Home Blog Page 1963

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს. დაკავებულია ერთ-ერთი გაქცეული პატიმარიც.
კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

თიბისის მხარდაჭერით „შავი ლომი“ ახალ სეზონს იწყებს

თიბისის მხარდაჭერით, პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს. თიბისი ქართული რაგბის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრობის შემდეგ კვლავ აქტიურად აგრძელებს ამ სპორტის ხელშეწყობას და ამჯერად „შავ ლომს“ ევროპის საკლუბო ტურნირზე დაუჭერს მხარს.

„შავი ლომი“ წელს ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. გუნდი ევროპის სუპერ თასის ორგზის გამარჯვებულია და წელს გამარჯვებისთვის მესამედ იბრძოლებს, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერესი სარაგბო კლუბი ეწვევა. მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში, თიბისი გუნდს აქტიურად უგულშემატკივრებს და მორიგი მსოფლიო აღიარების მოპოვებაში დაეხმარება.

სუპერ თასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. თამაში განახლებული ფორმატით ჩატარდება. ტურნირის სადებიუტო თამაში 9 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ქართული გუნდი ინგლისს დაუპირისპირდება.

მომდევნო ორი თამაში უელსსა და საფრანგეთთან შედგება, ტურნირი კი 20 იანვარს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასკვნითი ეტაპით დასრულდება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

„რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“ – რას წერს ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი

 „უკრაინის არმიის კონტრშეტევას შთამბეჭდავს ვერ ვუწოდებ“, – წერს ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი, რომელმაც სამი კვირა გაატარა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის წინა ხაზზე. სტატიაში სათაურით „რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“, იგი აღწერს თავის შთაბეჭდილებებს და ხაზს უსვამს:უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ „სულით ძლიერნი“ არიან, მაგრამ თუ რიგი მიზეზების გამო მათი სულის ძლიერება შესუსტდება, ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის არმიის 80-ე სადესანტო ბრიგადის ლეიტენანატი ნიკოლაი სტრიგუნოვი გასული ზაფხულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა – ნატოს სართვნელ ბაზაში, კემპ-ნუკში, დასავლური სტანდარტებით მომზადების მიზნით. მას დრო არ ჰქონდა რაიმე დაეთვალიერებინა, რადგან უკრაინის არმიის კონტრშეტევას სასწრაფოდ ჭირდებოდა ნატოს ყაიდაზე მომზადებული ოფიცრები. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ იგი მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა – სოფელ კლეშჩევკასთან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ ნიკოლაი სტრიგუნოვს და სხვა მებრძოლებს სოფლის დაკავებისათვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ მომდევნო წარმატება, ალბათ, მალე აღარ იქნება – დონბასში წვიმიანი შემოდგომა მოვიდა, ტყეებში ხეებს ფოთლები დასცვივდა, ანუ უკრაინელი მებრძოლები და სამხედრო ტექნიკა რუსების შეუმჩნევლად ვეღარ დაიმალებიან, უგზოობის დროს კი ტანკებიც კი ღრმა ტალახში ჩაეფლობიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას დაკარგავს –  არავითარი გარღვევა ამ წლის დარჩენილ დროში აღარ მოხდება.

არადა, რა დიდი იმედი და რა მტკიცე რწმენა იყო ივნისში, რომ დასავლური იარაღით მომარაგებული უკრაინის კარგად გაწრთვნილი არმია, მაღალი საბრძოლო სულისა დთ და ნატოს იარაღით, რუსეთის ტთვდაცვის ზღუდეებს გაარღვევდა, მტერს სწრაფად შემუსრავდა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა. მართალია, გამოცდილი გენერლები კიეველ პოლიტიკოსებს აფრთხილებდნენ, რომ ბრძოლები გაჭიანურდებოდა, შეიძლება თვეებით და წლობითაც, მაგრამ მათ ცოტა ვინმე თუ უსმენდა.

