“ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია”- თაზო დათუნაშვილი

549
spot_img

ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია და მეტი არაფერი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ბაზა სტრატეგიული სამხედრო ობიექტია, რომელიც იცავს და ამაგრებს უმნიშვნელოვანეს თავდაცვით ხაზს.

„ღალატი და მტრის საქმის კეთება – ასე შეიძლება შეფასდეს პროექტი, რომელიც პრემიერად წოდებულმა ღარიბაშვილმა, ერთ-ერთ ბოლო მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

ის, რასაც ოკუპანტი სახელმწიფო ათწლეულებია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ხელით ხორციელდება.

ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია და მეტი არაფერი. ეს არის სტრატეგიული სამხედრო ობიექტი, რომელიც იცავს და ამაგრებს უმნიშვნელოვანეს თავდაცვით ხაზს და როგორც აღმოსავლეთ საქართველოსთვის, ასევე თბილისისთვის.

ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის განთავსება, როგორც ეს პრემიერმა წარმოადგინა, დაცლილია ყველანაირი ეკონომიკური შინაარსისგან, ამ პროექტში ბიზნეს სარგებელი ნულოვანია.

უკვე ბევრი წელია რაც, ვაზიანის, როგორც სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ობიექტის სამხედრო დანიშნულების მოშლას, რუსეთის ფედერაცია, სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენგან ითხოვდა. მაგალითად საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის მომენტში; ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას. არც ერთ ხელისუფლებას ეს სტრატეგიული ობიექტი არ დაუთმია მტრისთვის, დღეს კი, უკვე რუსების კომფორტული რეჟიმის პირობებში, ამ სამშობლოს ღალატის განხორციელება შესაძლებელი გახდა.

საქმე მარტივად აღსაქმელია: ვაზიანის სამხედრო ბაზა არის, სახმელეთო ძალების, მეოთხე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი. მეოთხე ბრიგადა ჩვენი შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება. მეოთხე ბრიგადამ სახელი საერთაშორისოდ გაითქვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით და უდიდესი გმირობით 2008 წლის ომში. მისი დისლოკაციის ადგილის ცვლილება ან ბრიგადის დაშლას და გადანაწილებას ნიშნავს, ან მის ახალ სივრცეში განთავსებას. ორივე შემთხვევაში ბრძოლისუნარიანობა დაიკლებს და ყველას კარგად ესმის, რომ ეს ბრიგადისთვის სერიოზული პრობლემაა“- განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ამის გარდა, ვაზიანის პოლიგონი ნატო-ს სარდლობისათვის სტრატეგიული სამხედრო საწვრთნელი ტერიტორიაა, რომელზეც საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საერთაშორისო წვრთნებისათვის გამოიყენებოდა.

„ამ ბაზის სამხედრო შინაარსისაგან დაცლა, პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ რუსეთის სტრატეგიული სამხედრო მიზნების განხორციელებად საქართველოში. რომელიც არა საოკუპაციო ჯარით, არამედ “ნამესნიკი” ღარიბაშვილის და მისი პირადი პაჟი ჯუანშერის ხელით განხორციელდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მეოთხე ქვეითი ბრიგადიდან აგვისტოს ომში, რუსებთან ბრძოლებში 41 მებრძოლი დაიღუპა და 16 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათი სისხლი და გმირობა არ დაგვავიწყდება არასდროს. აი, ჯუანშერის და ღარიბაშვილის სახელები კი სამუდამოდ დარჩება, როგორც სხვა მოღალატეების სახელები ჩვენი მდიდარი ისტორიის მანძილზე“, -განაცხადა დათუნაშვილმა.