“სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეგვიცვლია” – მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

140
spot_img

სინოდმა გადაწყვეტილება მივიღეთ და ის არ შეგვიცვლია – ქრისტე იყო მიმტევებელი და ჩვენც თუ ქრისტიანები ვართ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ,- ასე უპასუხა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება, თუ არა წმ. სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი.

მეუფე იაკობს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იმსჯელებენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ სინოდის სხდომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებითაა მოწვეული.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა.

„გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.