მაგრამ საკითხავია, დაელოდებიან თუ არა ამდენ ხანს კონტრშეტევის შედეგებს უკრაინის დასავლელი მოკავშირეები? ამერიკაში და ევროპაში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება: აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს, ის კი უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგია. ევროპულ მხარდაჭერაშიც ბზარები გაჩნდა: უნგრეთზე რომ არაფერი ვთქვათ, სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი პოპულისტები მოვიდნენ რობერტ ფიცოს მეთაურობით. ახლო აღმოსავლეთში გაჩენილმა ომის დიდმა ხანძარმა კი უკრაინის მოვლენები საერთაშორისო ყურადღების ფოკუსიდან განზე გასწია… მსოფლიოში კი კიდევ ბევრი ფეთქებადსაშიში კონფლიქტი ღვივის…

მაინც როგორია უკრაინის წარმატებები? ჩვენმა კორესპონდენტმა სამკვირიანი მივლინების დროს ფეხით გაიარა 650 კილომეტრი ფრონტის ხაზზე – არტემოვსკიდან ზაპოროჟიემდე და ხერსონამდე. შორეულ და გრძელ გზაზე იგი ბევრ მებრძოლს ხვდებოდა -ტანკისტებს, არტილერისტებს, მერაკეტეებს… ფაქტების ერთ მთლიანობად დაკავშირება ძნელი საქმეა. ყოველი ჯარისკაცი ბრძოლის დროს მხოლოდ იმ მიწას ხედავს, რომელიც მის წინ არის, ოფიცრები კი, რომლებმაც სიტუაცია უფრო მეტად იციან, დუმილს ამჯობინებენ.

და მაინც სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინის არმიის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ოფიცერიც კი ვერ უწოდებს კონტრშეტევას წარმატებულს. გეგმის მიხედვით, ივნისის დასაწყისში მთავარი დარტყმა რუსების პოზიციებზე ზაპოროჟიეს ოლქიდან, ორეხოვოდან უნდა განხორციელებულიყო, უკრაინელები წინ 80 კილომეტრით სწრაფად წაიწევდნენ, დაიკავებდნენ ქალაქ მელიტოპოლს და ბერდიანსკის ნავსადგურთან აზოვის ზღვის ნაპირზე გავიდოდნენ. ამით „გადაიჭრებოდა“ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ყირიმს და დონბასს ერთმანეთთან აკავშირებდა.

მაგრამ ოპერაციამ „ბუქსაობა“ პირველივე კვირიდან დაიწყო:  რუსების მიერ აგებულ და ნაღმებით სავსე თავდაცვის ზღუდეზე – „სუროვიკინის ხაზზე“ – ბევრი გერმანული „ლეოპარდი“ და ამერიკული „ბრედლი“ განადგურდა. ხუთთვიანი ბრძოლების შემდეგ ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ  წინ წაიწია, მაგრამ მხოლოდ 16 კილომეტრით და შეჩერდა: დანაკარგები ძალიან დიდი აღმოჩნდა.

ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, მაგრამ მტერიც არ თვლემს. ფრონტის ხაზზე მდებარე სოფლების უმეტესობა ნანგრევებადაა ქცეული. ანუ სოფლის დაკავება პრაქტიკულად მხოლოდ ნანგრევების დაკავებას ნიშნავს, სადაც სახლიც კი აღარ არის დარჩენილი, დროშა რომ აღმართო. ზოგჯერ კი დროშის აღმართვაც საშიშია – რუსული დრონები არემარეს განუწყვეტლივ ზვერავენ.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტის ჯასტინ კრამპის თქმით, „უკრაინის წარმატებები ესოდენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის ხაზზე საკმაოდ არსებითია“, მაგრამ იგი აღიარებს: „რუკაზე ასეთი წინსვლა შთამბეჭდავად არ ჩანს.  დასავლეთი ამას ვერ ხედავს“.

