“ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ”-თეონა აქუბარდია

142
spot_img

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძე ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ქალ დეპუტატებზე დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

მათივე თქმით, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით იბრძვის და ისინი გეგმავენ, საქმის კურსში ჩააყენონ როგორც სახალხო დამცველი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის გენდერულ საბჭოს გააქტიურებისკენ და პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც დღეს მან იკადრა, კაცობა არ ჰქვია. სწორედ ეს არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის წევრის და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების მიმართ. როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება, ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც თავდაცვის და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბერაიას, ასევე, სრულიად „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ვეუბნები სახელმწიფო უსაფრთხოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარი არის ოკუპაციაზე, არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს პუტინის მოსასმენი სიტყვიდან. ამ ბინძური მეთოდებით ვერ გაგვაჩუმებთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.