“ეს “ჩვენ ჩვენი გვაქვს და სხვისი რად გვინდა”, მაგარი მიმდინარეობაა!” – თამრი ფხაკაძე

134
spot_img

“ეს “ჩვენ ჩვენი გვაქვს და სხვისი რად გვინდა”, მაგარი მიმდინარეობაა!  ჩვენ ბერიკაობა გვაქვს, ჩვენ კატა-თაგვობანა გვაქვს, ჩვენ ჭიაკოკონობა გვაქვს და სხვისი ჰელოუინი რად გვინდა და ა.შ.”, – წერს მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი თამრი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, რითაც, ჰელოუინის დღესასწაულის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება.

“ხალხოოუ, ჩვენ ჩვენი “ვეფხისტყაოსანიც” გვაქვს და რად გვინდა სხვისი შექსპირი, ჩვენი ხაჭაპურიც გვაქვს და რად გვინდა სხვისი პიცა, ჩვენი კინოსტუდიაც გვაქვს და რად გვინდა სხვისი ჰოლივუდი და ბოლივუდი…

კარგით, რაა! წელიწადში ერთი დღეა ეს ჰელოუინი, გასართობი კრეატივების დღე, რომელიც მოედო მსოფლიოს, როგორც მრავალი სხვა რამ. კულტურები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები გადად-გადმოდის ერებში… ზღაპრის ერთი და იგივე სიუჟეტი მთელ დუნიაზე მოგზაურობს… შავი კატის გადარბენა, 13 რიცხვი, თვალის თამაში, ხელისგულის ფხანა, ბაყაყის შეხება და რა ვიცი, ათასი სისულელე დღემდე გათავისებული აქვს მთელ დედამიწას… მოედო რა! ეს ჰელოუინიც ეგაა და ნუ ძაბავთ თემას. და ამ ევროპულ საფრთხეებზე დარდით ნუ გაიკალით თავი არაა ეგ კვახობა და გოგრობა საშიში რამე, ერთდღიანი სასაცილო და სამხიარულო დეკორაციაა, მეტი არაფერი.

საშიში ისაა, დედაენა რომ გვადნება ხელში საკუთარი ნებით, წელიწადში 365 დღე!
“დასინა-დასკრინა-დააფოლოვერა-დაასპოილერა-ქრინჯი-ქოუჩი და ა.შ. და ა. შ. რომ გვათოვს და გვაწვიმს…

საშიში ისაა, დღეს ეგერ, სინაგურიდან რომ გაიტაცეს ქართველი კაცი… როგორც მგელი ცხვარს, ისე რომ გვპარავენ ცხვირწინ ადამიანებს…

საშიში ისაა, აგერ, უბნის მარკეტში, ათი რუსი რომ დგას უკვე და სამი ქართველი და წელიწადში ერთხელ კი არა, 365 დღე რომ ასეა და მზარდი რომაა ეს ყველაფერი…
მილიონი კიდევ სხვა, ყოველდღიური, მუდმივი!

ნახეთ რაა, სადარდელი, _ ჰელოუინი!

ზღაპარი და კუდიანები და ჯადოქრები და დედინაცვალი რომ გერის გულ-ღვიძლს ითხოვს სადილად და მუცლის გაჭრები და კოშმარები ყველა ფოლკლორშია, ეს ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

რაც უფრო საზარლად აღიწერება ზღაპარში ბოროტება, მით უფრო დიდია სიკეთისგან მისი დამარცხების სიხარული. ამისთვისაა მთელი ეს გველეშაპ-ბაყბაყობა-ქაჯობა-კუდიანობა…

ჰელოუინიც ეგაა. ადამიანები, ბავშვები დეკორაციად იყენებენ ზღაპრულ ავსულებს, მათით ერთობიან, მათ დასცინიან, მერე გახდიან ამ სამოსს და მოისვრიან განზე!
ჩემ დროს რომ ყოფილიყო, მეც მშვენივრად გავერთობოდი.

მაგრამ, ჩემ დროს ყელსახვევი უნდა მკეთებოდა და ლენინი უნდა მყვარებოდა ძალით. ეს იყო თუ იყო საშიში ჰელოუინი!”, – წერს თამრი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.