ამასთან, კიევის ხელმძღვანელობა თვლის, რომ „ნახევარი ძალით იბრძვის, რადგან ერთი ხელი ზურგსუკან გაკრული აქვს“. საქმე მხოლოდ იმაში არაა, აქვს თუ არა უკრაინას თანამედროვე „მოდური“ დასავლური ჯავშანტექნიკა. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ტანკისტი, საბჭოური ძველი Т-64-ის ეკიპაჟის წევრი ალექსანდრე ამბობს, „ტანკით ბრძოლის დროს მთავარია მოხერხებულობა და უნარიანობა გამოიჩინო. ტანკი ახალიც რომ იყოს, თუ მისი მართვა არ იცი, თუ ჯავშანს და ძრავას არ გრძნობ, მაინც ვერაფერს გააკეთებ“. კიევი კონტრშეტევის დაყოვნებას ავიაციის უქონლობასაც აბრალებს: თუ ჰაერიდან დაცული არ ხარ, ხმელეთზე შეტევის განხორციელება რთულდება.

უკრაინა უფრთხილდება თავისი ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს, რუსებისათვის კი სამხედრო პირის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. კრემლს შეუძლია შტურმის დროს ბატალიონის ნახევარი დაკარგოს და დაღუპულები სხვებით ჩაანაცვლოს. მათთვის ჯარისკაცი საზარბაზნე ხორცს წარმოადგენს“.

უკრაინელი სამხედროები ჩივიან – „დასავლეთს რომ იარაღი ჩვენთვის დროზე მოეწოდებინა, რუსები „სუროვიკინის ხაზის“ აგებას ვერ შეძლებდნენო. გარდა ამისა, კიევის შტაბში უკმაყოფილონი არიან დასავლეთის საყვედურებით – „რატონ არის შენელებული კონტრშეტევის ტემპიო“. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები აზრზეც კი არ არიან, თუ რაოდენ რთულია თანამედროვე ბრძოლა. „დასავლეთს ამგვარი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამოცდილება არ აქვს. აქ ისეთივე მძიმე ბრძოლებია, როგორც პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს. თუ ვინმეს ჩვენზე მეტად სურს წარმატების მიღწევა, კეთილი ინებოს, ფრონტის ხაზზე მოვიდეს და თვითონ სცადოს ბრძოლა. რუსები იარაღით ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მათ დაბალი სულისკვეთება აქვთ. ეს კი ომის დროს ყველაზე მთავარია“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

დიახ, უკრაინელები ამტანები არიან, მაგრამ ყველზე გამძლე ჯარისკაცსაც გაუჭირდება ბრძოლა ზამთარში. საქმე მხოლოდ იმაშია არაა, რომ მძიმე ტექნიკას გადაადგილების დროს თოვლი და ტალახი ხელს უშლის. ბრიტანელი ინსტრუქტორის დენიელ რიდლის თქმით (იგი წინა ზამთარს უკრაინის ფროტზე იბრძოდა), 20-25 გრადუსიან ყინვაში ნორმალურად არაფერი აღარ მუშაობს – არც ტექნიკა და არც ჯარისკაცები. „ასეთი ყინვის პირობებში ტრანშეიდან ამოსვლას არავინ არ მოისურვებს, შტურმის განხორციელებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ძლიერი სიცივის დროს თანამედროვე ელექტრონული აპარატურა პარალიზებულია. მინუს 20 გრადუსი ყინვის დროს დრონების აკუმულატორები წუთიერად განიმუხტებიან, თბოვიზორები კი არ მუშაობენ. თვით ტრანშეებიც კი ყინულით იფარება. თუ ცივი ზამთარი იქნება, რაიმე შეტევა არც უკრაინელებისაგან და არც რუსებისაგან მოსალოდნელი არ არის“, – ამბობს დენიელ რიდლი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ გარღვევის ვადებმა გადაიწია – ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულისათვის. ამ მომენტისათვის კონფლიქტს უკვე ორი წელი შეუსრულდება. როცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გასული წლის თებერვლაში, ომის პირველ წლისთავზე კითხვა დაუსვეს, როგორ განწყობაზე იქნებით, თუ ომი კიდევ ერთი წელი გაგრძელდებაო, მან უპასუხა, რომ ასეთ დრამაზე ფიქრიც კი არ სურს.

