,,არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას”- ვარლამ გოლეთიანის ადვოკატი

120
spot_img

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის ადვოკატის მარიამ მაღრაძის განცხადებით, ვარლამ გოლეთიანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს.

„პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ველოდებით, რომ დაიწყება, თუმცა, როდის, არ ვიცით. არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას. გუშინ ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მას არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, ის უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაკავებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

პარალელურად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს 18 ნოემბერს, რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.