“ქვეყანას სჭირდება კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” – არჩილ თალაკვაძე

72
spot_img

ეს კანონი სჭირდება ქვეყანას. ეს კანონი სჭირდება ყველას ერთად, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში არეულობა, დესტაბილიზაცია, შესაძლო მსხვერპლი და საზოგადოების ზოგჯერ გულწრფელი პროტესტის გამოყენება რადიკალების მიზნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ვინმეს ჰქონია პრობლემა თავისი პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის კუთხით. ერთადერთი, ვისზეც კანონის მიერ რეაგირება იყო და მომავალშიც იქნება, არიან ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციას ახდენენ, თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.