დღეს ასეთი დრამა რეალურია. ამიტომაც ალბათ, არავისთვის მოულოდნელი სიურპრიზის არ იქნება, რომ შეიძლება უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დონე დაეცეს. არაოფიციალური შეფასებით, უკვე დაიღუპა 70 ატასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე – დაახლოებით ათჯერ მეტი, ვიდრე ტერორიზმთან დასავლეთის 20-წლიანი ომის განმავლობაში. ასევე არაოფიციალურად, რუსებმა 120 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ კრემლს რესურსები აქვს და ამიტომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, ჯარისკაცები ომით დაიღალნენ, – ამბობს მაქსიმ არტემჩუკი, რომელმაც მომზადება „სამკბილას“ („ტრეზუბეცის“) პროგრამით გაიარა, – მაგრამ თუ ჩვენ მოლაპარაკებაზე დავთანხმდებით, მტერი იფიქრებს, რომ უკრაინის არმია სუსტდებაო. ცხადია, რომ ომის დროს მსხვერპლი გარაუვალია, მაგრამ ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა, რომლის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს“.

წყარო

“რუსეთ -უკრაინის ომი ჩიხში შევიდა“ – ვალერი ზალუჟნი

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, თუ რა არის აუცილებელი რუსეთზე გამარჯვებისათვის, მაგრამ აღიარებს, რომ ომი ჩიხში შევიდა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ხუთთვიანი კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჯარებმა წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწიეს. რუსეთი მთელი ათი თვის განმავლობაში იბრძოდა ბახმუტისათვის, რათა ქალაქის ექვსკილომეტრიანი სიგრძის მქონე ტერიტორია დაეკავებინა“, – უზიარებს The Economist-ს თავის შთაბეჭდილებებს ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. იგი ამბობს, რომ ბრძოლის ველი ასი წლის წინათ მომხდარ დიდი ომის სურათებს ახსენებს: „ზუსტად ისევე, როგორც პირველი მსოფლიოს ომის დროს იყო – ჩვენ ტექნოლოგიის ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომელსაც ჩიხში შევყავართ“, – ამბობს მთავარსარდალი. იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო გახდება მასშტაბური ტექნოლოგიური ნახტომის განხორციელება. გარდა ამისა, იგი ასკვნის, რომ სავარაუდოდ, ისეთი ღრმა და შთამბეჭდავი გარღვევა ფრონტზე არ იქნება, როგორსაც ელოდნენ,“.

კონტრშეტევის მსვლელობამ დასავლეთს იმედები გაუცრუა. დასავლეთს ეგონა, რომ უკრაინას შეეძლო ეჩვენებინა რუსეთისათვის, რომ კრემლი ომს ვერ მოიგებს და აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინს გათვლების კორექტირება მოუწევდა – კიევი აიძულებდა მოსკოვს მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. კონტრშეტევამ ასევე აჩვენა თვითონ გენერალ ვალერი ზალუჟნის რწმენის მცდარობაც, რომ მას შეუძლია რუსეთის არმია სისხლისგან დაცალოს, ბრძოლისუუნარო გახადოს და შეაჩეროს. „ეს ჩემი შეცდომა იყო“, – აღიარებს გენერალი, – „რუსეთმა არანაკლებ 150 ათასი მეომარი დაკარგა. ნებისმიერი ქვეყანა ასეთი მსხვერპლის გამო შეჩერდებოდა“. მაგრამ არა რუსეთი, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ ფასობს და სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორიენტირებს პირველი და მეორე მსოფლიო ომები წარმოადგენს, რომლებშიც რუსეთმა ათობით მილიონი ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინის დონის არმიას, როცა რუსეთის თავდაცვის ზღუდეების გარღვევა დაიწყო, წინსვლა დღეში 30 კილომეტრით მაინც უნდა განეხორციელებინა: „თუ თქვენ ნატოს სახელმძღვანელოებში ჩაიხედავთ, რომლებიც ჩვენ კარგად შევისწავლეთ [კონტრშეტევის დაგეგმვის დროს], მათი მიხედვით, ოთხი თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ყირიმში ჩვენი ოთხჯერ შესვლისათვის“, – სარდონისებური მწარე ღიმილით ამბობს ვალერი ზალუჟნი, – სინამდვილეში კი მე ვხედავდი, თუ როგორ ფეთქდებოდა ჩვენთვის დასავლეთის მიერ მოწოდებული ტექნიკა რუსების ნაღმებზე, როგორ გვბომბავდა მძიმე არტილერია და ავიაცია“.

