“შუა დერეფანი”- 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?”-Voice of America

158
spot_img

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „შუა დერეფანი“: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?“, რომელშიც განხილულია ამ დღეებში თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიების – „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს წამოჭრილი კრიტიკული საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2030 წლისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის გადმორთვა მოხდება და ამ დროისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს რომ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება თავისუფლად შეძლოს. ეს იყო თბილისში დასრულებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი მესიჯი.

ფორუმს, რომელიც მეოთხედ გაიმართა, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან ერთად, 2000-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

„შუა დერეფნის“ შესახებ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საზღვაო და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციების გენმდივნებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, თუ, ადრე „შუა დერეფანს“ სარეზერვოდ განიხილავდნენ, ახლა სურთ რომ ძირითად დერეფნად გამოიყენონ. ეს ქვეყნები, ამ მიზნით ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ საკუთარი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა, რომელიც ფორუმზე რამდენიმე პანელურ დისკუსიას დაესწრო. მისი თქმით, „ასეთ ვითარებაში, საქართველო განზე ვერ გადგება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დროულად ვერცერთი ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განვახორციელეთ, დაწყებული ანაკლიის პორტიდან, დამთავრებული რკინიგზის მოდერნიზაციით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალით. თვითონ ეს ქვეყნები გვაიძულებენ რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. ეს იყო სწორედ ამ ფორუმის მთავარი მესიჯი“ – მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთბრუნვის გაზრდისთვის, აუცილებელია ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, რომელსაც 2023 წელს წესით, პანამაქსის ტიპის გემები უნდა მიეღო, თუმცა, პროექტი გაჩერდა და ხელახლა დასაწყები გახდა.

ასევე უმნიშვნელოვანესია რკინიგზის მოდერნიზაციის (უნდა დასრულებულიყო 2019 წელს), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დასრულება. ეს მშენებლობები 2006-07 წლებში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” დროში წლობით გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ახალ თარიღად, 2024 წლის ბოლო დაასახელა.
„საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. 2024 წლის ბოლომდე, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში“ – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

შუა აზიიდან ახალი ტვირთების მისაღებად, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად რუსეთზე გამავალ „ჩრდილოეთის დერეფნის“ მეშვეობით მოძრაობს, ექსპერტების თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, ყაზახეთის მფლობელობაში არსებულ ბათუმის ნავსადგურში, წინასაპორტო და სარკინიგზო სადგურის გაძლიერება მოხდეს.

პარალელურად, მთლიანად უნდა განახლდეს სავაგონო პარკი, მოეწყოს გაზის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და პორტებში გაიზარდოს საკონტეინერო სიმძლავრეები. დღეისათვის, ფოთის პორტს მოზღვავებული ტვირთის გატარება უკვე უჭირს.

„ნავთობპროდუქტების გადაზიდვისგან განსხვავებით, მშრალი და ნაყარი ტვირთების გადმორთვას ჩვენს დერეფანში, ჩემი აზრით, უფრო ცოტა 3-5 წელი ესაჭიროება“ – ამბობს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, „ამისთვის აუცილებელია ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მოეწყოს ტერმინალები ნაყარი და ქიმიური, ტვირთებისთვის, იგივე გადამუშავებული ლითონის და ქვანახშირისთვის. ყაზახეთიდან ჩანს რომ ეს იქნება მთავარი ტვირთი და წამოვა ჩვენი მიმართულებით“.

თბილისის ფორუმზე, „შუა დერეფნის“ განვითარების მიზნით, ბაქოს პორტის გარდა, ყულევის პორტის განვითარებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.

„ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ანაკლიის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში“ – აღნიშნა ალი ასადოვმა.
„კითხვები აზერბაიჯანის მიმართაც არის. აზერბაიჯანი ფლობს ყულევის პორტს, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია, რეალურად ბოლო 10 წლის მანძილზე, 1.5-2 მილიონ ტონას ატარებს ანუ რეზერვი 80% აქვს. თანაც არავის არ უშვებს ყულევში, უცხო გადამზიდავს, აქ ვერავინ კითხვის ნიშანს ვერ სვამს, ვერც ჩვენი მთავრობა. გაუგებარია, ყულევის სიმძლავრეს ვერ ითვისებს და ანაკლიაზე საუბრობს? ამდენი წლის მანძილზე, აზერბაიჯანმა ვერც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასრულა. ამ რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონი ტონაა და ნახევარი მილიონიც არ გადის, ეს ყველაფერი ტვირთბრუნვაზე აისახება“ – მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
2023 წლის თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ „შუა დერეფანში“ ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვა და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა პირადად წარმოადგინა, სულ ახლახან, აზერბაიჯანთან ომში დამარცხებულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთმა აზერბაიჯანს და თურქეთს ათწლეულების მანძილზე ჩაკეტილი სარკინიგზო და საავტომობილო გზების გახსნა შესთავაზა, ერთადერთი, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მოთხოვნით. ბაქო და ანკარა ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა სრულიად ჩართულია „აბრეშუმის გზის“ ლოგიკაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ადამიანები, სატრანსპორტო საშუალებები, ტვირთები, მილსადენები, კაბელი და ელექტროგადამცემი ხაზები, სომხეთის ტერიტორიაზე“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში, სომხეთი აზერბაიჯანთან ხელს მოაწერს შეთანხმებას მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ასევე გახსნის სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მესამე ქვეყნებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის.
„აბრეშუმის გზის” 2023 წლის ფორუმზე საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს, რამაც „შუა დერეფანში“ ტვირთების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
„შუა დერეფანი“ იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ და უკან, ტვირთების გადაზიდვისთვის ყველაზე მოკლე მარშრუტია, ხელახლა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დაიბადა.
ომის, სანქციებისა და რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის დერეფანში“ ტვირთების გადაზიდვის გაძვირების, უსაფრთოების თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა 2022 წლიდან ავტომატურად იზრდება. ახლა, ის ქვეყნები, რომელზეც დერეფანი გადის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და დიდი ინვესტიციებით, ცდილობენ ტვირთბრუნვის ზრდა “შუა დერეფანში” სისტემური გახდეს.

წყარო