზე ვერ გადგება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დროულად ვერცერთი ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განვახორციელეთ, დაწყებული ანაკლიის პორტიდან, დამთავრებული რკინიგზის მოდერნიზაციით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალით. თვითონ ეს ქვეყნები გვაიძულებენ რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. ეს იყო სწორედ ამ ფორუმის მთავარი მესიჯი“ – მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთბრუნვის გაზრდისთვის, აუცილებელია ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, რომელსაც 2023 წელს წესით, პანამაქსის ტიპის გემები უნდა მიეღო, თუმცა, პროექტი გაჩერდა და ხელახლა დასაწყები გახდა.

ასევე უმნიშვნელოვანესია რკინიგზის მოდერნიზაციის (უნდა დასრულებულიყო 2019 წელს), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დასრულება. ეს მშენებლობები 2006-07 წლებში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” დროში წლობით გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ახალ თარიღად, 2024 წლის ბოლო დაასახელა.
„საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. 2024 წლის ბოლომდე, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში“ – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

შუა აზიიდან ახალი ტვირთების მისაღებად, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად რუსეთზე გამავალ „ჩრდილოეთის დერეფნის“ მეშვეობით მოძრაობს, ექსპერტების თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, ყაზახეთის მფლობელობაში არსებულ ბათუმის ნავსადგურში, წინასაპორტო და სარკინიგზო სადგურის გაძლიერება მოხდეს.

პარალელურად, მთლიანად უნდა განახლდეს სავაგონო პარკი, მოეწყოს გაზის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და პორტებში გაიზარდოს საკონტეინერო სიმძლავრეები. დღეისათვის, ფოთის პორტს მოზღვავებული ტვირთის გატარება უკვე უჭირს.

„ნავთობპროდუქტების გადაზიდვისგან განსხვავებით, მშრალი და ნაყარი ტვირთების გადმორთვას ჩვენს დერეფანში, ჩემი აზრით, უფრო ცოტა 3-5 წელი ესაჭიროება“ – ამბობს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, „ამისთვის აუცილებელია ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მოეწყოს ტერმინალები ნაყარი და ქიმიური, ტვირთებისთვის, იგივე გადამუშავებული ლითონის და ქვანახშირისთვის. ყაზახეთიდან ჩანს რომ ეს იქნება მთავარი ტვირთი და წამოვა ჩვენი მიმართულებით“.

თბილისის ფორუმზე, „შუა დერეფნის“ განვითარების მიზნით, ბაქოს პორტის გარდა, ყულევის პორტის განვითარებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.

„ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ანაკლიის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში“ – აღნიშნა ალი ასადოვმა.
„კითხვები აზერბაიჯანის მიმართაც არის. აზერბაიჯანი ფლობს ყულევის პორტს, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია, რეალურად ბოლო 10 წლის მანძილზე, 1.5-2 მილიონ ტონას ატარებს ანუ რეზერვი 80% აქვს. თანაც არავის არ უშვებს ყულევში, უცხო გადამზიდავს, აქ ვერავინ კითხვის ნიშანს ვერ სვამს, ვერც ჩვენი მთავრობა. გაუგებარია, ყულევის სიმძლავრეს ვერ ითვისებს და ანაკლიაზე საუბრობს? ამდენი წლის მანძილზე, აზერბაიჯანმა ვერც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასრულა. ამ რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონი ტონაა და ნახევარი მილიონიც არ გადის, ეს ყველაფერი ტვირთბრუნვაზე აისახება“ – მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
2023 წლის თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ „შუა დერეფანში“ ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვა და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა პირადად წარმოადგინა, სულ ახლახან, აზერბაიჯანთან ომში დამარცხებულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთმა აზერბაიჯანს და თურქეთს ათწლეულების მანძილზე ჩაკეტილი სარკინიგზო და საავტომობილო გზების გახსნა შესთავაზა, ერთადერთი, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მოთხოვნით. ბაქო და ანკარა ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა სრულიად ჩართულია „აბრეშუმის გზის“ ლოგიკაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ადამიანები, სატრანსპორტო საშუალებები, ტვირთები, მილსადენები, კაბელი და ელექტროგადამცემი ხაზები, სომხეთის ტერიტორიაზე“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში, სომხეთი აზერბაიჯანთან ხელს მოაწერს შეთანხმებას მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ასევე გახსნის სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მესამე ქვეყნებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის.
„აბრეშუმის გზის” 2023 წლის ფორუმზე საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს, რამაც „შუა დერეფანში“ ტვირთების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
„შუა დერეფანი“ იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ და უკან, ტვირთების გადაზიდვისთვის ყველაზე მოკლე მარშრუტია, ხელახლა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დაიბადა.
ომის, სანქციებისა და რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის დერეფანში“ ტვირთების გადაზიდვის გაძვირების, უსაფრთოების თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა 2022 წლიდან ავტომატურად იზრდება. ახლა, ის ქვეყნები, რომელზეც დერეფანი გადის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და დიდი ინვესტიციებით, ცდილობენ ტვირთბრუნვის ზრდა “შუა დერეფანში” სისტემური გახდეს.

წყარო

იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკრებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.

თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საინჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკრებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ.

ფიცის დადების ცერემონიალზე ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვეს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა. იუნკრები აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა.

დიდგორის ველზე იუნკრების მიერ სამხედრო ფიცის დადება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს იუნკრების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

“საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს” – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს.

51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას სანქცირებული პირების ინტერესების დაცვის შეწყვეტისკენ და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს. აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.

აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია.

ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად,” – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; სამოქალაქო იდეა; ევროპულ – ქართული ინსტიტუტი (EGI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საზოგადოება და ბანკები; მწვანე ალტერნატივა; თანასწორობის მოძრაობა; თბილისი პრაიდი; GrlzWave; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; დემოკრატიის მცველები; ფრანკლინის კლუბი; საქართველოს მომავლის აკადემია; რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი; ჭავჭავაძის ცენტრი; დემოკრატიის ინსტიტუტი; კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise; სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); წერტილი; Promote Georgia; ქვემო ქართლის მედია; ასოციაცია „ღირსეული სიბერე“; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“; ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა; აფხაზური ამბები; თაობათა გაძლიერების ქსელი; ქალთა ფონდი „სოხუმი“; მაისის მოძრაობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ჯიუტი; დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი; საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“; კომლი; სამოქალაქო აქტივობის ცენტრი – ლაკმუსი; ქალთა ფონდი საქართველოში (WFG); ყვარლის ევროკლუბი; დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის.

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული ცვლილებები “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში -საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

როგორც გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე არ გავრცელდება, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდისა და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც შეიძლება, იქნას განთავსებული.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს კონტროლის ეფექტური პოლიტიკის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მთავრობებმა უნდა იმოქმედონ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა დაიცვან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამ ცვლილებების მიღებით კი პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე.

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ნაადრევი სიკვდილიანობის, უნარშეზღუდულობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, გამოწვეული წლიური ზარალი 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს. ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტური განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლებისა და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე  გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის პირველ ივლისამდე. ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს“, – ნათქვამია გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დღეის მდგომარეობით, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას.

„ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა – „ქართული ოცნება“ ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არაა დამოკიდებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნებოდა.

„ვითარება ძალიან მწვავეა და ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არის უკრაინელების დამსახურება. კიევთან რომ ცხვირ-პირი მიანგრიეს რუსულ ტანკს, ამიტომ ვერ გაბედა საქართველოში შემოსვლა, თორემ შემდეგი სამიზნე იქნებოდა საქართველო. პუტინმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, კიევის შემდეგ საბჭოთა კავშირში ვის შეიყვანდნენ?! რა თქმა უნდა, საქართველოს. ამიტომ “ქართული ოცნება” ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს მშვიდობის საქმეში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე “ქართული ოცნება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე დღეს პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული, უწყება გაგზავნილი აქვთ, თუმცა, ჩაბარდა თუ არა, ეს მათთვის უცნობია.

ბასილაიას თქმით, მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს ასრულებდა და მის მიერ გაწეული ხარჯები ჯანაშიას მიერ გაწეულ ხარჯებს ჰგავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში 2 სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ანდრა-პრადეშის შტატში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია ასობით მაშველი.

ოფიციალური პირების განცხადებით, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სარკინიგზო ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.

“ის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიღება დაჩქარებული წესით იყო აუცილებელი აღმოჩნდა ტყუილი”

ის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიღება დაჩქარებული წესით იყო აუცილებელი აღმოჩნდა ტყუილი. ამ ვეტომ უბრალოდ ეს ყველაფერი აჩვენა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ამხილა „ქართული ოცნება“ და სუსი , რომ ტყუილების საფუძველზე ქმნიან ცრუ შიშებს და მოლოდინებს მოსახლეობაში, რომ ვითომ ვიღაც რაღაც რევოლუციას გეგმავს და თან ამის ფონზე ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას“, – განმარტა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.

სამართალდამცავებმა დაღესტნის აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ისრაელიდან თვითმფრინავის ჩაფრენის შემდეგ დაღესტნის აეროპორტში მომიტინგეების შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე. აეროპორტში მომხდარი ძალადობის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

“დეპოლარიზაცია არის საქართველოს მომავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არსებობა გაუჭირდება”- გია ვოლსკი

უნდა მოვახერხოთ და დაპირისპირების, თუ მწვავე კრიტიკის პირობებში ვიმუშაოთ ისე, როგორც პარლამენტს შეშვენის, არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის ის თემა, რომელიც საქართველოს მოუხდელ ჭირად დაებედა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„დეპოლარიზაცია არის საქართველოს მომავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არსებობა გაუჭირდება. თუმცა უახლოეს პერიოდში ამ თაობის პოლიტიკოსებში დეპოლარიზაციის პერსპექტივას ვერ ვხედავ. გააფთრებული შეტევა „ქართულ ოცნებაზე“ განპირობებულია გარკვეული სტრატეგიული გეგმით, რომელსაც არა და არ ცვლიან და ამას ჰქვია რევოლუციური გეგმა. უნდა მოვახერხოთ და დაპირისპირების, თუ მწვავე კრიტიკის პირობებში ვიმუშაოთ ისე, როგორც პარლამენტს შეშვენის, არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის ის თემა, რომელიც საქართველოს მოუხდელ ჭირად დაებედა“ , – აღნიშნა ვოლსკიმ.

ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა. აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, როლანდ პრაისთანGRAIL-ის ხელმძღვანელთან, რანუ შინჰასა და პროექტის თანახელმძღვანელთან, იან ნიჯჰოფისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მისაღებად ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. დაინტერესება ორივე მხრიდან ძალიან მაღალია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების მომტანი იქნება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ქვეყანას სჭირდება კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” – არჩილ თალაკვაძე

ეს კანონი სჭირდება ქვეყანას. ეს კანონი სჭირდება ყველას ერთად, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში არეულობა, დესტაბილიზაცია, შესაძლო მსხვერპლი და საზოგადოების ზოგჯერ გულწრფელი პროტესტის გამოყენება რადიკალების მიზნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ვინმეს ჰქონია პრობლემა თავისი პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის კუთხით. ერთადერთი, ვისზეც კანონის მიერ რეაგირება იყო და მომავალშიც იქნება, არიან ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციას ახდენენ, თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.