„ჯერ მე ვიფიქრე, რომ ჩვენი მეთაურები ბრძანებებს კარგად ვერ ასრულებენ-მეთქი და ზოგიერთი თანამდებობიდან გავათავისუფლე. ჯარისკაცებიც ჩავანაცვლე, მაგრამ როცა საქმეს მაინც არ ეშველა, მაშინ გამახსენდა, რომ აკადემიაში სწავლის დროს ვნახე წიგნი სახელწოდებით „თავდაცვის ზღუდეების გარღვევა“, რომელიც 1941 წელს საბჭოთა გენერალ-მაიორ პ.სმიროვის ავტორობით გამოქვეყნდა. ჩვენ სწორედ მისი შესწავლა გვჭირდებოდა“, – ამბობს გენერალი.

ვალერი ზალუჟნი „ეკონომისტთან“ საუბრის დროს ასახელებს უკრაინის არმიის ოთხ პრიორიტეტს:

ჰაერში გაბატონება

რასაკვირველია, საარტილერიო ჭურვები და რაკეტები უკრაინის არმიას ჭირდება, მაგრამ უპირველესად დღეს ავიაციიაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაა აუცილებელი. „ყოველი სახმელეთო ოპერაციის წარმატებას ჰაერიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფს, უკრაინას კი ომის დასაწყისში მხოლოდ 120 საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა, თუმცა მათ მესამედს ჰაერში აფრენა არ შეეძლო“. დღეს რუსული ავიაცია უკრაინის ცაში ბატონობს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ უკრაინის თვითმფრინავები თითქმის სულ ჩამოყარა.

სხვათა შორის, ამერიკული თვითმფრინავები „ფალკონები“ (F-16-ები), რომელიც ჩვენ გაისად უნდა მივიღოთ, შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ომის განმავლობაში სწრაფად აუმჯობესებს თავის ფრონტულ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, უკვე იყენებენ ექსპერიმენტული საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული საპასუხო ზომები მივიღეთ – დრონების წარმოების გაზრდის სახით. დღეს ჩვენთვის უპილოტო საფრენ აპარატებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვისარგებლოთ ახალი შემტევი დრონებით და მიზანს ამცდენი საფრენი აპარატებითაც“.

რადიოლექტრონული ბრძოლა

ომის განმავლობაში უკრაინამაც გააუმჯობესა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და რუსეთმაც. ეს ძირითადად ეხება დრონებისა და რაკეტების, აგრეთვე მართვადი საარტილერიო ჭურვების (ასევე საავიაციო ბომბების) გაუვნებლობას მცდარი რადიოსიგნალების მეშვეობით. რუსეთის აქტიურად სარგებლობს შემტევი და სადაზვერვო დრონებით, რომლებიც, დიდი რაოდენობით შეისყიდა ირანში და მათ მოდერნიზებას ახდენს.  „მართალია, ზოგიერთი ანალიტიკოსი დამცინავად ლაპარაკობს რუსეთზე, მაგრამ უკრაინის არმიამ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული შეიარაღებისა და დაზვერვის ეფექტურობა, ამიტომ მტრის უპირატესობა არ უნდა შევამციროთ და ვეცადოთ მის გაუვნებლობას“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი.

