Home Blog Page 1976

,,გამზადებული ჰქონდათ რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა” – კობახიძე

პირველივე დღეებიდან ნათელი გახდა, რომ ოპოზიცია და მათი ლობისტები, ამ საკითხს განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტს არა ევროკავშირთან საქართველოს დასაახლოებლად, არამედ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა რევოლუციის მოწყობა სცადა, რასაც კონკრეტული ევროპარლამენტარებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა, მათ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს. “მაშინ მოეწყო ცნობილი ბაკურიანის შეკრება, სწორედ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას დაუკავშირეს მათ რევოლუციური გეგმები, რაც მათ სცადეს კიდეც. გახსოვთ, ივნისში, რადიკალურმა ოპოზიციამ “ენჯეოებთან” ერთად სცადა რევოლუციის მოწყობა, ოდიოზური ევროპარლამენტარები პირდაპირ მხარს უჭერდნენ რევოლუციურ გეგმას, ერთვებოდნენ ხოლმე შესაბამის მიტინგებზე.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში და მის გარშემო მომხდარი ცვლილებების გამო, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბლოკავდნენ, გააცნობიერეს, რომ ეს ნაბიჯი მომგებიანი აღარ იქნებოდა. “მათ ჰქონდათ ივნისისთვის გამზადებული რევოლუციური გეგმა, ასევე ამ წლის ბოლოსთვისაც ჰქონდათ გამზადებული რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის გარშემო და ასეთ ვითარებაში, იმ ადამიანებმა, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გააცნობიერეს, რომ მათთვის ახლა აღარ იქნებოდა მომგებიანი სტატუსის დაბლოკვა ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოოდ, არ გამოუვიდათ იმ შედეგის მიღწევა, რომელიც მათი მხრიდან იყო დასახული, თორემ, რა თქმა უნდა, თითოეული ეს ნაბიჯი გათვლილი იყო იმაზე, რომ ბოლოს არ უნდა მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე უნდა შემდგარიყო რევოლუცია.” – განაცხადა კობახიძემ.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ფიქრობენ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაში იმდენივე პროცენტს მიიღებენ რამდენსაც „ქართული ოცნება“ – კობახიძე

რეალურად ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი იქნება დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაპირება ბარიერის დაწევის შესახებ 2022 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას უკავშირდებოდა.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად არის მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, სინამდვილეში კი ოპოზიციური მანდატების უმეტესობა „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს, საარჩევნო ბარიერი კი ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადახედოთ, არის მხოლოდ და მხოლოდ 4 ქვეყანა, სადაც 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს. ეს არის ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, იტალია. სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს 5%-იანი ან უფრო იშვიათად 4%-იანი ბარიერი. იმიტომ რომ პროგრესიული სისტემის პირობებში, რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში და მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენც გვჭირდება ეს სტაბილიზატორი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის 5%-იანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

,,პრეზიდენტო ბაიდენ მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენი უდანაშაულო ხალხის გენოციდი”-მაჰმუდ აბასი

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს სატელევიზიო ეთერის დროს ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა გამოიყენოს თავისი გავლენები და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ისრაელის შეტევა ღაზაში, რომელსაც ის ისრაელის მხრიდან პალესტინელი ხალხის მისამართით განხორციელებულ გენოციდად მოიხსენიებს. ის ამერიკის პრეზიდენტს ასევე ღაზას დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ის, რასაც ჩვენი ხალხი უძლებს მკვლელობისა და განადგურების თვალსაზრისით, აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს. რას ელოდება ამერიკა ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდის ფონზე? განა საკმარისი არ არის ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლის ღვრა მსოფლიოს სინდისის გასაღვიძებლად?

დღეს მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ აგრესიის შესაჩერებლად.

პრეზიდენტო ბაიდენ, მე მოგიწოდებთ თქვენ, მთელი თქვენი ოფიციალური და ჰუმანური თვისებებით, შეაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ეს გენოციდი ჩვენი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ისტორია არავის გაათავისუფლებს ამ დანაშაულებისგან. მოგიწოდებთ, დახმარება გაუწიოთ ჩვენს ალყაში მოქცეულ ხალხს ღაზაში. ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. როგორ შეიძლება ეს გენოციდი იყოს თავდაცვა? სინამდვილეში, ეს გენოციდი არის ომის დანაშაული, რომელიც დასჯას მოითხოვს“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

18 ნოემბერს სატელევიზიო მიმართვისას მან ამერიკის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა ღაზას სექტორში ძლიერსაჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლისთვის ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხი იმსახურებს სამშობლოში თავისუფლებითა და ღირსებით ცხოვრებას. მან პირობა დადო, რომ ისინი მტკიცედ დარჩებიან პალესტინის მიწაზე, სანამ პალესტინის დამოუკიდებლობას არ მიაღწევენ.

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასმართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

8 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

„დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა.

ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა – BBC

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC ჯანმოზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განმარტა, რომ ბავშვები ახლა რაფაში იმყოფებიან და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.

მისივე თქმით, ალ-შიფადან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.

მანამდე ჯანმოში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში 300-მდე პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„ერთი საშინელება არ ამართლებს მეორე საშინელებას” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-ტანისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ის რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გააკეთა, იყო ებრაელების ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ, მაგრამ ასევე დასძინა, რომ ისრაელის არმიის ქმედებებმა ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა ღაზაში და განაცხადა, რომ „ერთი საშინელება არ ამართლებს მეორე საშინელებას”. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.

„დაღუპულთა რაოდენობა, ბავშვების რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ [ისრაელის მიერ] გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, – თქვა მან.

ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს სიმპტომის მკურნალობას ეკვივალენტურია და არა დაავადების.

,,აზრი არ აქვს ვინმესთვის ვახშმის შეთავაზებას თუ მეორე დღეს მოკლავ“, – განაცხადა ბორელმა და კონფლიქტის მონაწილეებს მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„მსხვერპლთა პატივისცემის საუკეთესო გზა არის ზომების მიღება, რათა 7 ოქტომბერს მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდეს“, – თქვა მან.

თავად კატარის პრემიერ-მინისტრმა დოჰაში პრესკონფერენციის შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბრისას ღაზაში „ჰამასის“ მძევლად მყოფი ადამიანების გათავისუფლების მცდელობების შესახებ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით „კარგ პროგრესს მიაღწიეს“.

„ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელსაც შეუძლია ხალხი უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

  

 

მცდელობები ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ვუკავშირდებით ორივე მხარეს, ისრაელს და „ჰამასს“. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ბოლო დღეებში” – განაცხადა მან.

კატარის პრემიერმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას ხაზი გაუსვა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი შიმშილობს, ხალხს აკლია ელექტროენერგია, სუფთა წყალი, სანიტარული პირობები, საავადმყოფოს აკლია საწვავი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული გარიგებასთან, მაგრამ თუ გარიგება ხელს შეუწყობს ამას, ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – განაცხადა მან.

,,არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას”- ვარლამ გოლეთიანის ადვოკატი

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის ადვოკატის მარიამ მაღრაძის განცხადებით, ვარლამ გოლეთიანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს.

„პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ველოდებით, რომ დაიწყება, თუმცა, როდის, არ ვიცით. არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას. გუშინ ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მას არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, ის უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაკავებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

პარალელურად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს 18 ნოემბერს, რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. დღეს ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი“, რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.

,,ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 42 ჟურნალისტი დაიღუპა”- CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 42 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 37 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 9, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 13 ჟურნალისტი.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

“CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, საპასუხო დარტყმებს ღაზაში 12 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა.

თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა.

შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ. თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა.

“სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი.

შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება.

საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე”, – წერია განცხადებაში.