Home Blog Page 1965

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება – პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის ოჯახის წევრებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის ოჯახის წევრებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს.

ირაკლი და მარინა გაბელაიებს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის სახეზე მიიღეს.

ისინი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის პატიმრობას აპროტესტებენ. მათი თქმით, არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი გაბელია დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

“აშშ-ში მივიღეთ გარანტია, რომ არჩევნებს ყველა დააკვირდება” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ამერიკელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, იოტისოდენადაც არ შემცირებულა.

აღნიშნული შესახებ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, აშშ-ში, 5 დღის განმავლობაში უმაღლეს დონეზე გამართეს შეხვედრები, მათ შორის სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ანალიტიკურ წრეებში. მისივე თქმით, მიიღეს გარანტია, რომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ და არჩევნებს ყველა დააკვირდება.

„წარმოუდგენლად მაღალია საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის მხრიდან ინტერესი პოლიტიკური თუ ექსპერტული წრეების მხრიდან და ამის კონკრეტული დადასტურება არის შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი, რომელზეც ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იყო კიდევ მსჯელობა, მათ შორის საქართველოს კონტექსტში. შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით სრულიად ახალი მექანიზმების შექმნას აშშ-ის მხრიდან. ვგულისხმობ იმას, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალი მიდგომა იქნება, რომ მშვიდობა გარანტირებული იყოს, მათ შორის საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში. ეკონომიკური კუთხით, ფაქტობრივად, აშშ-ის ბიუჯეტი ან სხვა მექანიზმები შეიძლება იქნეს მოძიებული, რომ ამერიკული ინვესტიციები შემოვიდეს მთლიანად შავ ზღვაში და საქართველოში, რაც ახლო მომავალში სრულიად ახალ პერსპექტივას ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს აშშ განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს შავი ზღვის რეგიონში, ოღონდ სწორედ საზოგადოების განწყობის გამო. „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, იოტისოდენადაც არ შემცირებულა. ამას აფასებენ და სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, არჩევნების თემა მთავარი განხილვის საგანი იყო.

„ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ საქართველოში და არჩევნებს ყველა დააკვირდება. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ მოვუწოდებ, ის სიყალბე, რისთვისაც ემზადებით, არ გამოგივათ არცერთ შემთხვევაში, რადგან მთელი დასავლური სამყარო აშშ-თან ერთად არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

“ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს?”

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს.

„მიხეილ სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი ერთ საქმეზე შეიწყალებს პრეზიდენტი, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? ეს ასე არ ხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ნიკა გვარამიას დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, გვარამიამ აღნიშნა, რომ „ფსიქიკური არასტაბილური პრობლემის გამო, მას რაღაც მოსრიალებები ჰქონია“.

„ამ განცხადებით, გვარამია ცდილობს, თავისი დღევანდელი ფსიქიკური პრობლემების რაღაცნაირად გადაფარვას. გვარამიას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, სხვანაირად ის, იმ ბინძურ საქმიანობაში ვერ იქნებოდა ჩართული და ვერ იქნება ჩართული, რაშიც დღემდე არის ეს ადამიანი ჩართული. რა თქმა უნდა, მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს ფსიქიკური პრობლემები დღესაც აქვს და ეს არის შემდგარი ფაქტი, საკმარისია, მის განცხადებებს მოუსმინო დღემდე და შესაბამისი დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამია პოლიტიკიდან არასდროს წასულა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სახეა.

„გვარამია პოლიტიკიდან არასდროს წასულა, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ მომავალშიც ამ პოლიტიკურ პარტიაში, როგორც დღეს არის, არსად წასულა, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სახე მთელი ამ წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გააგრძელებს ამ როლის შესრულებას მომავალშიც. განახლებაზე რომ საუბრობს გვარამია, რომელიც თავის დროზე ადეიშვილის, გენპროკურორის მოადგილე იყო, როცა „იმედში“ შეიჭრა მისი პოლიტიკური პარტია, განახლებაზე საუბრობს ყველაზე ნაფტალინიანი პოლიტიკოსი საქართველოში – გვარამია. აქედან ჩანს, როგორი რესურსი აქვს განახლების, ამ პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, არავითარი განახლების რესურსი არ აქვს, ამიტომ ზის „ნაცმოძრაობის“ სახელით დღეს პარლამენტში სალომე სამადაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ხაბეიშვილი და ა.შ. ეს არის მათი განახლება, ამის იქით მათ განახლების რესურსი არ აქვთ, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან არც ერთ კეთილსინდისიერ ადამიანს „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოება არ უნდა, თუ განახლდებიან, ისევ ძველი სახეებით. გვარამია წლების მანძილზე „ნაცმოძრაობაში“ მეორე კაცი იყო, როცა „ნაცმოძრაობამ“ მძიმედ წააგო ყველა არჩევნები, რა თქმა უნდა, გვარამიაც იქნება ფაქტორი, მორიგი მარცხისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

“სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეგვიცვლია” – მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

სინოდმა გადაწყვეტილება მივიღეთ და ის არ შეგვიცვლია – ქრისტე იყო მიმტევებელი და ჩვენც თუ ქრისტიანები ვართ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ,- ასე უპასუხა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება, თუ არა წმ. სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი.

მეუფე იაკობს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იმსჯელებენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ სინოდის სხდომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებითაა მოწვეული.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა.

„გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

“ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს” – კარასინი ზურაბიშვილზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ CBS NEWS-თან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას „ბოდვას“ უწოდებს.

კარასინის თქმით, „ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს”.

„სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით პარაზიტირებს. ახლა ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“, ანერვიულებს. პრეზიდენტი ამაში წინაპირობას ხედავს, რომლითაც რუსეთი სრულფასოვანი ომის გამოცხადებას შეძლებს და იგი მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისსაც ესმის“, – წერს გრიგორი კარასინი „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, „ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

თიბისი ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრო

თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად ზრუნავს. კომპანიამ საკუთარ ტექ გუნდზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში  იმპლემენტაციას გულისხმობს.

თიბისის .Net დეველოპერები პორტოში, ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრნენ. NDC ნორვეგიული კონფერენცია, რომელიც დეველოპერებისთვის 2008 წლიდან ტარდება. გამოცდილების დაგროვებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ კონფერენციის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზარდა — ის სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ტარდება, რათა დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესოა. მოწვეული მსოფლიო დონის სპიკერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გიზიარებენ. ამასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვაცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპიკერების გარდა, კონფერენციაზე ბევრ საინტერესო ვორქშოფს შეხვდებით” – ნინო ჩოგოვაძე, თიბისი ტექ გუნდის წევრი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

“თუ პარლამენტში ვინმეს ზრდილობა ეშლება, ეს სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარლამენტში ვინმეს ზრდილობა ეშლება, ეს სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ბოდიში“ თეონა აქუბარდიას, ირაკლი ბერაიასგან განსხვავებით, კაცი დეპუტატებისთვის არასდროს მოუხდია.

მისივე თქმით, ირაკლი ბერაიას ბოდიშის მოხდა არ გასჭირვებია, რადგან ის არის ღირსეული ადამიანი.

„ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა. როდესაც ეს ადამიანები, მათ შორის, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ. ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატს „პატარა კაცებს“ რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ „ბოდიში“ თეონა აქუბარდიასგან გახსოვთ, რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი – სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა სინანულის გამოხატვა.

ჩვენ „ბოდიშიც“ კი არ მოგვისმენია ამ კონკრეტული დეპუტატებისგან, როცა ისინი უზრდელობდნენ, არღვევდნენ ეთიკის სტანდარტებს. ეს არ გაუჭირდა ირაკლი ბერაიას, იმიტომ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი. როგორ შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან?! ისინი ახდენენ, მათ შორის, გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ. როცა ამ დეპუტატებს ვუყურებ, აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. თუკი ვინმე ამ პარლამენტში ახდენს პოლარიზაციას ხელოვნურად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. მინდა მანდ მოვუწოდო, პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და მოიქცნენ სხვანაირად! მათ აქვთ ორმაგი, შვიდმაგი სტანდარტი, ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს ეთიკური წესები დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

“არ გადადგება ირაკლი ბერაია! მიიღეთ პასუხი?” – შალვა პაპუაშვილი

ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.

შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქვა.