ბრძოლა რუსული არტილერიის წინააღმდეგ

მესამე პრიორიტეტად ვალერი ზალუჟნი ასახელებს ბრძოლას მტრის არტილერიის წინააღმდეგ, ანუ კონტრსაბატარეიო ბრძოლას. იგი ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო დავალებების შესრულება ხშირად 80%-ით არის დამოკიდებული არტილერიის (ჰაუბიცების – სტაციონარული და თვითმავალი სახით) წარმატებით გამოყენებაზე. ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. დღეს უკრაინას აქვს როგორც საკუთარი („ბუკები“), ასევე დასავლეთის მიერ მიწოდებული (ATCAMS, Patriot და ა.შ.).

დანაღმული ველების გადალახვა

მესამე პრიორიტეტი დანაღმული ველების გადალახვის საშუალებების შეძენა. ომამდე უკრაინას ჰქონდა მსგავსი მოწყობილობები, მაგრამ მათი უმრავლესობა ან მოძველებული იყო, ან არ მუშაობდა. როცა დასავლეთის მიერ მიწოდებული ტანკები ბრძოლის ველზე იქნენ გაყვანილი, ისინი დანაღმულ ველებზე აფეთქდნენ. არსებული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალები არაფექტურები აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთმა ჰაერიდან დაიწყო ადგილების დანაღმვა. უკრაინას ჭირდება რადარები, რომლებიც დამალულ ნაღმებს იპოვიან თვალით უხილავი იმპულსური გამოსხივებით, ჭირდებათ წყალსატყორცნები და ნაღმების ამფეთქებელი კასეტური საბრძოლომასალები, ახალი ტიპის სამხედრო ექსკავატორები.

სამხედრო მოსამსახურეების რეზერვი

მეხუთე და ბოლო პრიორიტეტად უკრაინის არმიის მთავარსარდალი ასახელებს ადამანთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რესურსების შექმნას. რუსეთმა ვერ გამოიყენა სრულყოფილად თავისი უპირატესობა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით – ვლადიმერ პუტინმა ვერ გარისკა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რადგან ამით პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. მაგრამ არც უკრაინელები არ გამოირჩევიან დიდი წარმატებით არმიის ახალწვეულებით განმტკიცების სფეროში. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არის გაქცეული, ხოლო ვისაც ჯარში იწვევენ, მათი მომზადებაც პრობლემატურია – უკრაინის არმიას არ შეუძლია ფრონტიდან ზურგში ინსტრუქტორები გაგზავნოს ახალწვეულთა მხედრულად „აღსაზრდელად“. აუცილებელია აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც.

მოკლედ, გენერლის თქმით, რუსეთის სათანადოდ შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება. კრემლმა დიდი ზარალი განიცადა და უამრავი საბრძოლო მასალა დახარჯა, მაგრამ სიმართლე უნდა ვაღიაროთ: რუსეთს კიდევ დიდხანს ექნება უპირატესობა შეიარაღებაში, ტექნიკაში, რაკეტებში და ავიაციაში. რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა, სანქციების მიუხედავად, გამალებული ტემპებით მუშაობს და დიდი ხანია საომარ რელსებზეა გადაყვანილი. რასაკვირველია, ნატოს წევრი ქვეყნებიც სამხედრო მრეწველობაც მატულობს, ხდება მისი „გასამხედროებაც“, მაგრამ, რუსეთისაგან განსხვავებით,  ალიანსს ამისათვის დრო ჭირდება.

