Home Blog Page 1967

“ეს “ჩვენ ჩვენი გვაქვს და სხვისი რად გვინდა”, მაგარი მიმდინარეობაა!” – თამრი ფხაკაძე

“ეს “ჩვენ ჩვენი გვაქვს და სხვისი რად გვინდა”, მაგარი მიმდინარეობაა!  ჩვენ ბერიკაობა გვაქვს, ჩვენ კატა-თაგვობანა გვაქვს, ჩვენ ჭიაკოკონობა გვაქვს და სხვისი ჰელოუინი რად გვინდა და ა.შ.”, – წერს მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი თამრი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, რითაც, ჰელოუინის დღესასწაულის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება.

“ხალხოოუ, ჩვენ ჩვენი “ვეფხისტყაოსანიც” გვაქვს და რად გვინდა სხვისი შექსპირი, ჩვენი ხაჭაპურიც გვაქვს და რად გვინდა სხვისი პიცა, ჩვენი კინოსტუდიაც გვაქვს და რად გვინდა სხვისი ჰოლივუდი და ბოლივუდი…

კარგით, რაა! წელიწადში ერთი დღეა ეს ჰელოუინი, გასართობი კრეატივების დღე, რომელიც მოედო მსოფლიოს, როგორც მრავალი სხვა რამ. კულტურები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები გადად-გადმოდის ერებში… ზღაპრის ერთი და იგივე სიუჟეტი მთელ დუნიაზე მოგზაურობს… შავი კატის გადარბენა, 13 რიცხვი, თვალის თამაში, ხელისგულის ფხანა, ბაყაყის შეხება და რა ვიცი, ათასი სისულელე დღემდე გათავისებული აქვს მთელ დედამიწას… მოედო რა! ეს ჰელოუინიც ეგაა და ნუ ძაბავთ თემას. და ამ ევროპულ საფრთხეებზე დარდით ნუ გაიკალით თავი არაა ეგ კვახობა და გოგრობა საშიში რამე, ერთდღიანი სასაცილო და სამხიარულო დეკორაციაა, მეტი არაფერი.

საშიში ისაა, დედაენა რომ გვადნება ხელში საკუთარი ნებით, წელიწადში 365 დღე!
“დასინა-დასკრინა-დააფოლოვერა-დაასპოილერა-ქრინჯი-ქოუჩი და ა.შ. და ა. შ. რომ გვათოვს და გვაწვიმს…

საშიში ისაა, დღეს ეგერ, სინაგურიდან რომ გაიტაცეს ქართველი კაცი… როგორც მგელი ცხვარს, ისე რომ გვპარავენ ცხვირწინ ადამიანებს…

საშიში ისაა, აგერ, უბნის მარკეტში, ათი რუსი რომ დგას უკვე და სამი ქართველი და წელიწადში ერთხელ კი არა, 365 დღე რომ ასეა და მზარდი რომაა ეს ყველაფერი…
მილიონი კიდევ სხვა, ყოველდღიური, მუდმივი!

ნახეთ რაა, სადარდელი, _ ჰელოუინი!

ზღაპარი და კუდიანები და ჯადოქრები და დედინაცვალი რომ გერის გულ-ღვიძლს ითხოვს სადილად და მუცლის გაჭრები და კოშმარები ყველა ფოლკლორშია, ეს ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

რაც უფრო საზარლად აღიწერება ზღაპარში ბოროტება, მით უფრო დიდია სიკეთისგან მისი დამარცხების სიხარული. ამისთვისაა მთელი ეს გველეშაპ-ბაყბაყობა-ქაჯობა-კუდიანობა…

ჰელოუინიც ეგაა. ადამიანები, ბავშვები დეკორაციად იყენებენ ზღაპრულ ავსულებს, მათით ერთობიან, მათ დასცინიან, მერე გახდიან ამ სამოსს და მოისვრიან განზე!
ჩემ დროს რომ ყოფილიყო, მეც მშვენივრად გავერთობოდი.

მაგრამ, ჩემ დროს ყელსახვევი უნდა მკეთებოდა და ლენინი უნდა მყვარებოდა ძალით. ეს იყო თუ იყო საშიში ჰელოუინი!”, – წერს თამრი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა, ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში მოხდა.

“ჩინეთში ფორუმში მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ ხელოვნური კადრებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა”

ვფიქრობ, რომ „სარტყლისა და გზის ფორუმში“ მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო ერთი სარტყლის საერთაშორისო ფორუმზე მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და სპეკულაცია იყო, არასწორი ინტერპრეტაცია იყო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჩვეულებრივ, ეს არ არის სიურპრიზი, როდესაც ანგაჟირებულ ოპოზიციას რეალურად არ აქვს რაიმე ხელშესახები თემა, ცდილობენ თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებას და რაღაც სკანდალის მაგვარის ჩვენებას, შექმნას და მერე საზოგადოებისთვის ამის გაზიარებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია, უსაფუძვლოა.

