Home Blog Page 1971

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ღაზაში მიმდინარე პაუზის გაგრძელებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე პაუზის გახანგრძლივებას და მომავალ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების დაჩქარება და ყველა მძევლის გათავისუფლება“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს- ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“[აზერბაიჯანის] სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს გაკეთებული შენიშვნები ჩვენი ქვეყნის შესახებ მიკერძოებული იყო და არ ასახავდა რეალობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სახელმწიფო მდივანმა, [ენტონი] ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის დაშვება დეკემბერში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანმა ბლინკენმა მიიღო ეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ, რომელიც ქ. მადრიდში გაიმართა დეკლარაცია მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს და საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში შეაჯამეს ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობა და განიხილეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია.

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ესპანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისაკენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალსა და მის მნიშნველოვან პროექტებზე.

სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა და მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების პლენარულ სესიაში ესპანეთის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები და ესპანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ლავროვი ნატოს წევრ ქვეყანას ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს კონფერენციაზე დასასწრებად, 3 დეკემბრამდე გეგმავს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამგზავრებას. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა 2022 წლის 24 თებერვალს. ამის შესახებ Euronews წერს.

ცნობისთვის, რუსეთი არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) 57 წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის დროს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაძაბულობის განმუხტვისათვის და ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელსაც ჯგუფის ამჟამინდელი თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყება სკოპიეში.

ნატოს წევრებმა აკრძალეს ფრენები რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სამხედრო მოქმედება დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. ჩრდილოეთ მაკედონიაში მისასვლელად ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთის ან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება, რომლებიც ასევე დასავლეთის სამხედრო ალიანსს ეკუთვნის.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გამონაკლისი დაუშვა და 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მან ლავროვის თვითმფრინავის ბულგარეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენის გამონაკლისი ნებართვა მისცა, თუმცა მათივე განცხადებით, ნებართვა არ ვრცელდება რუსეთის სხვა დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე არიან სანქცირებული პირები, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოში, პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, კოლეგებთან ერთად, გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს.

,,მე არ მსურს, რომ ევროკავშირის სავარძელი ცარიელი იყოს”- ბორელი

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. აღნიშნული ქვეყნების ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციისა და პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მას აქვს რთულ ვითარებაში სერგეი ლავროვთან საუბრის გარკვეული გამოცდილება.

„მე გავემგზავრები ეუთო-ს შეხვედრაზე, ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის წევრები, ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია და რაიმე დავუპირისპიროთ რუსეთის პოზიციას. მე არ მსურს, რომ ევროკავშირის სავარძელი ცარიელი იყოს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ლავროვთან პირისპირ შეხვედრა არ ექნება.

ცნობისთვის, ეუთო-ს მინისტერიალი 30 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ, სკოპიეში გაიმართება. მას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე გამგზავრებას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელიც ამჟამად ბრიუსელშია.

რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ყვარლის ახალგაზრდობა შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ,,ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ევროპული გზის მიმართ.

,,მოგესალმებით!

მივესალმები ჩვენს პარტნიორებს,

მივესალმები ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, ნატოს წარმომადგენელსა და ყველა აქ მოსულ პატივცემულ საზოგადოებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ამ დღეს, როცა თქვენი ორგანიზაციის მეოთხე წლისთავს ვზეიმობთ.

ასეთი წამოწყება არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება რათა ჩვენი მიზანი – ილიას ევროპული გზა იყოს მიღწეული, ამისთვის კი ყველას ჩართულობაა საჭირო: მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია და საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა და შეიძლება რაღაც პერიოდებში არ იყო რაღაც ცენტრალური მმართველობა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი ძალები, რომლებიც გადაურჩნენ, ზოგჯერ შეეგუვნენ ძალიან რთულ პირობებს, მაგრამ ზოგჯერ ერთობლივი იყო ეს გზა და ერთობლივი იყო ის გზა რაზედაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ.

მინდა დღესაც ვთქვა როცა აქ, ილიასთან ვდგავართ და რეალურად ვიცით, თუ რა ფასი აქვს მის მოღვაწეობას და მის ნაკარნახევ გზას; ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, აზიარებდნენ ცოდნას, აზიარებდნენ იმას, რაც არის ამ ქვეყნის კულტურა, და ამ ქვეყნის იდენტობა.

ჩვენ არა მხოლოდ ილიას დაბადების ქალაქში ვართ დღეს, ასევე ძალიან ახლოს ვართ იყალთოს აკადემიასთან, რომელიც ამ რეგიონისათვის ცოდნისა და რწმენის კერაა. ესეც ჩვენი იდენტობაა. და როცა თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ, [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელია, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძვლებზე.

ამიტომ, მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ რაც შეგვიძლია თქვენს გვერდში ვიდგებით. მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ მონაწილეობთ იმ კამპანიაში, რომელიც კიდევ გავიმეორებ – არ არის ჩემი კამპანია ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ჩვენი, თქვენი კამპანია, რათა ხელი მოვაწეროთ და ვთქვათ ხმამაღლა – ,,ჩვენი ხმა ევროპას”.