წყარო

“ზოგს სკოლები, ზოგს კი – რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?” -BBC

აზერბაიჯანის ქალაქი კახი საქართველოსთან საზღვრის ახლოს მდებარეობს, სადაც ქართველები ცხოვრობენ.ქართულ სკოლებში სწავლობენ და ქართულ ეკლესიებში დადიან (BBC Russian-ის წარწერა)

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის” რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ მასალას სათაურით „ზოგს სკოლები, ზოგს კი – რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?” (ავტორი – მაგერამ ზეინალოვი). პუბლიკაციაში ქართველების (ინგილოების) მდგომარეობაც არის მიმოხილული.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ეროვნული უმცირესობების წილი მხოლოდ 5%-ს შეადგენს (ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი მიუთითებს, რომ 2019 წელს მოსახლეობის აღწერა არაკეთილსინდისიერად ჩატარდა და ამიტომ ოფიციალური მონაცემების სისწორე საეჭვოაო), თანაც ზოგიერთებს – მაგალითად, რუსებს და ქართველებს, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარ ენაზე ისწავლონ და თავიანთი კულტურა განავითარონ.

რუსებს აზერბაიჯანის მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობებში რაოდენობით მესამე ადგილი უკავიათ, ლეზგებისა და თალიშების შემდეგ, (0,7% ანუ დაახლოებით 71 ათასი).
ქართველები შედარებით ცოტანი არიან – 8,4 ათასი ქართველი და 1,8 ათასი ინგილო (ინგილოები ქართველების ეთნოგრაფიულ ჯგუფია, რომლებიც საკუთარ თავს ასე უწოდებენ და ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე ლაპარაკობენ). როგორც რუსებს, ისე მათაც აქვთ თავიანთ ენაზე სკოლები და სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებითაც ისინი საქართველოდან მარაგდებიან.

ბაქოს თითქმის ყველა სკოლაშია დაშვებული რუსული ენის სწავლება, არსებობენ რუსულენოვანი უმაღლესი სასწავლებლები, მოსკოვის “ემგეუს” ფილიალი და კულტურული ცენტრები.

მიდგომებში განსხვავება იმით აიხსნება, რომ ქართველებს და რუსებს “პატრონი სახელმწიფოები” ჰყავთ, რომლებთანაც ბაქოს კარგი ურთიერთობები აქვს, ამიტომაც არ არსებობს პოლიტიზების რისკი ეთნიკური ნიშნით.

წყარო

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა.

უწყების ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, არ ვიცი რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც მან შეიძლება, ახსნას მომავალში მისი პოზიციის ტრანსფორმაცია-სარჯველაძე

სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, ცნობილია სხვა პოლიტიკური დაჯგუფებების დამოკიდებულებებიც საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკაფიოდ და არაორაზროვნად თქვა, რომ ის არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამ საკითხზე ნაფიქრი და ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არცერთი ვითარების შემთხვევაში, ის სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა.

„არ ვიცი რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც მან შეიძლება, ახსნას მომავალში მისი პოზიციის რაიმე ტრანსფორმაცია. თუმცა, მესმის ისიც, რომ ოპოზიციაში იქნებიან ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ცდილობს სააკაშვილის ელექტორატი რაღაც ფორმით საკუთარ მომხრეთა რიგში ჩააყენოს. ამიტომ, სააკაშვილის გულშემატკივრობის დემონსტრირება მათთვის შეიძლება, აქტუალური იყოს. ის პოლიტიკური ძალები, ვის მოსაზებასაც შეიძლება, ახმოვანებდეს ბატონი გვარამია, ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის. რა თქმა უნდა ეს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი და მისი გულშემატკივრებია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარტია „ლელო“ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას მართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად პარტია „ლელო“ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სოლიდარობის აქციას მართავს.

მათ ხელში უჭირავთ ბანერი, წარწერით, „სოლიდარობა ირაკლი ბაბუას”.

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ირაკლი ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის და ღირსების საქმეა.