მე განგიმარტავთ, რომ საქართველო “აბრეშუმის გზის, ერთი გზა, ერთი სარტყლის” საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობს ამ ფორუმის დაარსების დღიდან. ფაქტობრივად ყოველ წელს, საქართველო რეგულარულად იყო ამ ფორუმის მონაწილე და საქართველოს დელეგაციები ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ და ეს არ იყო რაღაც სიურპრიზი. ამ ფორუმში საქართველოსთან ერთად ყოველთვის მონაწილეობდა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი და მთავრობის წარმომადგენელი. მიმდინარე წელსაც ფორუმი გაიმართა იმავე ფორმატში, იმავე რეალობაში. ეს არის რუტინა, როდესაც ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ფორუმში, რადგან საქართველო ამ ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დაკავშირებადობის საკითხები, ეკონომიკური საკითხები, აქედან გამომიდინარე ჩვენ ამ ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა. წელს კიდევ ერთი გამონაკლისი იყო და მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რვა წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონდა ჩინეთთან ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისია. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოცხადდა, თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა, ჩვენ მივიღეთ პირველად ეკონომიკურ კომისიაში მონაწილეობა, რომელიც ჩატარდა პეკინში და ჩვენი პარტნიორი იყო ჩინეთის მთავრობა, ძირითადად ვაჭრობის სამინისტრო. განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები 8 წლის შემდეგ პირველად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.

ფორუმი გაიმართა ზუსტად კომისიის პარალელურად და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ფორუმშიც მონაწილეობა. საქართველო როგორც წელს, ისე წინა წლებშიც იყო მონაწილე ამ ფორუმში, რასაც, რა თქმა უნდა, გვქონდა მოწვევა და ამ შემთხვევაში მეც ვმონაწილეობდი ჩემს დელეგაციასთან ერთად. აქ გასაკვირი, მე ვფიქრობ, რომ არაფერია. 150 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო ამ ფორუმში, ფორუმს ესწრებოდა მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი, ასევე ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი. 150 ქვეყანა წარმოდგენილი იყო მაღალ დონეზე, დიპლომატებითა და მთავრობის წევრებით. ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან იმ ფორმატში მონაწილეობა, რა ფორმატშიც იყო საქართველო წინა წლებში წარმოდგენილი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე”

„ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ლელო“ მომხდარს ,,პარლამენტის რეგლამენტის”, ,,ეთიკის კოდექსის” და საზოგადოების ღირებულებების უხეშ ხელყოფად აფასებს.

პარტია განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე.

„პარტია ,,ლელო-საქართველოსთვის” ეხმაურება საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ,,პარლამენტის რეგლამენტის”, ,,ეთიკის კოდექსის” და ჩვენი საზოგადოების ღირებულებების უხეშ ხელყოფას.

პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია, ყოველგვარ ეთიკურ ჩარჩოებს გამცდარი პერსონალური თავდასხმა, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელდა. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული პოლიტიკური ვალდებულებები, როდესაც ,,პარლამენტის რეგლამენტის” გამოყენებით არც კი სცადა მისი ოპოზიციონერი კოლეგების უფლებები დაეცვა. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლები გასცდა პოლიტიური დებატებისთვის მისაღებ, თუნდაც ძალიან მწვავე ჩარჩოს და გენდერული ნიშნით, პიროვნული და მორალური დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ეწინააღმდეგება, ევროპულ ღირებულებებს გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გამყარებულია ქართული ტრადიციებით და რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი თავდასხმა ასევე ეწინააღმდეგება პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაციის ამოცანას, რაც გარდა იმისა, რომ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაყენებული 12 მოთხოვნიდან კვლავ შეუსრულებელ პუნქტად რჩება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე. აქვე გვსურს ხაზგასმა, რომ მსგავსი პერსონალური თავდასხმა ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ადრესატი.

იმისათვის, რომ პოლიტიკური დისკურსი ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობდეს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ თანაარსებობა როგორც საერთო ადამიანურ და ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმებულმა საზოგადოებამ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“თქვენ რომ ბოდიშს მოიხდით იმაზე, რაც თეა წულუკიანი მიმართ გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე” – შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას

თქვენ, რომ ბოდიშს მოიხდით, ქალბატონი თეა წულუკიანი მიმართ რაც გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ, თინა ბოკუჩავას უპასუხა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიასთვის მიკროფონის არ გამორთვის გამო აკრიტიკებდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხშირად არათანმიმდევრულია და საკუთარ უხამს ქმედებას პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს ხოლმე.

