,,მე არ მსურს, რომ ევროკავშირის სავარძელი ცარიელი იყოს”- ბორელი

71
spot_img

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. აღნიშნული ქვეყნების ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციისა და პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მას აქვს რთულ ვითარებაში სერგეი ლავროვთან საუბრის გარკვეული გამოცდილება.

„მე გავემგზავრები ეუთო-ს შეხვედრაზე, ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის წევრები, ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია და რაიმე დავუპირისპიროთ რუსეთის პოზიციას. მე არ მსურს, რომ ევროკავშირის სავარძელი ცარიელი იყოს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ლავროვთან პირისპირ შეხვედრა არ ექნება.

ცნობისთვის, ეუთო-ს მინისტერიალი 30 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ, სკოპიეში გაიმართება. მას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე გამგზავრებას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელიც ამჟამად ბრიუსელშია.