“თქვენ რომ ბოდიშს მოიხდით იმაზე, რაც თეა წულუკიანი მიმართ გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე” – შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას

120
spot_img

თქვენ, რომ ბოდიშს მოიხდით, ქალბატონი თეა წულუკიანი მიმართ რაც გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ, თინა ბოკუჩავას უპასუხა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიასთვის მიკროფონის არ გამორთვის გამო აკრიტიკებდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხშირად არათანმიმდევრულია და საკუთარ უხამს ქმედებას პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს ხოლმე.

„ქალბატონო თინა, თქვენ რომ ხელში გეჭირათ ბანერი, როცა ქალი მინისტრი იდგა აქ, იმ ბანერზე რა სამასოიანი სიტყვაც ეწერა, აი, ეს არის უხამსობა. ის არ იყო უხამსობა და ეს არის? გაიხსენეთ რა აკადრეთ მაშინ ქალ მინისტრს. როცა გინდათ პოლიტიკურ განაცხადს ეძახით, როცა გინდათ ასე ეძახით. ჩემი აზრით, ეს არ არის კოლეგიალური მიდგომა, ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ კოლეგიალურები.

რაც შემეხება მე, როდესაც იქნება გადასული ზღვარი, შევეცდები მიკროფონი გავთიშო, თუმცა სიტყვას ვერ შეგაწყვეტინებთ ვერავის. თქვენ, რომ ბოდიშს მოიხდით, ქალბატონი თეა წულუკიანი მიმართ რაც გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე. მთელმა საზოგადოებამ ნახა, თქვენ რაც იკადრეთ ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩაეტიოს გარკვეულ სტანდარტებში და კოლეგიალურ მიმართებაში ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის იღებს შენიშვნას, რომ თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიასთვის „რაღაც მომენტში მიკროფონი უნდა გაეთიშა“.

„ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ იყო სამწუხარო ინციდენტი, ასევე, მე ჩემ თავზე მივიღე ერთი შენიშვნა, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვცდილობ და ასეც ვიზამ ყოველთვის, რომ გასაგებია გარკვეული ზღვარი მაინც გვაქვს, შეიძლება იყოს პიროვნული ხასიათის შენიშვნები, მაგრამ გარკვეული ზღვარი არის, როცა მე საჭიროდ ჩავთვლი ხოლმე, რომ მიკროფონი გავთიშო. ვიღებ ჩემს თავზე ამ შენიშვნას, რომ ჯობდა მიკროფონი გამეთიშა, რაღაც მომენტში რეაქცია მქონოდა. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ნუ გამოიყენებთ ამ მდგომარეობას იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ამოცანები შესრულდეს. მე მოგიწოდებთ კოლეგიალურად, თორემ აქ შეურაცხყოფა იმდენი ისმის, მათ შორის ბატონი ირაკლის მიმართაც ისეთი რაღაცები ითქვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.