„ჩვენ, „ლელო”, ირაკლი ბებუასა და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის იზოლატორებში იმყოფებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ. ირაკლი ბებუას და ქრისტინა თაკალანძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას. სახელმწიფოს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე გააძლიეროს. ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის, ღირსების საქმეა. საჭიროა, რომ ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენონ, ამის ბერკეტები აქვთ განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს. თუ ისურვებენ, იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა და პატრიოტული სულისკვეთება, ეს ადამიანები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის” მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

„TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სრულად დაფინანსებულ, ტექ-პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

iOS Development, კიბერუსაფრთხოება, DevOps, ინფორმაციული უსაფრთხოება, Python, React, Blockchain – ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლას, 18 წელს ზევით ყველა მსურველს, თიბისი USAID-თან პარტნიორობით გთავაზობთ. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

1-დან 25 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

  1. DevOps – https://forms.office.com/e/C97JLKgStY
  2. Blockchain – https://forms.office.com/e/7eepMNKH26
  3. კიბერუსაფრთხოება – https://forms.office.com/e/Lnu5mKR7YB
  4. ინფორმაციული უსაფრთხოება – https://forms.office.com/e/RQkn5wMcRn

 

ნოემბრის ბოლოდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ პროგრამებზე:  iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django);

კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით, 3-6 თვეა. სწავლა 2024 წლის თებერვალში დაიწყება.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

„თიბისიმ IT აკადემია 2019 წელს შექმნა. აქ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს  შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის მანძილზე 1,000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და რაც ძალიან გვახარებს, 300-ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული დღეს თიბისისა და შვილობილ კომპანიებში მუშაობს. USAID-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში საშუალება გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გავზარდოთ და გავაძლიეროთ საქართველოში IT ეკოსისტემა” – თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.

(R)

რაზე იმსჯელებს დღეს სინოდი – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგადად მიმდინარე ომის საკითხს გამოეხმაურონ.
„ომი ისეთი თემაა, რომ გლობალურია, ძალიან მასშტაბური და ყველას გვეხება. არ არის გამორიცხული, რომ ამას გამოეხმაუროს სინოდი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, თვითონ მეუფე შიოს ჰქონდა თუ არა სურვილი, რომ ყველა ეპისკოპოსი დასწრებოდა სინოდის დღევანდელ სხდომას, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები.
„მე არ მესმის, რისი მომტანია ეს სპეკულაციები. მთავარი თემა არის ის, რომ პატრიარქი იწვევს სინოდს და არა მეუფე შიო და თუ იწვევს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა მოვიდეს, სადაც არ უნდა იყოს. სინოდის სხდომაზე არდასწრება უნდა იყოს საპატიო მიზეზით განპირობებული. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, თუკი პატრიარქის მოწვევა მიიღეს და ჩათვალეს, რომ უნდა ჩამოვიდნენ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ მეუფე შიოს არ მოუწვევია”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება ცალკეული თეოლოგების განცხადებებს, ჯაღმაიძის თქმით, მათი განცხადებები არ არის საინტერესო, რადგანაც მუდმივად ისმის სპეკულაციები.
“სულ რაღაცა პროგნოზებია, რომელიც რაღაც სკანდალს ემსახურება, სხვა არაფერს”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.b

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიას მიმართავენ

170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მათივე განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ქართველ ხალხს დაეხმარება, უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია – დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.

ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად – მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.

ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.

ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.

მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ტაილანდმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა

ტაილანდმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტაილანდის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას ტაილანდის პარლამენტის სპიკერის მიერ შექმნილმა სამკაციანმა გუნდმა თეირანში მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა.

„მე მათ მძევლების გათავისუფლება ვთხოვე, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან. დამარწმუნეს, რომ მათზე კარგად ზრუნავენ, მაგრამ გათავისუფლების თარიღი ვერ მითხრეს, ისინი შესაფერის დროს ელოდებიან“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არიპენ უტარასინმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად ტაილანდის 32 მოქალაქე დაიღუპა და 19 დაიჭრა.