„ერთი საშინელება არ ამართლებს მეორე საშინელებას” – ჯოზეფ ბორელი

82
spot_img

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-ტანისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ის რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გააკეთა, იყო ებრაელების ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ, მაგრამ ასევე დასძინა, რომ ისრაელის არმიის ქმედებებმა ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა ღაზაში და განაცხადა, რომ „ერთი საშინელება არ ამართლებს მეორე საშინელებას”. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.

„დაღუპულთა რაოდენობა, ბავშვების რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ [ისრაელის მიერ] გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, – თქვა მან.

ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს სიმპტომის მკურნალობას ეკვივალენტურია და არა დაავადების.

,,აზრი არ აქვს ვინმესთვის ვახშმის შეთავაზებას თუ მეორე დღეს მოკლავ“, – განაცხადა ბორელმა და კონფლიქტის მონაწილეებს მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„მსხვერპლთა პატივისცემის საუკეთესო გზა არის ზომების მიღება, რათა 7 ოქტომბერს მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდეს“, – თქვა მან.

თავად კატარის პრემიერ-მინისტრმა დოჰაში პრესკონფერენციის შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბრისას ღაზაში „ჰამასის“ მძევლად მყოფი ადამიანების გათავისუფლების მცდელობების შესახებ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით „კარგ პროგრესს მიაღწიეს“.

„ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელსაც შეუძლია ხალხი უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

  

 

მცდელობები ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ვუკავშირდებით ორივე მხარეს, ისრაელს და „ჰამასს“. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ბოლო დღეებში” – განაცხადა მან.

კატარის პრემიერმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას ხაზი გაუსვა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი შიმშილობს, ხალხს აკლია ელექტროენერგია, სუფთა წყალი, სანიტარული პირობები, საავადმყოფოს აკლია საწვავი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული გარიგებასთან, მაგრამ თუ გარიგება ხელს შეუწყობს ამას, ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – განაცხადა მან.