“დონალდ ტრამპი დოკუმენტებთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება” – რას წერს უცხოური პესა

98
spot_img

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „როცა დანაშაულის დაფარვა იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული“: დონალდ ტრამპი დოკუმენტებთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება“ (ავტორი – ჯეკ ქუინი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდების იურიდიული და პრაქტიკული მხარე – დააპატიმრებენ თუ არა დონალდ ტრამპს და გაგზავნიან თუ არა საპყრობილეში?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე დონალდ ტრამპს თავის დაცვა ძალიან გაუჭირდება. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ბრალდების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ცდილობდა. ექსპერტების აზრით, ახლანდელი მოცემულობით, არც ფაქტები და არც კანონი მის მხარეს არ ჩანს.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 13 ივნისს გამართულ სასამართლოზე, სადაც მას ფედერალური ბრალი წაუყენეს, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. პრეზიდენტობის შემდეგ სახელმწიფო საიდუმლოთა შემცველი 300-ზე მეტი დოკუმენტის შინ უკანონოდ წაღების საქმეში, მისდამი წაყენებულ 37 ბრალდებას შორის დასახელებულია: სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და ჯაშუშობის აქტის დარღვევა.

ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის მამხილებელი მტკიცებულებები ძალზე ბევრია, იქნება ეს დოკუმენტები, ფოტოები, სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები, აუდიოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები. ეს საკმარისზე მეტია იმის დასამტკიცებლად, რომ მან დოკუმენტები შინ არალეგალურად წაიღო. თუმცა, მათი აზრით, შემდეგ ამ დოკუმენტების გადამალვის მცდელობა და სამართალდამცავებთან გაკეთებული ცრუ განცხადებები ბრალდებას გაცილებით უფრო ამძიმებს.

„დეტალები საკმაოდ შოკისმომგვრელია იმ უგულისყურობის გათვალისწინებით, რომლითაც ეს დოკუმენტები იყო შენახული, და გამოძიების ფედერალური ბიუროსგან მათი გადამალვის გამიზნული მცდელობის ფონზე” – ამბობს ელისაბედ გოიტეინი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებული იურისტი, ბრენანის სამართლის ცენტრიდან.

ტრამპის ადვოკატებს სასამართლოს შემდეგ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამ სასამართლო ბრალდებასთან დაკავშირებითაც კვლავ “კუდიანებზე ნადირობაზე” საუბრობს, რომელსაც მისი პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ მიმართავენ.

“დანაშაული არ იყო, იმის გარდა, რასაც იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ჩემს წინააღმდეგ უკვე წლებია აკეთებს” – დაწერა დღეს, 14 ივნისს, საკუთარ სოციალურ ქსელზე “თრუს სოუშალ” ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.

ფედერალური კანონმდებლობით, სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის, რომ ბრალდების მიხედვით, ტრამპი დოკუმენტების დაბრუნებაზე თვეების მანძილზე უარს ამბობდა, ცრუობდა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ამის გაკეთებას აიძულებდა თავის ადვოკატებსაც, “სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის ამაზე გამოკვეთილ ნიმუშს ვერც კი წარმოიდგენ” – ამბობს კლარკ ნეილი, კატონის ინსტიტუტის ექსპერტი იურისპრუდენციის საკითხებში.

“ეს ის შემთხვევაა, როცა [დანაშაულის] დაფარვა იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული… ეს რომ უბრალოდ მისი მხრიდან დაუდევრად შენახვა ყოფილიყო, ბრალდებას არ წაუყენებდნენ”, – აღნიშნავს ელისაბედ გოიტეინი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებული იურისტი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შეთქმულების ელემენტს კიდევ უფრო განამტკიცებს ის თანმიმდევრულობა, რომლითაც ტრამპი დოკუმენტების შენახვის თაობაზე ცრუობდა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან დოკუმენტებს შინ წაღებამდე საიდუმლო კლასიფიკაციები მოუხსნა. თუმცა, კანონმდებლობის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას დამოუკიდებლად ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.
იურისტების აზრით, ეს არც კი ამართლებს ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლოს შემცველი დოკუმენტების შენახვას. მათ კანონი იმის მიუხედავად იცავს, საიდუმლო კლასიფიკაცა აქვს თუ არა. “მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ დოკუმენტებს კლასიფიკაცია მოხსნილი ჰქონდა. ჯაშუშობის აქტისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ტოდ ჰანტლი, იურისპრუდენციის პროფესორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ტრამპის ადვოკატების განახლებულ გუნდს შეუძლია თითოეული მოწმის ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ადვოკატებს შეუძლიათ დააბრალონ დანაშაული სხვებს და თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ ადვოკატთა რჩევებს მიჰყვებოდა და კანონის დარღვევა მიზნად არ ჰქონია.

ამას გარდა, დაცვის გუნდს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სასამართლო პროცესის გაჭიანურებაც შეუძლია. ექსპერტები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, საკუთარი თავის შეწყალება.

წყარო