„ქალბატონო თინა, თქვენ რომ ხელში გეჭირათ ბანერი, როცა ქალი მინისტრი იდგა აქ, იმ ბანერზე რა სამასოიანი სიტყვაც ეწერა, აი, ეს არის უხამსობა. ის არ იყო უხამსობა და ეს არის? გაიხსენეთ რა აკადრეთ მაშინ ქალ მინისტრს. როცა გინდათ პოლიტიკურ განაცხადს ეძახით, როცა გინდათ ასე ეძახით. ჩემი აზრით, ეს არ არის კოლეგიალური მიდგომა, ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ კოლეგიალურები.

რაც შემეხება მე, როდესაც იქნება გადასული ზღვარი, შევეცდები მიკროფონი გავთიშო, თუმცა სიტყვას ვერ შეგაწყვეტინებთ ვერავის. თქვენ, რომ ბოდიშს მოიხდით, ქალბატონი თეა წულუკიანი მიმართ რაც გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე. მთელმა საზოგადოებამ ნახა, თქვენ რაც იკადრეთ ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩაეტიოს გარკვეულ სტანდარტებში და კოლეგიალურ მიმართებაში ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის იღებს შენიშვნას, რომ თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიასთვის „რაღაც მომენტში მიკროფონი უნდა გაეთიშა“.

„ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ იყო სამწუხარო ინციდენტი, ასევე, მე ჩემ თავზე მივიღე ერთი შენიშვნა, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვცდილობ და ასეც ვიზამ ყოველთვის, რომ გასაგებია გარკვეული ზღვარი მაინც გვაქვს, შეიძლება იყოს პიროვნული ხასიათის შენიშვნები, მაგრამ გარკვეული ზღვარი არის, როცა მე საჭიროდ ჩავთვლი ხოლმე, რომ მიკროფონი გავთიშო. ვიღებ ჩემს თავზე ამ შენიშვნას, რომ ჯობდა მიკროფონი გამეთიშა, რაღაც მომენტში რეაქცია მქონოდა. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ნუ გამოიყენებთ ამ მდგომარეობას იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ამოცანები შესრულდეს. მე მოგიწოდებთ კოლეგიალურად, თორემ აქ შეურაცხყოფა იმდენი ისმის, მათ შორის ბატონი ირაკლის მიმართაც ისეთი რაღაცები ითქვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

 

“ვპირდებით „რუსული ოცნების“ კაც დეპუტატებს, უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას – ვერ გაგვაჩუმებთ”

“ქართულმა ოცნებამ” და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ქვია. სწორედ ამიტომ, არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, “არ გაჩუმდება და არ გაჩერდება” მაშინ, როდესაც საუბარია საქართველოს ოკუპაციაზე.

“ქართულმა ოცნებამ” და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ჰქვია. სწორედ ამიტომ, არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში. მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნებას” არ აქვს პასუხი პუტინთან მისი ვიცე-პრემიერის სადილზე, როცა არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივ ბაზირებაზე, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების და მაშინ, როდესაც “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოადგინა დღეს ირაკლი ბერაიამ პარლამენტში.

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ როგორც ბერაიას, ასევე, სრულიად “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ ვეუბნები სუს-ის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის – არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენს ოკუპაციაზე, მაშინ როცა პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს, ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით”, – განაცხადა აქუბარდიამ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან თავდასხმის სამიზნე ქალი დეპუტატები იმიტომ ხდებიან, რომ ისინი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

“ეს არის პარლამენტი, სადაც რიგითი პარლამენტის წევრი, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებოდა ქალის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ ძალადობრივი ფაქტის შემდეგ დაწინაურდა და გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს “რუსული ოცნება”. პირადად შალვა პაპუაშვილი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი: ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ.

რატომ? რატომ ვხვდებით მუდმივად ჩვენ განსაკუთრებული სამიზნეები კაცი “რუსული ოცნების” დეპუტატების მხრიდან? მე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ასევე, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი – სწორედ ქალი დეპუტატები ხვდებით “ოცნების” სამიზნე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამას ხედავს “რუსული ოცნება” და რუსული მეთოდებით, ბინძურ, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობს ქალი დეპუტატების დისკრედიტირებას. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ქალი დეპუტატების გაჩუმებას და გაჩერებას და ჩვენ ვპირდებით “რუსული ოცნების” კაც დეპუტატებს, ჩვენ მხოლოდ უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

“თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება

პარლამენტის მიერ ახლად დამტკიცებულ “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების პროექტს, რომლითაც კოდექსს დროებითი ნორმა ემატება და ის 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.

