“არ გადადგება ირაკლი ბერაია! მიიღეთ პასუხი?” – შალვა პაპუაშვილი

125
spot_img

ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.

შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქვა.

„ის, რომ ჩვენს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა და ხანდახან შეიძლება რაღაც ზღვრის გადალახვა იყოს, ამ გამოწვევას თავისი პასუხი აქვს და ამის პასუხი არის ორ რამეში: ერთი, ყველა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და ყველა შევეცადოთ, რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ყველას მიმართ, არა გამორჩეულად, როცა საქმე ეხება ჩემიანს სხვისიანს, არამედ ყველას მიმართ ვიყოთ. გარწმუნებთ, თუკი ასე მივუდგებით მითუმეტეს „ქართულ ოცნებაზე“ რომ ვსაუბრობთ, რომელსაც უმრავლესობაშია პარლამენტში და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა აქვს ინტერესი, სიმშვიდე და საქმიანი გარემო იყოს. გარწმუნებთ, არავის აქვს სურვილი და სიამოვნებას არავინ იღებს, როდესაც არის არეულობა და თუნდაც შეურაცხყოფა. ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ თანმიმდევრული და ერთი სნადარტით მივუდგეთ ყველაფერს. წეღან ამიტომ ვამბობდი ქალბატონი თეა წულუკიანის შემთხვევაზე. ვინმეს თუ ესიამოვნა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ნახა რუსულ ენაზე, არ ვიცი. ეს პარლამენტისთვის ყველანაირად შეურაცხმყოფელი იყო და მაშინ რომ რეაგირება გვქონოდა დღეს, უფრო სხვა მორალური პიედესტალი გექნებოდათ. ერთი რამ დავაფასოთ, ადამიანმა გამოთქვა თავისი სინანული და სხვებისგან სინანული არ მსმენია ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.