ეს ადამიანები [აბაშიძე-კარასინი] ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ, არსებობს საკომუნიკაციო არხი და მგონია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის – თუ რაიმე ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, რადგან მათი მხრიდან იყო გაუქმებული.
„მე არ მომისმენია ეს ჩანაწერი და შესაბამისად, შინაარსზე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ ერთს აუცილებლად ვიტყვი ბრალდებაზე, რომ თითქოს და საქართველოს ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას – „ქართული ოცნება” არათუ ატყუებს, არამედ ყოველთვის ეუბნება სიმართლეს და თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ მოსახლეობას არასდროს ვეუბნებით ტყუილს, ყოველთვის ვეუბნებით სრულ სიმართლეს და ორიენტირებული ვართ სახელმწიფოს ინტერესებზე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„ქართული ოცნება” ორიენტირებულია სახელმწიფოს ინტერესებზე და რაც შეეხება ფრენების აღდგენას – ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა, რადგან რუსეთის მხრიდან იყო გაუქმებული და ამით პრობლემები ექმნებოდათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სხვადასხვა შემოვლითი გზით უწევდათ.
თქვენ გინდათ საზოგადოება დააჯეროთ, რომ იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული იყო გადაწყვეტილება და მათ თავადვე გააუქმეს თავიანთი გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებოდათ გამარტივებულად გადაადგილება, ვინმეს საქართველოში უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?! პირდაპირ უნდა თქვათ, რომ თქვენ გინდათ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ გადაადგილება, ვინმეს დაეკისროს საქართველოში პასუხისმგებლობა.
ის, რომ ბატონ აბაშიძეს და კარასინს შორის არსებობს ურთიერთობა, ყველამ იცით. ეს საიდუმლო არა რის. ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და არსებობს საკომუნიკაციო არხი. მე მგონია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. თუ რაიმე ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ამის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.
აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.