იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს

165
spot_img

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკრებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.

თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საინჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკრებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ.

ფიცის დადების ცერემონიალზე ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვეს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა. იუნკრები აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა.

დიდგორის ველზე იუნკრების მიერ სამხედრო ფიცის დადება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს იუნკრების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.