„ის, რომ ჩვენს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა და ხანდახან შეიძლება რაღაც ზღვრის გადალახვა იყოს, ამ გამოწვევას თავისი პასუხი აქვს და ამის პასუხი არის ორ რამეში: ერთი, ყველა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და ყველა შევეცადოთ, რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ყველას მიმართ, არა გამორჩეულად, როცა საქმე ეხება ჩემიანს სხვისიანს, არამედ ყველას მიმართ ვიყოთ. გარწმუნებთ, თუკი ასე მივუდგებით მითუმეტეს „ქართულ ოცნებაზე“ რომ ვსაუბრობთ, რომელსაც უმრავლესობაშია პარლამენტში და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა აქვს ინტერესი, სიმშვიდე და საქმიანი გარემო იყოს. გარწმუნებთ, არავის აქვს სურვილი და სიამოვნებას არავინ იღებს, როდესაც არის არეულობა და თუნდაც შეურაცხყოფა. ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ თანმიმდევრული და ერთი სნადარტით მივუდგეთ ყველაფერს. წეღან ამიტომ ვამბობდი ქალბატონი თეა წულუკიანის შემთხვევაზე. ვინმეს თუ ესიამოვნა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ნახა რუსულ ენაზე, არ ვიცი. ეს პარლამენტისთვის ყველანაირად შეურაცხმყოფელი იყო და მაშინ რომ რეაგირება გვქონოდა დღეს, უფრო სხვა მორალური პიედესტალი გექნებოდათ. ერთი რამ დავაფასოთ, ადამიანმა გამოთქვა თავისი სინანული და სხვებისგან სინანული არ მსმენია ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

„საქართველოს ორბანიზაცია“ – რას წერს ბრიტანული პრესა

ბრიტანულ ყოველკვირეულ გაზეთ The New European-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ორბანიზაცია“ (ავტორი – კრავაი რუსთაველი), რომელშიც განხილულია საქართველოს პროევროპული პოლიტიკის სპეციფიკა – ორიენტაცია უნგრეთზე. საუბარია საქართველოში უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ, მოცემულია ქართველი ექსპერტის თვალსაზრისი.

ამას წინათ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მასპინძელმა – მისმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილმა ვახშმობისას „ოჯახური ფასეულობებისა და სიწმინდეების“ სადღეგრძელო შესვეს. ჩვენ, ქართველები ვამაყობთ, რომ მეღვინეობის უძველეს ქვეყნად ვითვლებით და სტუმრის ღვინის მარანში მიპატიჟება ჩვენი ეროვნული ტრადიციული კულტურის ნაწილად ითვლება, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო – [სტუმრის მარანში მიწვევას თავისი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა]… რამდენიმე კვირის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული – მიანიჭონ თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს 12 კრიტერიუმი, მაგრამ სტუმრის ვიზიტის დროს მასპინძელმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმო საქართველოსა და უნგრეთის ერთმანეთთან მსგავსებას, ვიდრე ევროკავშირთან დამოკიდებულებას.

„ორბანიზაცია“ და კონსერვატიული, უკიდურესად მემარჯვენე იდეების გავრცელება და პოპულარიზება ევროპისათვის საფრთხეს წარმოადგენს – მით უმეტეს, ისეთი უფრო საშიშია განვითარებადი დემოკრატიებისათვის, როგორსაც საქართველო წარმოადგენს.

„ძნელია ევროპაში ქრისტიანად ყოფნა“, – განუცხადა ვიქტორ ორბანმა ქართულ პრესას. თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ ადამიანების საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტით.

საქართველოში სულ უფრო მეტად ვლინდება ავტორიტარული პოლიტიკური ინსტინქტი. მტავრობა დღეს ლაპარაკობს  „უმრავლესობის უფლებაზე“, ამ ზაფხულს კი თბილისური „პრაიდი“ ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფების თავდასხმის ობიექტი გახდა. 2021 წელს „პრაიდის“ მიმართ გამოჩენილი ძალადობა იმდენად უხეში იყო, რომ გადამღები ტელეოპერატორი დაიღუპა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის შემადგენლობაში, მაგრამ იმავდროულად აკრიტიკებს იმ სტრუქტურებს, რომლებიც თბილისს ინტეგრაციისაკენ მოუწოდებენ. მისი კრიტიკის ერთ-ერთ ასეთ კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენს „ფრანკლინის კლუბი“ (Franklin Club) – კლასიკური ლიბერალების და ლიბეტარიანელების ასოციაცია, რომელთა იდეების მიხედვით, ინდივიდუალური არჩევანი და საბაზრო ეკონომიკა აუცილებელია თავისუფალი საზოგადოებისათვის. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ „სატანისტები“ უწოდა.

რეზი თოფურია, Franklin Club-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემთან (The New European-თან) ინტერვიუში საუბრის დროს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის კრიტიკის ტენდენცია ემთხვევა უნგრეთის პოზიციას და მხარდაჭერას იღებს ისეთი წინააღმდეგობრივი ფიგურისაგან, როგორსაც ვიქტორ ორბანი წარმოადგენს. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს არასწორი ორიენტაცია აქვს აღებული. ეს არ არის ევროკავშირთან ინტეგრაცია.