ეს მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ ეს საზოგადოება ამაში მაინც არის ერთიანი, რომ ეს საზოგადოება ამ საკითხში ძლიერად დგას და სწამს ამ მომავლის. და მე ვხედავ აქ ახალგაზრდების თვალებში, რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი მომავალი და მე ამის მჯერა!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, რომელსაც ამერიკის ელჩი, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ადვილად იკითხება რა არის პრეზიდენტის მიზანი”- ქადაგიშვილი

ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები, ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ეს განცხადება ქადაგიშვილმა პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ხელმოწერების კამპანიის საკითხზე გააკეთა.

„ადვილად იკითხება რა არის პრეზიდენტის მიზანი. ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები, ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი გარკვეულწილად ნეიტრალური იყოს შიდაპოლიტიკური ბრძოლისგან და გამამწვავებელი ელემენტები არ შემოჰქონდეს, ჩართულია თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესის მომზადებაში. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რეალურად არის სპეკულაცია ევროპული იდეით იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივობა და პერსპექტივა მოამზადოს. იმაზე აღარ შევჩერდები, რა პოლიტიკური მრევლი ჰყავს შემოკრებილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი”- ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები

ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები, პასუხისმგებლობას ლევან ხაბეიშვილს აკისრებენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებენ:

 

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია. მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები: 1. მაია კალანდია; 2. თემურ ბასილაია; 3. კახა ჩანგელია; 4. მაია გაწერელია; 5. გიორგი სორდია; 6. მარიამ ახალაია; 7. ბესიკ გაბუნია; 8. გია მამფორია; 9. ლაშა ბეჭვაია; 10. დარეჯან გაბედავა; 11. ხათუნა შამუგია; 12. მირანდა ესებუა; 13. თამთა ჭიჭინაძე; 14. პაატა ადამია; 15. მირანდა გოგოხია; 16. მაია კუკავა;. 17. ბესიკ ჭეჟია ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 წევრიც: დღეს, პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა. იმისთვის რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო. ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 საკრებულოს წევრი” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ხელმომწერები: 1. ია ჯიშკარიანი 2. გურიელ ქარდავა 3. ლევან ლაშხია 4. ლელა ადანაია 5. ვეფხვია ფოცხორაია 6. მოგელი ხუხია 7. ნინო ბოკუჩავა 8. ბესიკ თამლიანი 9. ფელიქს წურწუმია 10. ჯანსუღ ჯიშკარიანი განცხადება გაავრცელა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხუთივე წევრმა: “პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს”. ხელს აწერენ: გოგი ჩიკვილაძე სიმონ ჯაფარიძე ქეთი ცხოვრებაძე ზურაბ კეთილაძე ილიკო ჩიკვილაძე შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდა ენმ-ის წევრმა, თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემაც.

,,მელიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ აღვირახსნილი კამპანია”- ლევან ბეჟაშვილი

არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ – მელიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ აღვირახსნილი კამპანია, – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, კამპანიას, რომელიც ორი დღეა მიმდინარეობს, არანაირი შედეგი ექნება. “ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის და მისი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. წარმოუდგენელია, ამ ადამიანებიდან ზოგიერთი მეორედ და მესამედ აკეთებს ამგვარ განცხადებებს, რაც პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული და ბუნებრივია, ეხმიანება და ესადაგება პირდაპირ “ქართული ოცნების” ინტერესებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცოდეს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ოღონდ ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 1- ელ იანვარს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პარტიის კარები ღიაა ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ბრძოლა “ქართული ოცნების,” იგივე რუსული ოცნების წინააღმდეგ. ამ ადამიანებისთვის კარი ღიაა და ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღებთ მნიშვნელოვან და კარგ გადაწყვეტილებებს და მოვუწოდებთ ნიკა მელიას, დამარცხებული თავმჯდომარის კანდიდატობის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. ნიკა მელიას, სამწუხაროდ, საჯაროდ ტელეეთერში, დებატებში გაკეთებული აქვს შესაბამისი განცხადება, რომ აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაში” და მისი კამპანია მთელი 8-9 თვის განმავლობაში ადასტურებდა იმას, რომ ემიჯნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას” და მოქმედებდა პარტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

იმედი მაქვს, რომ დეკემბერში ევროკავშირის საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს-რობინ დანიგანი

პირადად მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში ევროკავშირის საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

„20 დღის წინ, 8 ნოემბერს ყველამ ვიზეიმეთ, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პრეზიდენტს, მთავრობას და მთელ ქვეყანას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პირადად მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისა და მეგობრობის 31 წელზე მეტი აკავშირებს, ჩვენ ორმხრივად ვთანამშრომლობთ. ამავდროულად, მრავალმხრივად ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და ნატოსთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ წარმოუდგენლად დიდი სამუშაო შეასრულა, თუმცა, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას“, – აღნიშნა დანიგანმა.