საუბარია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს.

კანონის პროექტის ერთ-ერთი ავტორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვასთან მიმართებაში, მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე გაწვევის სისტემაში სიცარიელე არ შეიქმნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მოამზადეს, რომლის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მუნიციპალიტეტების მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული და თბილისის რაიონების გამგეობების სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნორმა დროებითია და იგი 2024 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა კანონის პროექტი პირველი მოსმენით – 74 ხმით მიიღო.

“ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს” – ლევან იოსელიანი

ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

როგორც იოსელიანი განმარტავს, მსგავსი საუბარი „ღირსებას არავის მატებს და ეს მხოლოდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“.

„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.

“მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს”-პრეზიდენტი

“მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!”,- აცხადებს პრეზიდენტი.

, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.

ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია, მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

კითხვას ხომ არ დატოვებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ბერაიამ აღარ უპასუხა. ბერაიას თქმით, ფიქრობს, რომ მისი განცხადებით “ყველაფერი არის გასაგები”.

“ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მძიმეა, როცა ჩვენს გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უსამართლოდ, უაპელაციოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი აქვს ამას. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ისახავდა მიზნად, მეორე ნაწილში გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო. სხვა კომენტარის გაკეთებას ამაზე არ ვაპირებ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია”, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

“ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ”-თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძე ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ქალ დეპუტატებზე დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

მათივე თქმით, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით იბრძვის და ისინი გეგმავენ, საქმის კურსში ჩააყენონ როგორც სახალხო დამცველი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის გენდერულ საბჭოს გააქტიურებისკენ და პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც დღეს მან იკადრა, კაცობა არ ჰქვია. სწორედ ეს არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის წევრის და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების მიმართ. როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება, ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც თავდაცვის და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბერაიას, ასევე, სრულიად „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ვეუბნები სახელმწიფო უსაფრთხოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარი არის ოკუპაციაზე, არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს პუტინის მოსასმენი სიტყვიდან. ამ ბინძური მეთოდებით ვერ გაგვაჩუმებთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

რას ბედავთ ოცნების კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ და რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?-ინგა გრიგოლია

“ყველაზე ამაზრზენია, როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, ის კაცი ხმასაც არ იღებს და გათავხედებულ კაცებს არ აჩერებს, თუმცა რა ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას აქვს ნანახი , მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რასაც მალევე პაპუაშვილის გასპიკერება მოჰყვა”- ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში  ტვ “პირველის” ჟურნალისტი, გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგა გრიგოლია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატების: ირაკლი ბერაიას და ალუდა ღუდუშაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

“არ მინდა გავიმეორო ის შეურაცხყოფები,რაც დღეს ოცნების კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების მიმართ მოვისმინეთ.

ყველაზე ამაზრზენია, როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, ის კაცი ხმასაც არ იღებს და გათავხედებულ კაცებს არ აჩერებს, თუმცა რა ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას აქვს ნანახი , მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რასაც მალევე პაპუაშვილის გასპიკერება მოჰყვა.

ვის უბედავთ ,რას ბედავთ ოცნების კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ და რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?!!! ქალი რომ ადვილი დასაჩაგრი გგონიათ, ის კაცები ხართ თქვენ, ადვილი დასაჩაგრი რომ გგონიათ ქალები პარლამენტშიც, მედიაშიც, საზოგადოებაშიც და ალბათ სახლშიც..

იმიტომაა ამდენი ძალადობა ამ დაჭაობებულ ქვეყანაში ქალებზე, იმიტომ კლავენ კაცები ქალებს, იმიტომ სცემენ, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ და უსწორდებიან, რომ თქვენნაირ აღვირახსნილ კაცებს უყურებენ… უსმენენ და მერე ალბათ ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტში შეურაცხყოფენ დეპუტატი კაცები ქალებს, რა მოხდა თავადაც სახლში რომ იძალადონ ცოლებზე, შვილებზე, მეგობრებზე..,,ოცნების,, ბანძო კაცებო( ალუდა ღუდუშაურის სიტყვით მოგმართავთ), იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დღეიდან პასუხისმგებელი ძალადობის ყველა ფაქტზე, რასაც ამიერიდან ექნება ადგილი საქართველოში!!!!ჩემი სოლიდარობა თქვენ Ana Tsitlidze @ teona akubardia – წერს ინგა გრიგოლია.

https://www.facebook.com/qeti.grigolia.5/posts/pfbid0267eACszLKt3V2UCHCFNgvgHsHdxFtEJqosQ9WeR25EMmMskPEPm6pEtdMQSPw9Nml