„ადვილად იკითხება რა არის პრეზიდენტის მიზანი”- ქადაგიშვილი

55
spot_img

ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები, ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ეს განცხადება ქადაგიშვილმა პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ხელმოწერების კამპანიის საკითხზე გააკეთა.

„ადვილად იკითხება რა არის პრეზიდენტის მიზანი. ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები, ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი გარკვეულწილად ნეიტრალური იყოს შიდაპოლიტიკური ბრძოლისგან და გამამწვავებელი ელემენტები არ შემოჰქონდეს, ჩართულია თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესის მომზადებაში. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რეალურად არის სპეკულაცია ევროპული იდეით იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივობა და პერსპექტივა მოამზადოს. იმაზე აღარ შევჩერდები, რა პოლიტიკური მრევლი ჰყავს შემოკრებილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.