გარდა ამისა, ორივე ლიდერი მეტ-ნაკლებად იზიარებს რუსულ თვალსაზრისს უკრაინის მიმართ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ დიდ განსხვავებას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ პოზიციებს შორის. უკრაინაში რუსეტის არმიის სეჭრის დღიდან საქართველოს ქალაქების ქუჩები ხალხით ივსებოდა, რომლებიც კრემლისმიერ ომის დაწყებას აპროტესტებდნენ. არსად იმდენი უკრაინული დროშა არ ფრიალებდა, რამდენიც თბილისში. და, რა თქმა უნდა, საქარტველოს ტავისი მიზეზიც აქვს: რუსეთის ჯარს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

„მთავრობა თვლის, რომ უკრაინას საქართველოს ჩათრევა სურს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში“, – ამბობს რეზი თოფურია. მისი აზრით, ამ სტარტეგიას ხელისუფლება სამომავლო არჩევნებისთვის იყენებს არგუმენტის სახით, რომ ხელისუფლება მშვიდობისთვის ზრუნავს, ოპოზციას კი ომის დაწყება სურს. გარდა ამისა, ის ფაქტი რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების ალიანსიდან გამოვიდა, იმას მოწმობს, რომ ხელისუფლება აქცენტს ულტრაკონსერვატიულ იდეებზე აკეთებს

მოსალოდნელია, რომ 2024 წლის საპალამენტო წინასაარჩევნო  კამპანია აგებული იქნება ემოციებზე და არა ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების კრიტიკაზე. ემოციები უპირველესად მიმართულიიქნება იმის გაცნობიერებაზე, თუ როგორ ემუქრება ქართულ იდენტობას დასავლეთი. შიშის ჩანერგვის ტაქტიკა და ეროვნული ღირსების დაცვისადმი მოწოდებები, ალბათ, [მმართველი პარტიის] წინასაარჩევნო კამპანიაში ცენტრალურ როლს შეასრულებენ. ეს ყველაფერი აძლიერებს პროკრემლურ და ანტიდასავლურ ნარატივს, რომელიც პრობლემაა არამარტო საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასათვის, არამედ მთლიანად ევროკავშირის საფრთხედაც შეიძლება ჩაითვალოს.

სხვათა შორის, თბილისში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ვიქტორ ორბანი ჩინეთში, პეკინში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. [ეს მრავლისმთქმელ ფაქტს წარმოადგენს].

წყარო

“აბაშიძე-კარასინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და ამაში საიდუმლო არაფერია” – რატი ბრეგაძე

ეს ადამიანები [აბაშიძე-კარასინი] ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ, არსებობს საკომუნიკაციო არხი და მგონია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის – თუ რაიმე ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, რადგან მათი მხრიდან იყო გაუქმებული.

„მე არ მომისმენია ეს ჩანაწერი და შესაბამისად, შინაარსზე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ ერთს აუცილებლად ვიტყვი ბრალდებაზე, რომ თითქოს და საქართველოს ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას – „ქართული ოცნება” არათუ ატყუებს, არამედ ყოველთვის ეუბნება სიმართლეს და თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ მოსახლეობას არასდროს ვეუბნებით ტყუილს, ყოველთვის ვეუბნებით სრულ სიმართლეს და ორიენტირებული ვართ სახელმწიფოს ინტერესებზე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

„ქართული ოცნება” ორიენტირებულია სახელმწიფოს ინტერესებზე და რაც შეეხება ფრენების აღდგენას – ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა, რადგან რუსეთის მხრიდან იყო გაუქმებული და ამით პრობლემები ექმნებოდათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სხვადასხვა შემოვლითი გზით უწევდათ.

თქვენ გინდათ საზოგადოება დააჯეროთ, რომ იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული იყო გადაწყვეტილება და მათ თავადვე გააუქმეს თავიანთი გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებოდათ გამარტივებულად გადაადგილება, ვინმეს საქართველოში უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?! პირდაპირ უნდა თქვათ, რომ თქვენ გინდათ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ გადაადგილება, ვინმეს დაეკისროს საქართველოში პასუხისმგებლობა.

ის, რომ ბატონ აბაშიძეს და კარასინს შორის არსებობს ურთიერთობა, ყველამ იცით. ეს საიდუმლო არა რის. ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და არსებობს საკომუნიკაციო არხი. მე მგონია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. თუ რაიმე ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ამის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.